ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და სპეცდანიშნულების რაზმ „ახმატის“ მეთაური, აპტი ალაუდინოვი, სეპარატისტული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციის მე-2 საარმიო კორპუსის საბრძოლო მოქმედებებს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მანამდე ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერმა, რამზან კადიროვმა ალაუდინოვი გაათავისუფლა ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან.
ასევე ნახეთ
რამზან კადიროვმა თანამდებობიდან დაითხოვა ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, გენერალი აპტი ალაუდინოვიამასთან ალაუდინოვს შეუნარჩუნდა ჩეჩნეთის ლიდერის თანაშემწის სტატუსი. ამის შესახებ ტელეგრამის არხში თავად რამზან კადიროვის მიერ გამოქვეყნებული ცნობით, აპტი ალაუდინოვის დანიშვნას "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში" სამსახურში მისი "დამსახურებული დაწინაურება" უწოდა.
ჩეჩნეთში კადიროვის რეჟიმის კრიტიკოსები ადრე აცხადებდნენ, რომ აპტი ალაუდინოვი უკრაინაში ომში წავიდა "დანაშაულის გამოსყიდვის მისიით“. იგულისხმება ის, რომ მას 2019 წელს კადიროვის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებდნენ. ალაუდინოვმა უარყო ყველა ბრალდება და გაავრცელა მიმართვა, რომელშიც იმუქრებოდა, რომ „იპოვნიდა და გაუსწორდებოდა მათ, ვინც მასზე ასეთ ბინძურ ჭორებს ავრცელებდა.“
აგვისტოს დასაწყისში აპტი ალაუდინოვმა, რომელიც ერთი თვით ადრე დაინიშნა ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე, რუსეთის გმირი ვარსკვლავით დაჯილდოვდა.
- გენერალ-მაიორი აპტი ალაუდინოვი ერთ-ერთი მთავარია იმ ჩეჩენ მოხელეთა შორის, რომლებიც კადიროვის დავალებით გუდერმესის ბაზაზე ჩეჩნეთ „მოხალისეთა“ სწრაფ მომზადებას და მათ უკრაინაში გადასროლას ხელმძღვანელობენ.
- 25 აგვისტოს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ალაუდინოვი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში დაადანაშაულა. კიევის ცნობით, მიმდინარე წლის მარტ-აპრილში ალაუდინოვმა უშუალო მონაწილეობა მიიღო რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ და პირადად ხელმძღვანელობდა სპეცდანიშულების რაზმ "ახმატის" ქმედებებს რუბეჟნოეში, კრემენნაიასა და სევეროდონეცკში.
- აპტი ალაუდინოვი იმ პირთა სიაში შედის, რომლებსაც აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს. იგი ითვლება თანამონაწილედ ჩეჩნეთში ლგბტ პირების დევნაში. უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ სწორედ ალაუდინოვი დანიშნა რამზან კადიროვმა ლუგანსკის მიმართულებაზე ოპერაციის პასუხისმგებლად.