რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიაში მისი ჰოსპიტალიზაციის შესახებ. დღეს, 14 ნოემბერს ლავროვმა რუსულ სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ სასტუმროში იმყოფება და „დიდი ოცეულის“ ხვალინდელი სამიტის მასალებს კითხულობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასავლელ ჟურნალისტებს "მეტი პატიოსნება" ურჩია.
ინფორმაცია, რომ სერგეი ლავროვს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ჩასვლის შემდეგ, გულის პრობლემების გამო საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა, სააგენტო Associated Press-მა გაავრცელა სამიტის მასპინძელი ინდონეზიის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
ბალიზე „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტი ხვალ, 15 ნოემბერს იწყება. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა. მოსკოვის დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი, რომელიც ინდონეზიაში 13 ნოემბერს ჩავიდა.