რამზან კადიროვმა თანამდებობიდან დაითხოვა ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, გენერალი აპტი ალაუდინოვი

ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივანი აპტი ალაუდინოვი უკრაინის ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეს საცხოვრებელი კვარტლების წმენდის, 2022 წლის 24 აპრილი

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ხელი მოაწერა განკარგულებას ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, სპეცრაზმ "ახმატის" მეთაურის აპტი ალაუდინოვის ჩეჩნეთის ეკონომიკური და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ.

31 ოქტომბერს ჩეჩნეთის მეთაურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული კადიროვის განკარგულების ტექსტის თანახმად ალაუდინოვის გათავისუფლება თავად მისივე სურვილით მომხდარა.

მაგრამ როგორც „კავკაზ.რეალიი“ აღნიშნავს, თანამდებობის დატოვების თაობაზე საკუთარი სურვილის თაობაზე აპტი ალაუდინოვს არ განუცხადებია არც ჩეჩნეთის საინფორმაციო საშუალებებით და არც საკუთარი ტელეგრამის არხით, რომელშიც იგი აგრძელებს უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების ქრონიკის გამოქვეყნებას.

ჩეჩნეთში კადიროვის რეჟიმის კრიტიკოსები ადრე აცხადებდნენ, რომ აპტი ალაუდინოვი უკრაინაში ომში წავიდა "დანაშაულის გამოსყიდვის მისიით“. იგულისხმება ის, რომ მას 2019 წელს კადიროვის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებდნენ. ალაუდინოვმა უარყო ყველა ბრალდება და გაავრცელა მიმართვა, რომელშიც იმუქრებოდა, რომ „იპოვნიდა და გაუსწორდებოდა მათ, ვინც მასზე ასეთ ბინძურ ჭორებს ავრცელებდა.“

აგვისტოს დასაწყისში აპტი ალაუდინოვმა, რომელიც ერთი თვით ადრე დაინიშნა ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე, რუსეთის გმირი ვარსკვლავით დაჯილდოვდა.

  • გენერალ-მაიორი აპტი ალაუდინოვი ერთ-ერთი მთავარია იმ ჩეჩენ მოხელეთა შორის, რომლებიც კადიროვის დავალებით გუდერმესის ბაზაზე ჩეჩნეთ „მოხალისეთა“ სწრაფ მომზადებას და მათ უკრაინაში გადასროლას ხელმძღვანელობენ.
  • 25 აგვისტოს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ალაუდინოვი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში დაადანაშაულა. კიევის ცნობით, მიმდინარე წლის მარტ-აპრილში ალაუდინოვმა უშუალო მონაწილეობა მიიღო რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ და პირადად ხელმძღვანელობდა სპეცდანიშულების რაზმ "ახმატის" ქმედებებს რუბეჟნოეში, კრემენნაიასა და სევეროდონეცკში.
  • აპტი ალაუდინოვი იმ პირთა სიაში შედის, რომლებსაც აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს. იგი ითვლება თანამონაწილედ ჩეჩნეთში ლგბტ პირების დევნაში. უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ სწორედ ალაუდინოვი დანიშნა რამზან კადიროვმა ლუგანსკის მიმართულებაზე ოპერაციის პასუხისმგებლად.