CIA-ის დირექტორმა რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელი გააფრთხილა ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგებზე

უილიამ ბერნსი, შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) დირექტორი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა 14 ნოემბერს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი გააფრთხილა იმ შედეგებზე, რომლებიც მოჰყვებოდა რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე - ამ ცნობას ავრცელებს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალური წარმომადგენელი.

პირი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტედ პრესს" ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, ამბობს, რომ ბერნსსა და ნარიშკინს თურქეთში, ანკარაში გამართულ ამ შეხვედრაზე არ ულაპარაკიათ უკრაინაში ომის გადაწყვეტის გზებზე. შეხვედრამდე, თეთრი სახლის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ბერნსი გეგმავდა რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელების, კალათბურთელ ბრიტნი გრაინერისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ყოფილი წევრის, პოლ უილენის საკითხის წამოჭრას. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, პატიმართა გაცვლის ოპერაცია შედგეს რუსეთთან.

ბერნსისა და ნარიშკინის მოლაპარაკება იყო ამ რანგის მაღალჩინოსანთა პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა.

ოფიციალური პირის თქმით, უკრაინის წარმომადგენლებს ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს ბერნსის თურქეთში ჩასვლამდე.

თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუ" იუწყება, რომ შეხვედრის მასპინძელი იყო თურქეთის სადაზვერვო სააგენტო MIT.