ნატა ფერაძე ავტომობილის დაზიანების საქმეზე: "პატრული გაქრა... მაგრამ არ შევეშვებით"

ნატა ფერაძის მანქანა

აქტივისტი ნატა ფერაძე ავრცელებს განახლებულ ინფორმაციას თავისი ავტომობილის დაზიანების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ და ამბობს, რომ გამოძიება საქმეს აჭიანურებს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მას შემდეგ, რაც უარი თქვა თანხაზე, რომელიც სავარაუდო დამნაშავეების „მშობლებმა შესთავაზეს“, მას სამართალდამცავები აღარ დაჰკავშირებიან და აღარ აწოდებენ ინფორმაციას ავტომობილის დაზიანების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ:

„მას მერე, რაც არ დავთანხმდი "ბავშვებისგან", კი არა და მათი "კაი მშობლებისგან" ფულის აღებას კანონიერი და კუთვნილი პროცედურების გარეშე, რაც მოიაზრებს ჩემს დაზარალებულად ცნობას, რის მერეც გვექნება წვდომა საქმის მასალაზე და შევიტყობთ "ბავშვიკების" ვინაობას და მოტივს, პატრული უბრალოდ გაქრა. აორთქლდა. წერილობით მივმართავთ ადვოკატი ნესტან ლონდარიძე და მე, არ შევეშვებით“.

როგორც ნატა ფერაძის ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, 14 ნოემბერს ის წერილობით მოითხოვს გამოძიებისგან ნატა ფერაძისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას:

„რამდენიმე დღის წინ დაგვიბარა გამომძიებელმა და გვითხრა, „ბავშვებს“ „კარგი მშობლები“ აღმოაჩნდა და მზად არიან, ზიანი აანაზღაურონო და ნატა ფერაძეს სთხოვეს დაეწერა, რომ ის თანახმა იყო ზიანის ანაზღაურებაზე და რომ მათ მიმართ პრეტენზია აღარ ექნებოდა. ჩვენ ამის შესახებ უარი განვაცხადეთ, რადგან, პირველ რიგში, ნატა ფერაძემ უნდა მიიღოს დაზარალებულის სტატუსი და მოვითხოვეთ კონკრეტულად იმ გამომძიებელთან შეხვედრა, რომელმაც დაიწყო საქმეზე გამოძიება. გამომძიებელმა გვითხრა, რომ ნატა ფერაძეს დაზარალებულად ცნობდა და ამის შემდეგ შეგვეძლო მიგვეღო გადაწყვეტილება, დავთანხმდებოდით თუ არა ზარალის ანაზღაურების პროცედურას, რაზეც ვუპასუხეთ, რომ, პირველ რიგში, ნატა ფერაძე აუცილებლად უნდა იქნას დაზარალებულად ცნობილი, ხოლო იმ ორ პირს, ვინც ავტომობილი დააზიანა, ბრალი უნდა წაუყენონ. ჩვენ გასულ კვირაში ველოდებოდით, რომ ნატა ფერაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებოდა, მაგრამ ეს პროცესი ჭიანურდება. ამიტომ იძულებული ვარ, რომ ორშაბათს წერილობით მოვითხოვო დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. გამოძიებისთვის ცნობილია, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც მანქანა დააზიანეს. მას შემდეგ, რაც მოგვენიჭება დაზარალებულის სტატუსი და გადმოგვეცემა საქმის მასალები, ამის შემდეგ ჩვენთვისაც გახდება ცნობილი მათი ვინაობა“.

საქმეზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

22 ოქტომბერს სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა ფოტო და ვიდეომასალა, რომელშიც ასახული იყო მის მანქანაზე უხამსი წარწერების გაკეთების პროცესი და შედეგი. ნატა ფერაძე ამას თბილისის მერის მიმართ კრიტიკასა და "ალტ-ინფოს" წინააღმდეგ გამოხატულ პოზიციას უკავშირებდა.

26 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნატა ფერაძის მანქანაზე უხამსი წარწერების გაკეთება მასზე თავდასხმად შეაფასა და მოუწოდა საგამოძიებო ორგანოებს, ჩაატარონ დროული და ყოვლისმომცველი გამოძიება და პასუხისმგებლობა დააკისრონ იმ ადამიანებს, რომლებმაც წარწერები დატოვეს.