აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის საქმეზე სააპელაციოს გადაწყვეტილებას პირადადაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ყველაფერი, რასაც პოლიტიკური დევნის სახე აქვს, ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეში აყენებს. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტების კითხვების პასუხად ისაუბრა, კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სამაგისტრო პრეზენტაციაზე დასწრების შემდეგ.
"ყველაფერი, რაც აშშ-მ ბოლო 30 წლის განმავლობაში გააკეთა საქართველოსთვის, მიზნად ისახავდა ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის მხარდაჭერას, უსაფრთხო, დემოკრატიული მომავლისათვის.
ამ მომავლის მისაღწევად, მიუკერძოებელი სასამართლო მთავარია.
ყველაფერი, რასაც პოლიტიზების, პოლიტიკური დევნის სახეც კი აქვს, ამ ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეში აყენებს.
ლიდერებმა, მათ შორის მმართველმა პარტიამ, ქართველ ხალხს დაპირება გასცეს, რომ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამენ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გზაზე. ყველაფერი, რაც ხელს უშლის მას ახლა, თუნდაც რისკის ქვეშ აყენებს, შემაშფოთებელია.
შეერთებულ შტატებში ჩვენ ვაფასებთ და ვიცავთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, რადგან ვიცით, რომ მიუკერძოებელი სასამართლო არის ჩვენი დემოკრატიის საფუძველი. ეს არის ის, რაც იძლევა ძალას, სხვადასხვა გამოწვევების გასამკლავებლად. იგივე გვინდა ქართველი ხალხისთვისაც", - განაცხადა ელჩმა.
დღეს, 3 ნოემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა იყო. ირაკლი კობახიძემ ეს კომენტარი პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად გააკეთა.
კობახიძის თქმით, საქართველოს პარტნიორები სამართლის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობას თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ როგორც თავის, ასევე სხვა ქვეყანაში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის საფუუძველზეც ტელეკომპანია "მთავარი ახრის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატრიმრობაში დარჩა აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა. საელჩო მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.
"იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა", - წერია განცხადებაში.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორის და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართავს ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე კოალიცია მედიაადვოკატირებისთვის.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, არ ჰგონია, რომ პრეზიდენტი ნიკა გვარამიას შეიწყალებს.
"მაშინ გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთოდ, ოდნავადაც არ სცემს პატივს პრეზიდენტის ინსტიტუტს. მე მგონი, ეს ასე არ იქნება, მინიმალური პატივისცემა მაინც იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოირიცხება შეწყალება“, - განაცხადა 3 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბარში.
2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამოცხადებული განაჩენი ზურაბ იაშვილისა და კახაბერ დამენიას შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლომ იაშვილი უდანაშაულოდ ცნო, დამენიას კი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (გულგრილობა) გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი მხოლოდ "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას შემთხვევაში დააკმაყოფილა ნაწილობრივ. სააპელაციომაც, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით (მითვისება ან გაფლანგვა) წაყენებული ბრალი გადააკვალიფიცირა ამავე კოდექსის 220 (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლის ორი ეპიზოდით გათვალისწინებულ დანაშაულად იმ განსხვავებით, რომ ორივე შემთხვევაში 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა გამოიყენა - საქალაქო სასამართლომ 50 ათასლაირიანი ჯარიმა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.