აშშ-ის და ჩინეთის პრეზიდენტები შეეცადნენ ცივი ომის რიტორიკის შესუსტებას მნიშვნელოვან სამიტზე

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შეეცადნენ თავიანთ სახელმწიფოებს შორის დაძაბულობის შემსუბუქებას სამდღიან სამიტზე, რომელზეც უკრაინასთან მიმართებით საერთო მიდგომა გამოიკვეთა, თუმცა მკაფიო გახდა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის რჩება აზრთა მნიშვნელოვანი განსხვავებები.

შეხვედრიდან გამოსვლისას, ბაიდენმა განაცხადა, რომ ახალი ცივი ომის საჭიროება არ დგას. ორივე ლიდერმა ისაუბრა სურვილზე, დაძაბულობა არ გადაიზარდოს კონფლიქტში.

სი ძინპინმა ჯო ბაიდენს უთხრა, რომ ორ ქვეყანას საერთო ინტერესი უფრო მეტი აქვს, ვიდრე - ნაკლები, იუწყება ჩინეთის მხარე. ეს განაცხადი გაცილებით უფრო შემრიგებლურია, ვიდრე განცხადებები, რომლებიც პანდემიის სამი წლის განმავლობაში, პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის გარეშე კეთდებოდა ხოლმე.

"მსოფლიო ელის, რომ ჩინეთი და აშშ კარგად გაართმევენ თავს თავიანთ ურთიერთობას", - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მის ქვეყანას არ სურს აშშ-სთვის იყოს გამოწვევა ან "შეცვალოს არსებული საერთაშორისო წესრიგი".

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომისა და ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეფარული მუქარის შესახებ პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ბირთვული ომი არ უნდა მოხდეს და რომ ამგვარ ომში გამარჯვება შეუძლებელი იქნება, იუწყება თეთრი სახლი.

ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის უთანხმოება დარჩა ტაივანის საკითხზე.

ტაივანის გარშემო დაძაბულობა გაზრდილია მას მერე, რაც ჩინეთმა აგვისტოში მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩაატარა, რასაც წინ უძღოდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანში - თვითმმართველ დემოკრატიულ კუნძულზე, რომელსაც ჩინეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს.

სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტს უთხრა, რომ ტაივანი არის "პირველი წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობაში", - იუწყება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ბაიდენის თქმით, ის ტაივანთან მიმართებით ცვლილებების წინააღმდეგია - მანამდე აშშ-ის ლიდერს ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ ვაშინგტონი მზადაა, კუნძული სამხედრო ძალით დაიცვას. ბაიდენმა "უთანხმოება" გამოხატა ჩინეთის "ძალისმიერ და სულ უფრო აგრესიულ ნაბიჯებზე ტაივანის მიმართ, რომლებიც ძირს უთხრის მშვიდობას და სტაბილურობას ტაივანის სრუტის გასწვრივ და უფრო ფართო რეგიონში, და საფრთხეში აგდებს გლობალურ კეთილდღეობას", - იუწყება თეთრი სახლი.

პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა ინდონეზიის კურორტ ბალიში, დიდი ოცეულის (G20) სამიტის პარალელურად.