რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელმა, ალექსანდრ ხარიჩევმა, თანაავტორებთან ერთად, „პოლიტიკური კვლევების ჟურნალის“ 2022 წლის III ნომერში, გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, რომელშიც მოხაზულია მომავლის რუსეთის სახე, გაჯერებული მოუთოკავი ოცნებებით, მყარად ფესვგადგმული კლიშეებითა და ოცნებების დიდი ნაკრებით. სტატიის ავტორები საუბრობენ ინტუიციურ არქეტიპებსა და ხატებზე დაფუძნებული სრულფასოვანი ინტეგრალური „ნაციონალური კოდის“ შექმნის პერსპექტივაზე და აღწერენ ხუთდონიანი „პენტაბაზისის“ მოდელს.
ალექსანდრ ხარიჩევი და სტატიის თანაავტორები, მათ შორის ანდრეი შუტოვი - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და ანდრეი პოლოსინი - „როსატომის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მომავლის რუსეთის სახეს განსაზღვრავს „ჰარმონიული თანაცხოვრება, მესიანიზმი, გაურკვევლობა, სასწაულის მუდმივი მოლოდინი და წარსულის ხატებზე ორიენტირება”. სტატიის ავტორებმა ჩამოაყალიბეს მომავალი რუსეთის რამდენიმე „მეტაფორული კონცეფცია“. Მათ შორის:
- რუსეთის მომავალი - „მკვდარი სულების“ მეორე ტომი, რომელიც ცეცხლშია განადგურებული ავტორის, ნიკოლაი გოგოლის მიერ.
- მომავლის რუსული სახელმწიფო - ზღაპრული ფასკუნჯი (Жар-птица). ფასკუნჯის სიმბოლო სტატიის ავტორებმა განმარტეს, როგორც „ეკონომიკური სტაბილურობისა და კორუფციის აღმოფხვრის ერთგვარი მაუწყებელი“.
- მომავლის რუსეთი - „ქვეყანა-წინასწარმეტყველი“ - „რუსეთი თავისი მისიის აღსრულების შემდეგ, როგორც გადამრჩენელი, ხვდება უკეთეს სამყაროში“.
- რუსეთი, როგორც მსოფლიო მცველი და სიკეთის გუშაგი. მომავლის ამ ხატის აღწერას ერთვის ციტატა, როგორც ჩანს, ნასესხები დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილისგან: „ჩვენ აღარ გვაქვს ეკონომიკური სიმძლავრე და კომპეტენცია, რათა გადავარჩინოთ სხვები, მაგრამ ჩვენ გვაქვს დარწმუნებისა და იდეების გენერირების უნარი”.
სტატიაში, რომლის სრული სათაურია „რუსეთის სოციო-ისტორიული განვითარების საბაზისო ღირებულებების, ფაქტორებისა და სტრუქტურების აღქმა (კვლევისა და აპრობაციის მასალების მიხედვით)“, გაანალიზებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში რამდენიმე თვის წინ გამართული კონფერენციის იმ ჯგუფური დისკუსიების შედეგები, რომლებშიც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ეკონომიკის უმაღლესი სკოლის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ. მათ მიერ დანახულ „მომავლის რუსეთში“ ადამიანი გარდა იმისა, რომ „ამაყია თავისი ქვეყნით, ის ასევე გავლენიანი, მოთხოვნადი და ფინანსურად უზრუნველყოფილიცაა“.
ალექსანდრ ხარიჩევი, რომელიც თანამედროვე რუსეთის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის, სერგეი კირიენკოს მარჯვენა ხელად ითვლება, ანდრეი პოლოსინთან ერთად კურირებს რუსეთის უნივერსიტეტებში ახალი „იდეოლოგიური დისციპლინის“ დანერგვის საკითხს. ახალი საგანი, რომელმაც რუსეთის სტუდენტობა იდეოლოგიურად სწორ გზაზე უნდა დააყენოს, დაახლოებით იმგვარი იქნება, როგორიც იყო საბჭოთა უმაღლეს სასწავლებლებში დანერგილი „მეცნიერული კომუნიზმი“.
ასევე ნახეთ კრემლი ახალ იდეოლოგიურ საყრდენს ეძებსსტატიაში გაანალიზებულია იმ ძირითადი ფაქტორებისა და სტრუქტურების ემოციურ-სახოვანი ხედვის კვლევის შედეგები, რომლებიც გავლენას ახდენენ რუსული საზოგადოების მსოფლმხედველობის დღევანდელ მდგომარეობაზე და მოქმედებენ როგორც სტაბილურობის, გაერთიანებისა და მოტივაციის სოციალური ვექტორები.
„კვლევის შედეგები საშუალებას იძლევა გაიზარდოს ეროვნული სტრატეგიების შემუშავების ეფექტიანობა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების სფეროში, რომელიც ეფუძნება ძირითადი ღირებულებების საერთო გაგებას და რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ცალკეული მოქალაქის პირად მსოფლმხედველობას. ასევე გათვალისწინებულია სრულფასოვანი „საერთო-ეროვნული კოდის“ შექმნის პერსპექტივა, კოდისა, რომელიც ჩამოყალიბებულია იმ ინტუიციური არქეტიპებისა და ხატებისაგან, რომლებიც აძლიერებენ რუსული საზოგადოების ტრადიციულ ძლიერ მხარეებს“, - ვკითხულობთ სტატიის შესავალ ნაწილში, საიდანაც ირკვევა, რომ დისკუსიის მსვლელობისას, კვლევის მონაწილეებს სთხოვეს პასუხი გაეცათ შემდეგ კითხვებზე:
- რა არის რუსული სახელმწიფოებრიობა?
- რა მოხდება რუსეთში 10 წელიწადში? როგორია ჩვენი მომავალი?
- რა შეგვიძლია შევთავაზოთ მსოფლიოს და ქვეყანას? როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მომავალი დადგეს?
დისკუსიისას მონაწილეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორები და სტრუქტურები, როგორებიცაა „ადამიანი“, „ოჯახი“, „საზოგადოება“, „სახელმწიფო“, „ქვეყანა“, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან შემდეგნაირად: „ადამიანი“ - სოციალური ცხოვრების ძირითადი სუბიექტი, „ოჯახი“ - სოციალური ორგანიზაციის პირველადი ფორმა, საზოგადოება - სოციალური ორგანიზაციის ცივილიზაციით განპირობებული ფორმა („ოჯახების ოჯახი“), „სახელმწიფო“ - „ორგანიზებული საზოგადოება“ (იხ. სურ. 1).
როგორც სტატიიდან ირკვევა, ჯგუფის წევრებმა დაასკვნეს, რომ შეცდომაა „ქვეყნის“ ცნების მხოლოდ „სახელმწიფოს“ ცნებასთან კორელაცია, მისი გაიგივება მხოლოდ იმ ტერიტორიასთან, რომელზეც სახელმწიფოს სუვერენიტეტი ვრცელდება. მათი აზრით, ცნება „ქვეყანა“ რთული და მრავალგანზომილებიანია, დაკავშირებულია ამ სქემის თითოეულ ელემენტთან: „ქვეყანა“ - ეს არის „სახლი“ ინდივიდისთვის („ჩემი ქვეყანა“), ოჯახისთვის და საზოგადოებისთვის („ჩვენი ქვეყანა“).
„რუსეთის შემთხვევაში, „ქვეყანა“ იხსნება სიმბოლური პოლიტიკის სიბრტყეშიც, როგორც ხატი, როგორც ადამიანის პირადი სივრცის სიმბოლურად მნიშვნელოვანი ნაწილი და როგორც ცივილიზაციური განზომილება („ქვეყანა-ცივილიზაცია“). როგორც ისტორიის ცოცხალი სუბიექტი, „სოციალური პიროვნება“, რომელთანაც ადამიანსა და მოქალაქეს შინაგანი კავშირი აქვს. ამ კონტექსტში, იგი ახალ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოების (გააზრებული, როგორც „ტრადიციული საზოგადოება“) და სახელმწიფოს (გააზრებული, როგორც „სახალხო- ისტორიული სახელმწიფო“) ცნებებს“, - ვკითხულობთ სტატიაში.
ჯგუფური მუშაობის მეორე ეტაპზე დასახული იყო ამოცანა: იმ ღირებულებითი დომინანტების მოძიება, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სოციალური ყოფის ორგანიზაციის თვალსაზრისით. კონფერენციის მონაწილეთა აზრით, ასეთი დომინატებია: „პატრიოტიზმი“ (ქვეყნის დონეზე), „ნდობა საჯარო ინსტიტუტების მიმართ“ (სახელმწიფოს დონეზე), „თანხმობა“ (საზოგადოების დონეზე), „ტრადიციები“ (ოჯახის დონეზე), „შემოქმედებითობა“ (ადამიანურ დონეზე). შესაბამისად, გამოიკვეთა სამუშაო მოდელი, ე.წ. პენტაბაზისი: პირი-ოჯახი-საზოგადოება-სახელმწიფო-ქვეყანა (ნახ. 2).
ჯგუფური მუშაობის მესამე ეტაპზე მონაწილეებს მიეცათ დავალება გამოევლინათ დომინანტური ღირებულებები ახალგაზრდა თაობისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების თვალსაზრისით. ჯგუფური მუშაობის მონაწილეებმა მიიჩნიეს, რომ „პატრიოტიზმი“, ღირებულებითი დამოკიდებულების დონეზე, ნიშნავს „სახელმწიფოსთან იდენტიფიცირებას. საკუთარი ცხოვრების დაკავშირებას ქვეყანასთან და ამ ქვეყანაში საკუთარი შვილების მომავლის დანახვას“, „იამაყეთ ქვეყნით“, „რუსეთის მთლიანობის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დაცვის მნიშვნელობის გაგებას“.
- „ნდობა“ - ღირებულებითი ორიენტაციის დონეზე, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს „ხელისუფლების კომპეტენციისა და ეფექტურობის აღიარებას“, „ხელისუფლების ღიაობის აღიარებას, პიროვნების პატივისცემას“, „ხელისუფლებისა და საზოგადოების მიზნების ერთიანობას“, „დემოკრატიულ პროცედურების (არჩევნების) ნდობას“.
- „ტრადიციები“ - ღირებულებების დონეზე წარმოჩენილია როგორც „ოჯახური ტრადიციები“, „ოჯახი და ბავშვები“, „ოჯახი, როგორც თაობათა კავშირი, სადაც არის პატივისცემა უფროსების მიმართ და ზრუნვა უმცროსებზე“, „ოჯახი, როგორც. უსაფრთხოების, სიყვარულისა და მხარდაჭერის სივრცე”.
- „თანხმობა (საზოგადოებაში)“ - ღირებულებითი დამოკიდებულების დონეზე ვლინდება, როგორც „ურთიერთდახმარება და მხარდაჭერა“, „განსხვავებული მოსაზრებებისადმი შემწყნარებლობა“, მიუღებლობა ყოველივე იმისა, რაც საზოგადოებას ყოფს, ნაციონალური, რელიგიური, ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაციის გაკიცხვა.
რუსეთის მომავლის მეტაფორები
რუსულ კულტურაში ფესვგადგმული ადამიანის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მეტაფორების ძიების ფარგლებში მიღებული იქნა შემდეგი შედეგები:
სახელმწიფო-რომანი. მეტაფორა „სახელმწიფო-რომანი“ გულისხმობს ლიტერატურული ნაწარმოების პერსპექტივას. რომანი ეს არის რაღაც მზა, დასრულებული, მაგრამ ამავდროულად შეიცავს ცვლილებებს, სიუჟეტს, ფაბულას. ეს რომანი იწერება ერთობლივად მოქალაქე მწერლების მიერ და მუშაობს ჩატის პრინციპით მკაცრი, კლიშირებული რითმებისა და ცენზურის გარეშე. ამ რომან-სახელმწიფოს ასევე აქვს ალტერნატიული დაბოლოებები, ფინალის ცვალებადობის შესაძლებლობა.
რუსეთის მომავალი - ეს არის ცეცხლში დამწვარი „მკვდარი სულების“ მეორე ტომი. გოგოლის პოემის გაგრძელება, რომელშიც მთავარი გმირი პოზიტიურ პერსონაჟებს უნდა შეხვედროდა, განადგურებულია, ისევე როგორც განადგურებულია მკითხველის შესაძლებლობა გაცნობოდა ადამიანური ყოფის ნათელ მხარეს.
სახელმწიფო-ფასკუნჯი. ამ მეტაფორას იყენებენ როგორც ავი თვალისგან, დაუპატიჟებელი სტუმრებისა და ძარცვისგან დაცვის საშუალებას. ფასკუნჯი მოცემულ მეტაფორაში ეკონომიკური სტაბილურობისა და კორუფციის აღმოფხვრის ერთგვარი წინამძღვარია.
„დედა-სამშობლო ლაზერული ხმლით“ - ეს მეტაფორა შეესაბამება სოციოლოგიურად დაფიქსირებულ მოთხოვნას სსრკ-ის მსგავს სოციალურ სახელმწიფოზე, ოღონდ თანამედროვე ტექნოლოგიური პლატფორმის მქონე სახელმწიფოზე. ერთი მხრივ, ეს ხატი, როგორც რუსული სულის, ერთიანობისა და სიძლიერის სიამაყის წყარო, სიმბოლოა იმისა, რაც წინაპრებმა ბრძოლით მოიპოვეს, მეორე მხრივ, ის მომავალზეა ორიენტირებული: ეს არის თანამედროვე დედა-სამშობლო, რომელსაც შეუძლია გლობალურ, კონკურენტულ სამყაროში იყოს სრულფასოვანი, დამოუკიდებელი სუბიექტი.
მეგობრული, სერვისის სახელმწიფო. ეს არის სახელმწიფო, რომელიც ფეხს უწყობს დროს, რომელიც კი არ თრგუნავს და აკონტროლებს, არამედ მომსახურებას უწევს მოქალაქეებს. პერსონალიზებული სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელიც ყოველ ჯერზე ირჩევს და იძენს შესაფერის სახეს ცალკეული მოქალაქისთვის. ასეთი სახელმწიფოს მიზანია იყოს სარგებლის მომტანი ცალკეული მოქალაქისთვის, უზრუნველყოს ინდივიდის პირველადი სერვისების მიღება. ასეთი სახელმწიფოს საქონელს აწერია: made for you („შექმნილია შენთვის“).
მომავლის სახელმწიფოს მესიანური კონცეფციები
რუსეთი, როგორც „ქვეყანა-წინასწარმეტყველი“. მომავლის რუსეთი უპირისპირდება დიდ ინკვიზიტორს. ქვეყანა-წინასწარმეტყველი, ქვეყანა-მესია. ეს მეტაფორა ამავე შინაარსით არის დატვირთული პუშკინთან, ასეთივეა ლერმონტოვთან პოეტის მისიის მეტაფორა, რომელიც ყველასთვის უსარგებლო ჭეშმარიტების მატარებელია. ბედისწერის აღსრულების შემდეგ რუსეთი და რუსები უკეთეს სამყაროში ხვდებიან, როგორც ამ სამყაროს გადამრჩენლები.
რუსეთი - მსოფლიოს მცველი, „სიკეთის გუშაგი“. „ჩვენ აღარ გვაქვს ეკონომიკური ძალა, არ გვაქვს კომპეტენცია, გადავარჩინოთ სხვები, მაგრამ გვაქვს დარწმუნების ძალა, გვაქვს იდეების გენერირების უნარი“. იმარჯვებს ის, ვინც ინარჩუნებს იდეოლოგიურ ლიდერობას.
საოცარქალაქი. გარკვეულ წესებსა და პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოება, განურჩევლად სქესისა, რასისა, ეროვნებისა, ეთნიკური ჯგუფისა და ა.შ., რომლის მცხოვრებნიც ბედნიერები არიან, ყველას ჯინაზე. განსხვავებულის მიღება, ე.ი. ინკლუზიურობა, თანაცხოვრება, სხვების თანასწორად მიღება. „ოღონდ ეს თანასწორობა არ ავურიოთ ტოლერანტობაშიო“, - შენიშნავენ სტატიის ავტორები.
კალეიდოსკოპი. მომავალი მრავალწახნაგაა, როგორც კალეიდოსკოპი და მუდმივად იცვლება იმისდა მიხედვით, თუ ვის ხელში მოხვდება.
სახელმწიფო - საშუალო ზომის მაგნიტი. მაგნიტმა უნდა შექმნას საერთო ველი ყველა საზოგადოებრივი ერთობისთვის, რაც იქნება ზოგადი წესების მეტაფორა. თითოეული ცალკეული ლურსმანი, რომელსაც მაგნიტი იზიდავს, ახალი ადამიანია სახელმწიფოში. თუ დაიწყებთ მაგნიტის ბრუნვას, ის გამოიმუშავებს დენს ანუ დამატებით ენერგიას. ბრუნვა ხდება მაშინ, როდესაც მრავალი თანამიმართული წყარო ენერგიას გადასცემს ცენტრს. პირობითად, არიან სხვა სახელმწიფოები, რომლებიც აწარმოებენ ველებს. იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ძლიერია თქვენი მაგნიტი, ის ან აბრუნებს სხვა მაგნიტებს (გავლენას ახდენს როგორც საკუთარ თავზე, ასევე მათზე), ან თვითონ ბრუნავს იმის გამო, რომ სხვა მაგნიტები დომინირებენ.
ადამიანი მომავლის რუსეთში
„მომავლის რუსეთში“ ადამიანი ამაყობს თავისი ქვეყნით; ის გავლენიანი, მოთხოვნადი და ფინანსურად დაცულია; საერთო საცხოვრებლის გარკვეული წესების ფარგლებში, რომელიც დაცულია კანონით, ის თავისუფალია, ეკუთვნის გარკვეულ ერთობას, მას სარგებლობა მოაქვს ამ ერთობისთვის როგორც სპეციალისტს, აღწევს წარმატებას პიროვნულ თვითრეალიზაციაში.
„ამავე დროს, რუსული იდეები თვითრეალიზაციის შესახებ რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც გავრცელებულია დასავლურ (ანგლო-საქსონურ) სამყაროში, - ვკითხულობთ სტატიაში, - თვითრეალიზაცია რუსეთის შემთხვევაში გულისხმობს იმას, რომ ინდივიდი ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას ისე, რომ კაპიტალიზაციის ეტაპი აუცილებელი არ არის. ამერიკელებისთვის თუ ევროპელებისთვის თვითრეალიზაციას მყისიერად მივყავართ კაპიტალიზაციისკენ“.
სტატიიდან ირკვევა, რომ „კაპიტალიზაცია“ სექციის მონაწილეებში ატარებს უარყოფით კონოტაციას. მეტიც, მომავლის რუსეთში მცხოვრები ადამიანის ერთ-ერთი ამოცანაა რუსეთის მოქალაქეობის კაპიტალიზაცია, რაც რუსეთის მოქალაქისთვის სახლის ან მიწის საკუთრების შესაძლებლობაა, იგივე ითქმის ბუნებრივი რესურსების გაყიდვიდან მიღებულ პროცენტებზე. „კაპიტალიზაცია გაჯერებულია ჯანსაღი პატრიოტიზმით: რუსული პასპორტის ქონა პრესტიჟულია, სამშობლოს დაცვა კი - პატივი“.
რუსეთის ადგილი მომავალ მსოფლიოში
სექციის მონაწილეებმა „დეგლობალიზაციის“ პროცესის ფარგლებში მომავლის სურათების რუსეთისთვის ოპტიმისტური სცენარი წარმოადგინეს. მაგალითად, ერთ-ერთ სცენარად განიხილეს გლობალური დათბობის მძიმე შედეგების დადგომის შემთხვევა, რაც „რუსეთს აქცევს პლანეტის იმ მცირერიცხოვან ადგილთა შორის, სადაც შესაძლებელია მოხმარებისა და კომფორტის არსებული სტანდარტების შენარჩუნება“.
დასახელდა მომავლის სურათის განმსაზღვრელი დომინანტური ღირებულებები:
1. პატრიოტიზმი.
მიზანი: რუსეთის ფედერაციის ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფა.
ღირებულებითი პარამეტრები:
- თავის იდენტიფიცირება ქვეყანასთან. ცხოვრების დაკავშირება ქვეყანასთან, მასში საკუთარი შვილების მომავლის დანახვა.
- ქვეყნით სიამაყე.
- გაცნობიერება რუსეთის მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვის მნიშვნელობისა.
2. ნდობა (ხელისუფლების) ინსტიტუტების მიმართ.
მიზანი: სახელმწიფო სისტემის დაცვა. სტაბილურობის/განვითარების უზრუნველყოფა.
ღირებულებითი პარამეტრები:
- ხელისუფლება კომპეტენტური და ეფექტურია.
- ხელისუფლება გახსნილია, პატივს სცემს პიროვნებას.
- ხელისუფლება არ არის გულგრილი ხალხის პრობლემების მიმართ, ხელისუფლება ეხმარება.
- ხელისუფლება და საზოგადოება ერთ მხარესაა, მათ აქვთ საერთო მიზნები.
- არჩევნების სანდოობა.
3. ტრადიციები (ოჯახური ღირებულებები).
მიზანი: ერის შენარჩუნება და განვითარება. რუსეთის მოსახლეობის მდგრადი ბუნებრივი ზრდის უზრუნველყოფა
ღირებულებითი პარამეტრები:
- ოჯახი და ბავშვები ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა ადამიანისთვის.
- ოჯახი არის უსაფრთხოება, სიყვარული და მხარდაჭერა.
- ოჯახი არის რამდენიმე თაობა, რომელიც გაერთიანებულია ტრადიციებით, უფროსების პატივისცემით და უმცროსებზე ზრუნვით.
4. თანხმობა (საზოგადოების წევრებს შორის).
მიზანი: ერთიანობა და უკონფლიქტო საზოგადოება
ღირებულებითი პარამეტრები:
- ურთიერთდახმარება და მხარდაჭერა.
- განსხვავებული აზრის შემწყნარებლობა.
- ყოველგვარი დისკრიმინაციის უარყოფა (სქესის, ასაკის, ეროვნების, რელიგიის და ა.შ.).
5. შემოქმედებითობა.
მიზანი: ქვეყნის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, ადამიანური პოტენციალის რეალიზება, ადამიანური კაპიტალის განვითარება.
ღირებულებითი პარამეტრები:
- წარმატების ფასი. თვითრეალიზაცია სხვადასხვა სფეროში.
- პირადი ძალისხმევით წარმატებისა და კეთილდღეობის შესაძლებლობის გაცნობიერება.
- ორიენტირება პიროვნულ ზრდასა და განვითარებაზე.
- საკუთარი თავის, როგორც საზოგადოების, ქვეყნის, სახელმწიფოს ნაწილის გაცნობიერება.
სტატიის ავტორები „კვლევის საფუძველზე“ ასევე ასკვნიან, რომ „ევროპული საზოგადოება ინდივიდუალისტურია, ხოლო რუსეთის მთავარი ღირებულება „ოჯახი + მეგობრებია“. მეტიც, რუსი ხალხი ადამიანების ერთობლიობა კი არა, ოჯახების ერთობლიობაა. „რუსეთის ხალხი - ესაა ოჯახების ოჯახი, ამიტომ უნდა მოხდეს ოჯახების შექმნისა და შობადობის სტიმულირება“, - ვკითხულობთ პუბლიკაციაში, რომელიც რუსეთში, „პოლიტიკური კვლევების ჟურნალის“ 2022 წლის III ნომერში გამოქვეყნდა და, რომლის ერთ-ერთი ავტორი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირი, ალექსანდრ ხარიჩევია.