საქართველოს მოქალაქეები მხარს არ უჭერენ რუსეთის მოქალაქეების ყოფნას ქვეყანაში - IRI-ის გამოკითხვა

რუსეთის მოქალაქეები საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ. ყაზბეგი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სექტემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ანგარიშის მიხედვით, ჯამში გამოკითხულთა 59% (34% სრულად, 25% ნაწილობრივ) მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს. დიალოგის წინააღმდეგია ჯამურად 38% ( 8% სრულად, 30% ნაწილობრივ).

კითხვაზე, როგორ აფასებთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ურთიერთობას რუსეთთან?- ჯამში 42% პასუხობს, რომ დადებითად აფასებს (12% ძალიან დადებითად, 30% ნაწილობრივ დადებითად) 50% კი - უარყოფითად (29% ძალიან უარყოფითად, 21% კი ნაწილობრივ უარყოფითად).

კითხვაზე, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ თავს? - 13%-მა განაცხადა, რომ - ძალიან უსაფრთხოდ, 36%-მა კი უპასუხა, რომ - ნაწილობრივ უსაფრთხოდ. ჯამში 49% თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

კითხვაზე, დასრულდა თუ კვლავ გრძელდება რუსეთის საქართველოსადმი აგრესია? - 76% პასუხობს, რომ დასრულდა, მაგრამ შესაძლოა, განახლდეს, 18 %-ს მიაჩნია, რომ ის კვლავ გრძელდება. მხოლოდ 4 % ფიქრობს, რომ დასრულდა და აღარ განახლდება.

კითხვაზე, ჩამოთვლილთაგან რისი უფლება უნდა ჰქონდეთ რუსეთის მოქალაქეებს, პასუხები ასე განაწილდა:

შემოვიდნენ საქართველოში უვიზოდ (14% ემხრობა), დაარეგისტრირონ ბიზნესი (8% მომხრე), შეიძინონ ქონება (5% მომხრე). გამოკითხულთა 78% კი ფიქრობს, რომ მათ არცერთი ზემოთჩამოთვლილის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.

მოქალაქეთა 38% ფიქრობს, რომ რუსი ტურისტები საქართველოში არ უნდა შემოუშვან, სანამ არ დააბრუნებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, 26% კი მათდამი კეთილგანწყობილია ეკონომიკური საჭიროებების გამო.

IRI-ს დაკვეთით გამოკითხვის საველე სამუშაოები 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. კვლევა ჩატარდა რესპონდენტებთან სახლში პირისპირ ინტერვიუს საშუალებით. კვლევაში მონაწილეობდა 18+ ასაკის და ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს 1 500 მოქალაქე. ცდომილების ზღვარი შეადგენს +-2,5 პროცენტს. პასუხის გაცემის მაჩვენებელია 74%.

3 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის პირველ 9 თვეში რუსეთიდან შემოსული მოქალაქეებიდან 112 733 ადამიანი კვლავ საქართველოში რჩებოდა.

ასევე ნახეთ 9 თვეში შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან 112 733 საქართველოში რჩებოდა - შსს-ს სტატისტიკა 3 ოქტომბრის მდგომარეობით

უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიგრაცია გაიზარდა, განსაკუთრებით 21 სექტემბრიდან, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა მობილიზაცია გამოაცხადა.