ერთი სიმართლის დრო

„დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ (2022, გერმანია, „ნეტფლიქსი“, რეჟისორი ედვარდ ბერგერი)

ერიხ მარია რემარკის რომანი (სხვათა შორის, წიგნის პირველი ქართული თარგმანი კონსტანტინე გამსახურდიას ეკუთვნის) კიდევ ერთხელ გააცოცხლეს კინოში. გერმანული პაციფიზმის ლიტერატურული სიმბოლოს ახალი ეკრანიზაცია ზუსტად იმ დროს დაასრულეს, როცა უნდა დაესრულებინათ. ედვარდ ბერგერის ნამუშევარი შედევრი არაა, მაგრამ შესაძლებელია, ყველაზე ადეკვატური ფილმია 2022 წლის კინოში. ადეკვატური და აქტუალური. როცა ომს ევროპაში ლამის პირდაპირ ეთერში ვუყურებთ, როცა ჩვენი ფიქრები უკრაინისკენ არის მიმართული, ნამდვილად საინტერესოა, როგორ წაიკითხა დღეს ევროპელმა რეჟისორმა წიგნი, რომელიც ერთ-ერთი პირველი შეეწირა ნაცისტების იდეოლოგიას. შეეწირა იმიტომ, რომ პაციფისტური რომანია.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფილმში რომანის რამდენიმე მნიშვნელოვანი ხაზი დაიკარგა. ეკრანიზაციების განხილვისას კი უყვართ კინოს შედარება ლიტერატურულ პირველწყაროსთან. რაღაცნაირად ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ ეკრანიზაცია იშვიათად, ძალიან იშვიათად უახლოვდება ხოლმე ორიგინალის დონეს. ბერგერის ფილმი რემარკის რომანის არაერთმა მოყვარულმა „გამოტოვების“ გამო დაიწუნა. ფილმში ვერ ნახავთ რომანისთვის მნიშვნელოვან ეპიზოდებს - გერმანელებს ზურგში, გამოცდილი ჯარისკაცების ურთიერთობას ერთმანეთთან, ომის დაწყების ამბებს... ფილმის მსვლელობის პროცესში ძალიან ცხადი ხდება, რომ ავტორებმა სრულიად პრინციპულად შეაჩერეს არჩევანი მთავარ გმირზე - პაულ ბოიმერზე, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს 18 წლის ასაკში გაიწვიეს ჯარში და დასავლეთის ფრონტზე გადაისროლეს. სარისკო გადაწყვეტილება იყო თეატრის მსახიობის ფელიქს კამერერის მოწვევა ამ როლზე, მსახიობისა, რომელსაც მიუხედავად ქარიზმისა, კინოკამერასთან მუშაობის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. რემარკის რომანის ეს ეკრანიზაცია ხომ ერთი მსახიობის ერთგვარი ბენეფისია - გულუბრყვილო კაცისა, რომელიც ხანდახან მართლა იმ ბავშვს ჰგავს, შემთხვევით რომ აღმოჩნდა ომის ჯოჯოხეთში. მაგრამ რისკმა გაამართლა - ამ ახალგაზრდა მსახიობისთვის უცხოა არა მარტო კამერა, რომელიც თითქმის მთელი ფილმის მსვლელობის მანძილზე უთვალთვალებს, არამედ გარემო, რომელშიც ხვდება. არსებითად ხომ ამ გაუცხოებას ეძღვნება რემარკის რომანი. ჩვენ ყველას, გამუდმებით გვაიძულებენ, რომ ვიომოთ. თანაც გვაიძულებს სწორედ ის ხალხი, ვინც ასევე გამუდმებით იმეორებს: „არ გვინდა ომი!“

რემარკის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი ნამდვილად არა ვარ. ჩემი აზრით, „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, ცოტა არ იყოს, სცოდავს ფორსირებული ჰუმანიზმით, რომელიც ასე უყვართ თუნდაც ჰოლივუდში, სადაც აქამდე ორჯერ მიმართეს რომანის ეკრანიზაციას. პირველად, არც მეტი, არც ნაკლები - 1930 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა რომანი ახალი გამოცემული იყო. ნაცისტები ხელისუფლებაში არ იყვნენ, მაგრამ გერმანიაში ლუის მაილსტოუნის სურათი პრემიერის პირველსავე დღეს მოხსნეს ეკრანებიდან (რემარკის რომანის ეს ეკრანიზაცია 2 ოსკარით აღინიშნა). მეორე ეკრანიზაცია, დელბერტ მანის სატელევიზიო ვერსია, ასევე წარმატებით გავიდა 1979 წელს. თუმცა მას შემდეგ, რაც რომანი გამოიცა, ყოველთვის იყო მოლოდინი, რომ რემარკის ნაწარმოებს თავად გერმანელი კინემატოგრაფისტები შეეჭიდებოდნენ. იმის იმედით, რომ ამბავი განთავისუფლდებოდა წყალწყალა სენტიმენტალიზმისგან და სწორედ გერმანელები შეძლებდნენ „ისტორიკული ცოდვის“ უკომპრომისო გააზრებას რემარკის ტექსტის დახმარებით. იმხანად, როცა რომანი გამოიცა, გერმანიამ არ იცოდა, რომ ცოტა ხანში უკვე ახალ თაობას ელის განსაცდელი - ნაციზმი და მეორე მსოფლიო ომი. ასე რომ, რემარკის წიგნისგან განსხვავებით, გერმანელი კინემატოგრაფისტების ეს ახალი ფილმი (გერმანიამ „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ ამერიკულ „ოსკარზე“ წარადგინა) არაა უბრალოდ პაციფისტური ისტორიული ფილმი. მეტიც, კონკრეტიკა, რეალური ფაქტები, რაც ასე ძალიან მნიშვნელოვანია რემარკის ტექსტში, ბერგერთან მინიმუმამდეა დაყვანილი. განზოგადებისკენ მიდრეკილება, ერთი მხრივ, აზიანებს ამბავს - მუსიკა, რომელიც თითქმის არ წყდება ფილში, ილუსტრაციას უფრო ჰგავს, ვიდრე დრამატურგიის ორგანულ ნაწილს. მეტიც, დატვირთვას ერთ მთავარ გმირზე უძლებს მსახიობი, მაგრამ არა მთლიანად ფილმი - ნაძირალა გენერლები, რომლებიც ჯარისკაცებს აშიმშილებენ, შესაძლებელია „აქტუალური სახეებია“ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მაგრამ მაინც მეტისმეტად კარიკატურულები არიან იმისთვის, რომ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ.

მიუხედავად ამისა, ფაქტია - პირადი ისტორია ფილმის მსვლელობის პროცესში თანდათან განზოგადდება გლობალური, სოციალური თემებით და დასრულდება ძალიან საინტერესო ფინალით, რომლის გამოც ღირს რემარკის წიგნის ახალი ეკრანიზაციის ნახვა.

ამერიკული კინოვერსიებისგან განსხვავებით, ბერგერის ფილმში სრულიად გაქრა პათეტიკა და აქცენტები მეომართა გმირობაზე. მთელი სიმძიმე გადავიდა ომის ატმოსფეროს შექმნაზე, თანაც იმ ომისა, რომელსაც გერმანია აგებს. ამ ამბებიდან ერთი წლის შემდეგ გერმანია ხელს მოაწერს კაპიტულაციაზე.

დიახ, ერთი მხრივ, სურათის ავტორი ცდილობს ახლებურად გაიაზროს გერმანელთა ისტორიული ტრავმები და, მეორე მხრივ... აბა, რა არის ამაზე უფრო აქტუალური დღეს მთელი ევროპისთვის? ეს ხომ ჩვენი დღევანდელობაა - ეს გაუწვრთნელი, მშიერი ჯარისკაცები, ეს ტალახი და სიბინძურე, ეს ორმაგი ძალადობა - ომი მტერთან და ომი თანამემამულე გენერლებთან. შეიძლება ბევრი გაღიზიანდეს იმით, რომ რემარკის წიგნის ამ ახალ ეკრანიზაციაში თითქმის არაა მსჯელობა ომის მიზეზებზე, მისი განვითარების ლოგიკაზე... არაა ე.წ. ორი სიმართლე, რომელსაც ასე მიგვაჩვიეს ევროპულ ანტისაომარ ფილმებში. მე პირადად, ყველაზე მეტად სწორედ ეს მომწონს ბერგერის ფილმში. ჩვენ დღეს არ ვცხოვრობთ „ორი სიმართლის“ ეპოქაში.