სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ გამოავლინეს ჯგუფი, რომელიც საქართველოში ისრაელის მოქალაქის მოკვლას გეგმავდა. ამ საქმეზე საქართველო-ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
"გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები. იდენტიფიცირებული არიან უცხოეთში მყოფი ორგანიზატორები, მათ შორის დადგენილი არიან მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი ირანის მოქალაქე და სხვა მონაწილე პირები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები", - აცხადებენ სუსში.
საგამოძიებო უწყება დანაშაულის ქრონოლოგიას ასე აღწერეს:
- საქართველოში გამოიგზავნა პაკისტანის მოქალაქე, რომელსაც დავალებული ჰქონდა ისრაელის მოქალაქის მოკვლა;
- პაკისტანის მოქალაქეს ჩაუტარდა საჭირო ინსტრუქტაჟი და მიეწოდა ინფორმაცია ისრაელის მოქალაქის შესახებ - "მას დახვდა დაქირავებული ბინა და გადაეცა კონსპირაციული კავშირის საშუალებები";
- იარაღის მიწოდების ნაწილში ჩაერთო საქართველოში მცხოვრები ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისგან შემდგარი ჯგუფი;
- კვალის დასაფარად, ჯგუფის წევრები ერთმანეთს პირისპირ არ ხვდებოდნენ - ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის გადაცემა ხდებოდა ქალაქში მოწყობილ სამალავებში.
"საქმეზე მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების პროცესში ხორციელდება დანაშაულში მონაწილე და ხელშემწყობი სხვა პირების გამოვლენა და იდენტიფიცირება", - აღნიშნეს საგამოძიებო უწყებაში.