უკრაინამ მიიღო საზენიტო-სარაკეტო სისტემები NASAMS-ი და Aspide. ამის შესახებ ტვიტერზე უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი წერს.
„ნახეთ, ჩვენ რა გვაქვს, ეს იარაღი მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის არმიას და ჩვენს ცას უფრო უსაფრთხოს გახდის", - წერს რეზნიკოვი და პარტნიორებს ნორვეგიას, ესპანეთსა და აშშ-ს მადლობას უხდის.
NASAMS-ი აშშ-ისა და ნორვეგიის მიერ ერთობლივად შექმნილი საშუალო რადიუსის მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემაა, რომელიც განკუთვნილია საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად დაბალ და საშუალო სიმაღლეზე ნებისმიერი ამინდის პირობებში.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ადრე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აპირებს, უკრაინას მიაწოდოს ამ თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემის რვა ერთეული, როგორც უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ნაწილი.
27 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნოემბრის დასაწყისში, აშშ უკრაინას გადასცემდა საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებსაც (NASAM-ი). ლაპარაკია 2 ერთეულზე.
Aspide უკრაინას ესპანეთმა გადასცა. ახლო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ამ სისტემას 12 კილომეტრის რადიუსში 6 კილომეტრის სიმაღლეზე არსებული სამიზნეების განადგურება შეუძლია.
აშშ-ს უკრაინის უსაფრთხოებისა და სამხედრო დახმარებისთვის, ჯამში 18.9 მილიარდი აშშ დოლარი აქვს გამოყოფილი.