ბათუმის მერია გეგმავს, გამარტივებული შესყიდვით, 968 387 ლარად შეიძინოს საახალწლო ნაძვის ხე. შესაბამისი ხელშეკრულება 2022 წლის 4 ნოემბერს დაიდო საქალაქო ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის სამმართველოსა და შპს “აჭარგანათებას“ შორის.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ღირებულება საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის გადასახადებს მოიცავს. ასევე, ბათუმის საახალწლო ნაძვის ხე 25 მეტრის სიმაღლის უნდა იყოს და ის მიმწოდებელმა დამკვეთს 23 დეკემბრის ჩათვლით უნდა ჩააბაროს.
გამარტივებულ შესყიდვის აუცილებლობას ბათუმის მერია იმით ხსნის, რომ სასურველი ნაძვის ხე მოქალაქეებმა შეარჩიეს მერიის ფეისბუქგვერდიდან, მის წარმოება-მონტაჟს კი, ჯამში 95 დღე სჭირდება, რაც ვერ მოესწრებოდა ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში.
"საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, ახალი საშობაო-საახალწლო ნაძვის ხის შესყიდვის მიზნით, მოიძია პოტენციური მიმწოდებლები, რომლებმაც შემოგვთავაზეს ნაძვის ხის რამოდენიმე მოდელი. აღნიშნული მოდელები განთავსდა მერიის ფეისბუქგვერდზე მოსახლეობის აზრის კვლევის მიზნით. კვლევა დასრულდა 25 აგვისტოს და ხმათა უმრავლესობით შეირჩა ერთ-ერთი მოდელი", - წერია განმარტებაში.
სხვა თვითმმართველი ქალაქებიდან, ფოთის მერია ქალაქის საახალწლოდ გაფორმებაში 499 900 ლარის დახარჯვას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ელექტრონული ტენდერი 27 ოქტომბერს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 28 ნოემბერს სრულდება.
შესყიდვის ღირებულებაში შედის საახალწლო გასანათებელი მოწყობილობებისა და დეკორაციების - ლედ განათებების, კონსტრუქციების მონტაჟი, დემონტაჟი და დასაწყობების მომსახურება. ასევე - ნაძვის ხის ანთების ცერემონიალის და 31 დეკემბრის ღონისძიების ფინალური ფეიერვერკი, ჯამში 630 ცალი.
ტექნიკურ დავალებაში აღწერილია, რომ იგეგმება ფოთის თეატრის შენობის კონტურული გაფორმება ნეონის მანათობლებითა და 2D მოცეკვავე ფიგურებით. ასევე, ცენტრალურ მოედანზე განთავსდება 2 მეტრის სიმაღლის 3D მანათობელი კონსტრუქცია "ფოთი", "2023" და 6 მეტრი სიმაღლის 2D "გემის" კონსტრუქცია. გეგმის მიხედვით, მთავარი ქუჩა მანათობელი "მედუზებით" გაფორმდება.
გასულ, 2021 წელს ფოთი შპს "ქოლორფულ სფირითმა" გააფორმა. მასთან დადებული ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება, დაახლოებით, 217 000 ლარი იყო.
საშობაო დეკორაციისა და მანათობელი "ფარდის" შესაძენად, "რუსთავსერვის ცენტრმა" ელექტრონული ტენდერის მეშვეობით 13 ოქტომბერს შპს "დანდისთან" გააფორმა 135 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება.
საახალწლო განათებების შესყიდვას გეგმავს ქუთაისის მერიაც. საახალწლო ფოტოდიოდური გირლიანდებისა და სხვა განათებების შესაძენად "ქუთგანათების სერვისის" ელექტრონული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 126 840 ლარია.