„თავდასხმა პარიზზე“ („ნოემბერი“, 2022, საფრანგეთი, რეჟისორი სედრიკ ჟიმენესი)
„თავდასხმა პარიზზე“, რომელსაც ამ დღეებში ჩვენს კინოთეატრებში უჩვენებენ, ფრანგული კინოს ჰოლივუდიზაციის საუკეთესო მაგალითია. ის მაყურებელი, რომელსაც ევროპულ „საავტორო კინოზე“ მთქნარება ეწყება და ისიც, ვინც თითქმის მთლიანად სერიალებზეა დამოკიდებული, ნამდვილად გაიხარებს სედრიკ ჟიმენესის ახალი სათავგადასავლო ფილმით. ფრანგმა რეჟისორმა სერიალისთვის განკუთვნილი სიუჟეტის სრულმეტრაჟიანი სურათის ფორმატში მოქცევა გადაწყვიტა. რაც შეეხება ჰოლივუდს - კი, რა თქმა უნდა, „თავდასხმა პარიზზე“ სალაროსთვისაა გათვლილი (შედეგი სახეზეა - ფილმი 2 კვირაა უკვე, ფრანგული კინოგაქირავების ერთ-ერთი ლიდერია), მაგრამ ამერიკული კინო, საბედნიეროდ, მხოლოდ ის ფილმები არაა, ჩვენში „ბოევიკებს“ რომ ეძახიან. მე პირადად „თავდასხმამ“ ჰოლივუდის კლასიკოსის სიდნეი ლიუმეტის გვიანდელი სურათები გამახსენა - ამ რეჟისორისთვის დამახასიათებელი უნარით, რეალური კრიმინალური ისტორია გადააქციოს პოლიტიკურ დრამად და გაგვახსენოს, რომ კანონი კანონია, მაგრამ კანონი ადამიანებს ემსახურება და არა პირიქით.
თუმცა აღმოჩნდა, რომ მოგების ვნება ქართულ კინოგაქირავებას უფრო ძლიერი აქვს, ვიდრე ფრანგულს... ორიგინალში ჟიმენესის ფილმს ჰქვია „ნოემბერი“. მაგრამ ჩვენებმა სახელი შეცვალეს (ცხადია, რუსებს მიბაძეს) და „ნოემბერს“, არც მეტი და არც ნაკლები, „შეტევა პარიზზე“ უწოდეს. თან „შეტევა“ და თან „პარიზი“! აბა, „ნოემბერი“ რა არის? არაფერს ეუბნება ქართველ მაყურებელს. თანაც, ჩვენში ალბათ ბევრს აღარც ახსოვს ტრაგედია, რომელიც დატრიალდა 2015 წლის 13 ნოემბერს, საფრანგეთში; 130 ადამიანი ემსხვერპლა ტერორისტულ აქტს, რომელიც თითქმის ერთდროულად 6 ადგილას განხორციელდა. 1944 წლის შემდეგ პირველად საფრანგეთის ისტორიაში, პარიზში კომენდანტის საათი დაწესდა. თავდასხმის ორგანიზატორები და შემსრულებლები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრები აღმოჩნდნენ.
კანონი კანონია. მაგრამ ქაოსს, რომელმაც მოიცვა პარიზი ტერაქტების სერიის პროცესში, შიშს და პანიკას კანონი ვერ აჩერებს. მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ ინფორმაცია პოლიციას, თავად არიან დამნაშავეები. მაგრამ ინფორმაცია რომ მიიღო, მათზე ვერ იძალადებ. მით უმეტეს, რომ მათაც ეშინიათ - ერთი მხრივ ტერორისტების, მეორე მხრივ - ძალოვნების. აქ ერთვება ევროპის ქვეყნების ბიუროკრატიული სისტემაც - ადამიანს, თუნდაც ცხადზე ცხადი იყოს მისი თანამშრომლობა ტერორისტებთან, იცავს უდანაშაულობის პრეზუმფცია. ასე რომ, „ნოემბერი“ იმდენადაა მხატვრული ქრონიკა, სათავგადასავლო ფილმი, რამდენადაც დრამაა კრიმინალური პოლიციის ოფიცერზე, რომელიც ტერორისტებთან ბრძოლის პროცესში საკუთარ დანაშაულსაც აღიარებს - სანამ პოლიცია რაღაცებს არკვევდა, სანამ კანონს იცავდა, პარიზში ადამიანები იღუპებოდნენ. ჟან დიუჟარდენი, რომელიც წლების წინ გავიცანით როგორც ერთი საშუალო კომიკოსი, მართლა ნელ-ნელა იხვეწება და ვულგარული „მაჩოიზმისგან“ თავისუფლდება. საინტერესო პროცესია დაკვირვება, როგორ ვითარდება მისი გმირი იმ ჯოჯოხეთში, რომელსაც ტერორისტები მოუწყობენ საფრანგეთის დედაქალაქს. მაგრამ, როგორც უნდა მოინდომოს ჟიმენესმა, მას იმავე სიდნეი ლიუმეტის ნიჭი არა აქვს, ადამიანის დრამა ნაძალადევი „სასპენსებით“ რომ არ გადაფაროს. ძალიან დიდია ცდუნება, რეალური ამბავი, რეალური ჯოჯოხეთი გადააქციო კინემატოგრაფიულ შოუდ, რომელიც წარმატებას მოგიტანს.
საბოლოოდ რა გამოვიდა? „ნოემბრის“ ნაცვლად მივიღეთ მართლაც რომ „თავდასხმა პარიზზე“. თუკი ფრანგი მაყურებლისთვის ამ ტერაქტის დეტალები, მისი მიზეზები დიდი ხანია ცნობილია, სხვებმა, მაგალითად, ქართველებმა შეიძლება ბევრი არც არაფერი ვიცოდეთ 2015 წლის წლის 13 ნოემბერზე. სამწუხაროდ, ჟანრული კინოს კანონების მიმართ მორჩილებამ ხელ-ფეხი შეუკრა რეჟისორს (და კიდევ უფრო სცენარისტს) - ჩვენ ვაკვირდებით ტერორისტებთან ბრძოლას, თუმცა დიუჟარდენის პერსონაჟს თუ არ ჩავთვლით, ვხედავთ უსახო შემსრულებლებს. ჩემი საყვარელი მსახიობი სანდრინ კიბერლენიც კი იკარგება ამ ქაოსში, ამ გამაყრუებელ ხმაურში - ამ დიდ შავ მანქანებში, ძალიან ახლო ხედით გადაღებულ ტელეფონებში. შედეგი კი ისაა, რომ ფილმის ბოლომდე ჩვენ ვრჩებით უბრალო მაყურებლის როლში - გავერთობით, მაგრამ არ აგვაღელვებენ არც გმირები და დიდად არც ტრაგედია შეგვეხება. ამას დაუმატეთ ფილმის, ჩემი აზრით, მთავარი ნაკლი (ასევე დაკავშირებული ჰოლივუდის ტრადიციების ზედაპირულ გაგებასთან) - პაუზის, ამოსუნთქვის, ჰაერის შიში, როცა მთავარი ამბავი ლამის პირველივე წუთებში იწყება, რათა მაყურებელს არ მოეწყინოს. ამიტომაც ტოვებს ჟიმენესის ნამუშევარი კონსპექტის, ტერაქტის ლიბრეტოს შთაბეჭდილებას. ესაა უფრო სერიალის მოკლე შინაარსი, ვიდრე მხატვრული ფილმი.
ასეთი დრო დაგვიდგა - კინო კი არ განსაზღვრავს სერიალის სტილს, არამედ პირიქით, ახლა უკვე სერიალი უკარნახებს რეჟისორს, როგორ უნდა ააწყოს მხატვრული ფილმი.