დღეს დილიდან ელექტროენერგიის მოხმარება 30%-ით უნდა შემცირდეს უკრაინის დედაქალაქ კიევში და კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ჟიტომირის, სუმის, ხარკოვის და პოლტავის ოლქებში. ამის შესახებ მოსახლეობა გააფრთხილა სახელმწიფო კომპანია „უკრენერგომ“. მისი ინფორმაციით, დედაქალაქის და ამ ოლქების ენერგოობიექტები ყველაზე მეტად დაზიანდა რუსეთის სამხედრო ძალების მიერ 10, 11, 17 და 22 ოქტომბერს და 2 ნოემბერს განხორციელებული მასირებული სარაკეტო შეტევების შედეგად. ენერგოსისტემაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო, უკრაინაში ოქტომბრიდან მოქმედებს ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი.
„უკრენერგოს“ ინფორმაციით, დღეს, 7 ნოემბრის 06:00 საათიდან დღის ბოლომდე ელექტროენერგიის მიწოდების საათობრივ გრაფიკთან ერთად, საჭირო იქნება ე.წ. ავარიული გათიშვაც, რათა თავიდან აიცილონ დეფიციტი და მაღალვოლტიანი ინფრასტრუქტურის გადატვირთვა.
კერძო ენერგოკომპანია YASNO-ს აღმასრულებელი დირექტორის, სერგეი კოვალენკოს განცხადებით, დღეს, კიევის ენერგოქსელში გრაფიკით გათვალისწინებულზე 32%-ით მეტი დეფიციტი იქნება, რაც უკვე ფორს-მაჟორია.
ასევე ნახეთ "ყველაზე რთული ზამთარი" - რისთვის ემზადება უკრაინაგასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 6 ნოემბრის საღამოს მდგომარეობით, ელექტროენერგიის გარეშე იყო 4.5 მილიონზე მეტი მომხმარებელი და მათგან ყველაზე მეტი კიევში და კიევის ოლქში. ზელენსკის თქმით, უკრაინის მთავრობა ენერგოკომპანიებთან ერთად დეტალურად განიხილავს ყველა სცენარს და შესაბამის ქმედებებს ამზადებს.
უკრაინის პრეზიდენტმა თანამოქალაქეებს მიმართა, რომ მიუხედავად იმისა, რისი მიღწევა სურთ ტერორისტებს, ეს ზამთარი უნდა გაიარონ და გაზაფხულზე იყვნენ კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე ახლა. ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ძალების და საშუალებების კონცენტრაციას ახდენს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალი, შესაძლო, მასირებული დარტყმებისთვის და ამისთვის დასჭირდა ირანული რაკეტები.
ასევე ნახეთ CNN-ი: ირანი რუსეთში რაკეტებისა და დრონების გასაგზავნად ემზადება