უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების სარდალმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შესთავაზა, ხერსონის ოლქში ჯარები მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაიყვანონ. ეს ნიშნავს ქალაქ ხერსონის ჩაბარებას. შოიგუ დათანხმდა ამ წინადადებას და განკარგულება გასცა, ჯარები დნეპრის მეორე მხარეს გადაიყვანონ.
შოიგუსადმი თავის მოხსენებაში, რომელიც რუსეთის ტელევიზიით გადაიცა, სუროვიკინმა დაასახელა მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე რუსეთის სამხედრო დაჯგუფების მომარაგების პრობლემები. მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ჯარების ნაწილი სხვა მიმართულებებზე ამოქმედდება. სუროვიკინის თქმით, დნეპრზე პოზიციები გამაგრებულია.
ოქტომბრის მეორე ნახევარში რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ დნეპრის მარჯვენა სანაპიროს მცხოვრებლებს შესთავაზა, მარცხენა სანაპიროზე გადასულიყვნენ.
სუროვიკინმა ასევე განაცხადა, რომ ხერსონის ბედთან დაკავშირებით შესაძლებელია „არამარტივი გადაწყვეტილებები“. ხერსონიდან ევაკუირებულია რუსეთის სახელმწიფო დაწესებულებები, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის მოღვაწეთა ძეგლები, თავად გრიგორი პოტიომკინ-თავრიდელის ნეშტი. ადმინისტრაციული შენობებიდან ჩამოღებულია რუსეთის დროშები. ამასთან, უკანასკნელ მომენტამდე აცხადებდნენ, რომ ქალაქი თავდაცვისთვის ემზადება.
ოთხშაბათს, სუროვიკინის გამოსვლამდე გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის ჯარების იერიშის შესახებ ნიკოლაევის რაიონის სოფელ სნიგირიოვკის რაიონში, ხერსონიდან ჩრდილოეთით. იტყობინებიან ასევე, რომ რუსეთის სამხედროებმა მდინარე დნეპრზე რამდენიმე ხიდი ააფეთქეს.