პუტინმა ინდონეზიაში წასვლაზე უარი თქვა და "დიდი ოცეულის" სამიტზე ლავროვს აგზავნის

ფოტო არქივიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პრეზიდენტ პუტინის ფოტოპორტრეტის ფონზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ გაემგზავრება ინდონეზიაში, რომელიც მომავალ კვირაში უმასპინძლებს „დიდი ოცეულის“(G20) წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტს. პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა დღეს, 10 ნოემბერს, სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ რუსეთს სამიტზე წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

სამიტის მასპინძელი ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ 9 ნოემბერს არ გამორიცხა სამიტში პუტინის ონლაინ მონაწილეობა. ინდონეზიაში რუსეთის საელჩოში ტელეკომპანია CNN-ს განუცხადეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„დიდი ოცეულის“ სამიტზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეებს ონლაინ მიმართავს. 3 ნოემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიტში მონაწილეობაზე უარს იტყვის, თუ მას პრეზიდენტი პუტინი დაესწრება.

"დიდი ოცეულის" წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება ინდონეზიის კუნძულ ბალიზე. G20-ის შემადგენლობაში არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, ჩინეთი, მექსიკა, რუსეთი, თურქეთი, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი და ევროკავშირი.