პუტინის მოკავშირე პრიგოჟინი აღიარებს ჩარევას აშშ-ის არჩევნებში

რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირე ევგენი პრიგოჟინმა აღიარა, რომ მოსკოვი ერევა აშშ-ის არჩევნებში და განაცხადა, რომ ეს ასეც გაგრძელდება. პრიგოჟინს "პუტინის მზარეულად" მოიხსენიებენ, კრემლისთვის საკვების მიწოდების სფეროში მისი კომპანიის კონტრაქტების გამო. პუტინსაც და პრიგოჟინსაც დაკისრებული აქვთ დასავლეთის სანქციები.

7 ნოემბერს თავის ტელეგრამის არხზე რუსეთის მხრიდან აშშ-ის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობის შესახებ პირდაპირ დასმულ კითხვას პრიგოჟინმა უპასუხა: "ჩვენ ვერეოდით, ვერევით და გავაგრძელებთ ჩარევას".

პრიგოჟინს ეს კითხვა მისი არხის მიმდევარმა დაუსვა მას მერე, რაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ მოიტანა ციტატა Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან, რომელშიც აღწერილი იყო რუსეთის ახალი მცდელობები, ჩაერიოს აშშ-ში 8 ნოემბერს დანიშნულ კონგრესისა და გუბერნატორების არჩევნებში.

პრიგოჟინის ეს განცხადება პირველი ამგვარი აღიარებაა ისეთი ფიგურის მხრიდან, რომელსაც ვაშინგტონი ოფიციალურად უკავშირებს მოსკოვის მცდელობას, გავლენა იქონიოს ამერიკის პოლიტიკაზე. კრემლი გადაჭრით უარყოფდა ამ შინაარსის ბრალდებებს.

"ფრთხილად, ზუსტად, ქირურგიულად და ჩვენებურად, ისე, როგორც ვიცით. ჩვენი წერტილოვანი ოპერაციებით ამოვჭრით ორივე თირკმელს და ღვიძლს ერთიანად", - დასძინა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინი არის ოლიგარქი, რომლის დიდი ქონებაც უკავშირდება კრემლთან გაფორმებულ კონტრაქტებს. მან სახელი გაითქვა რუსეთის ყველაზე ცნობილი კერძო გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერისა" და ყველაზე ცნობილი "ტროლების ქარხნის" მფლობელის რანგში.