„მთავარი და გადამწყვეტი არის ის, რომ ჩვენ ვართ ოფიციალურად დამოუკიდებლები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ დამოუკიდებლობას შევინარჩუნებთ სამარადისოდ. ძალა, რომელსაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღარ უნდა, დაქანებულია თავქვეშ, ეს არის რუსეთი. სხვა ჩვენი მეზობლებიც, რომლებიც ჩვენს მიმართ ძალიან აგრესიულები არიან, დამარცხების გზაზე დგანან. ამიტომ არის პერსპექტივა, გარანტირებული პერსპექტივა, რომ ბოროტების იმპერია აღარ აღდგება არასოდეს“, - თქვა ნოდარ ნათაძემ 2016 წელს რადიო თავისუფლების ეთერში.
ნოდარ ნათაძე პოლიტიკაში ახალგაზრდა ჩაერთო. საბჭოთა კავშირის დაშლამდე ეს დისიდენტური მოძრაობა იყო, მოგვიანებით საკუთარი პარტია „სახალხო ფრონტი“ ჩამოაყალიბა. იყო უზენაესი საბჭოს დეპუტატი. 1991 წლის 9 აპრილს მან და მისმა ტყუპისცალმა მაია ნათაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი ერთად მოაწერეს.
როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველმა დამოუკიდებელმა ხელისუფლებამ დიდხანს ვერ გაძლო ხელისუფლებაში და სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო, ნოდარ ნათაძე ღიად მოუწოდებდა ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომას. წლების შემდეგ მან გულწრფელად აღიარა, რომ მაშინ შეეშალა.
„სინანულით ამბობდა, რომ მცოდნოდა, რომ დამოუკიდებლობას ასე მალე მივიღებდით, ქეიფში უნდა გაგვეტარებინა ის დღეები და არა დაპირისპირებაშიო. არ უნდა დამეწყო მაშინ ეგზისტენციალურ თემებზე კამათი ზვიადთან და რუსული ძალების წინააღმდეგ უფრო დავრაზმულიყავითო“, - იხსენებს გოგი სორდია, რომელიც 1995 წლიდან 2012 წლამდე „სახალხო ფრონტის“ აღმასრულებელი მდივანი იყო.
ნოდარ ნათაძე ერთ-ერთი ხმაურიანი და გამორჩეული დეპუტატი იყო შევარდნაძის დროინდელ პარლამენტშიც. ერთი-ორჯერ მის გამოსვლას პარლამენტში არეულობაც მოჰყვა. სათქმელს ყოველთვის მიკიბ-მოკიბვის გარეშე ამბობდა, მაშინაც კი, თუ ეს პოლიტიკურად ნაკლებად აძლევდა ხელს.
გოგი სორდია ამბობს, რომ ნოდარ ნათაძე არ იყო პოლიტიკოსი თანამედროვე გაგებით, ის არასოდეს ეძებდა დამფინანსებელს, პოლიტიკურ პარტნიორებს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მისი წესიერებისა და პატრიოტიზმის ყველას სჯეროდა, არჩევნების დროს მარცხდებოდა ხოლმე.
„ის ქვეყანამ ვერ გამოყენა ისე, როგორც შეეძლო გამოეყენებინა. 1995 წლიდან, შევარდნაძის აღზევების პერიოდში კორუფციამ დაისადგურა, არჩევნები ყალბდებოდა. ბატონო ნოდარი კი იყო ამ არჩევნებში ჩართული, მეორე ტურშიც გასულა, მაგრამ ამ უთანასწორო ბრძოლაში მაინც დამარცხდა. მას ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა ჰქონდა. ბევრი ადამიანი გაზარდა, მათ შორის პარლამენტის წევრებიც. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგია აქვს დაწერილი, რომელსაც გაზეთ „საქართველოს“ სპეციალური ნომერი მიეძღვნა.
გულიანი იყო, ვინც შეხვდებოდა, ყველას უკვირდა, ბატონო ნოდარ, რა თბილი ადამიანი ყოფილხართო. მაგრამ როცა ქვეყნის ინტერესებს ეხებოდა საქმე, შეუვალი ხდებოდა... სურათს რომ იღებდა, არ იღიმებოდა, ჩემი ქვეყანა რა მდგომარეობაშიცაა, მეც იმ მდგომარეობაში უნდა ვჩანდეო“.
საღი გონება სიცოცხლის ბოლომდე
პოლიტიკის პარალელურად ნოდარ ნათაძე მთელი ცხოვრება მეცნიერებაში იყო ჩართული. პროფესიით ფილოლოგი ძირითადად „ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობდა. დაწერილი აქვს: „ვეფხისტყაოსნის“ ფილოსოფიური მოტივები“, „შოთა რუსთაველი და მისი პოემა“, „რუსთველური მიჯნურობა და რენესანსი“... მისი ნაშრომები ეხება უფრო ფილოსოფიურ თემებსაც, მაგალითად: „მიზეზობრიობა და თავისუფლება“, „თომა აქვინელის ფილოსოფია“, „ერი და ეროვნული კულტურა“...
„სიცოცხლის ბოლომდე აზროვნება არ დაუკარგავს. ნაშრომებს წერდა. ბოლოს, 90 წლისამ ქართველურ ენებზე დაწერა წიგნი. სულ უნდოდა კიდევ რაღაც მოესწრო, დაეტოვებინა მეცნიერებისთვის. შვილებმა მითხრეს, დილის 6 საათზე წვებოდა და ამან გამოფიტა, თორემ სასიკვდილო არაფერი სჭირდაო“, - ამბობს გოგი სორდია.
ომში უბრალო ჯარისკაცად
როდესაც 1992 წელს აფხაზეთში ომი დაიწყო, ნოდარ ნათაძე 64 წლის იყო. ავტომატი აიღო და ომში რიგით ჯარისკაცად წავიდა. პოლკოვნიკი დავით ხომასურიძე იხსენებს, რომ ის არასოდეს იყენებდა თავის ავტორიტეტს და ცდილობდა მართლაც უბრალო ჯარისკაცივით ემსახურა.
„ჩვენ თავად ვერიდებოდით, რამე დაგვევალებინა, მაგრამ... ყველაზე წინ მიდიოდა, ამბობდა, თუ ჩვენები შეგვხვდებიან, მიცნობენ და აღარ გვესვრიან, თუ მტერი შეგვხვდება, პირველ ტყვიას მე მივიღებო“, - იხსენებს დავით ხომასურიძე და ერთ კურიოზულ შემთხვევას ჰყვება.
ჯარისკაცები ერთად სადილობდნენ, როდესაც ოთახში გენერალი შემოვიდა, ნათაძე დაინახა და გადაწყვიტა, ცალკე მიეპატიჟებინა.
„ვიცოდი რაც მოხდებოდა, მაგრამ მაინც ვუთხარი, მიდი, სცადე-მეთქი. მივიდა და ის იყო უნდა უთხრას, ბატონო ნოდარ, წამობრძანდითო, რომ ნოდარი უცებ ადგა, გაიჭიმა, „ჩესტი“ აუღო და დაიძახა „რიგითი ნათაძე გისმენთ“...
კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც დავით ხომასურიძეს დაამახსოვრდა, უკვე ომის რეალობიდანაა. ნოდარ ნათაძე ბრძოლის დროს რამდენიმე ჩრდილოკავკასიელის წინაშე აღმოჩნდა.
„2-3 ბიჭი იყო, ბატონმა ნოდარმა, დაყარეთ იარაღიო, დაუძახა, იმათ დაიყვირეს, ალყაში ხართ და დაგვნებდითო. ნათაძემ, ისევ, დაყარეთ იარაღიო. არ დაემორჩილნენ. მესამედ აღარ გაუმეორებია, გაუხსნა ცეცხლი და ყველანი დახოცა. შემდეგ მითხრა, ისეთი ახალგაზრდები იყვნენ, ვერ მივედი ახლოს. არ მინდოდა მათი სახეები მენახაო“.
1993 წლის 27 სექტემბერს ქართულმა ჯარმა სოხუმი მოსახლეობასთან ერთად დატოვა. ნოდარ ნათაძე ერთ-ერთი იყო, ვინც სხვებივით საკენი-ჭუბერის უღელტეხილს დაადგა და ბოლომდე ფეხით იარა. მოგვიანებით ეს დღეები მან რადიო თავისუფლებასთან გაიხსენა.
Your browser doesn’t support HTML5
უკვე თბილისში ნოდარ ნათაძეს ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ჟურნალისტმა უთხრა, ბატონო ნოდარ, თქვენ ამბობდით, აფხაზეთი თუ დაიკარგება, თავს მოვიკლავ, მაგრამ ჯერაც ცოცხალი ხართო.
„ეს იმიტომ, რომ მჯერა, აფხაზეთი სამუდამოდ არ დაგვიკარგავს“, - უპასუხა მან.