ზელენსკის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში გათავისუფლებულია 60 დასახლებული პუნქტი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში გათავისუფლებულია 60 დასახლებული პუნქტი.

ამის შესახებ ზელენსკიმ 12 ნოემბერს ღამის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხერსონიდან უკან დახევისას, რუსეთის არმიამ სრულად გაანადგურა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

„საღამოს მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტროლი დაამყარეს ხერსონის ოლქის 60 დასახლებულ პუნქტზე. პოლიციამ დაიწყო სტაბილიზაციის ღონისძიებები. თავად ხერსონშიც გრძელდება სტაბილიზაციის ღონისძიებები. ოკუპანტებმა გაქცევამდე გაანადგურეს მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა – კავშირგაბმულობა, წყალმომარაგება, გათბობა, ელექტროენერგია. რუსებს ყველგან ერთნაირი მიზანი აქვთ - ხალხის ტანჯვა და დაცინვა, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს აღვადგენთ“.

ზელენსკის განცხადებითვე, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონში უკვე აღმოაჩინეს 2000-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა და ნაღმი. ის მოუწოდებს მოქალაქეებს, არ შეამოწმონ საეჭვო ნივთები თვითნებურად.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ხერსონის მსგავსად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებს აუცილებლად შეხვდებიან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის მცხოვრებლებიც.

„ასე იქნება ხერსონის ოლქში მდებარე გენიჩესკშიც, მელიტოპოლშიც. ყველა ჩვენს ქალაქსა და სოფელში მოვალთ, მოვალთ დონბასშიც. აუცილებლად ვნახავთ, თუ როგორ შეხვდებიან დროშებით ხელში უკრაინულ ძალებს ყირიმში. უკრაინულ დროშებს იქაც ინახავენ და ასობით მოქალაქე გამოვა ქუჩებში ყირიმის გათავისუფლების დღეს“.

ხერსონი რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული რუსეთის ჯარებს. ქალაქიდან მათი წასვლა დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა შეაფასეს უკრაინის „განსაკუთრებულ გამარჯვებად“ და მოსკოვის „სტრატეგიულ მარცხად“.