ჩრდილო ოსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ გამოაცხადეს

ფოტო არქივიდან.

ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება დასრულდა ჩრდილოეთ ოსეთში. ამის შესახებ სუბიექტის მეთაურმა სერგეი მენიაილომ ვლადიკავკაზში, ნაწილობრივი მობილიზაციის ოპერატიული შტაბის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან განმარტა, შეიარაღებულ ძალებში გაწვევის მიზნით სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისების მუშაობა მოხალისეებისა და კონტრაქტორების მიღებით გაგრძელდება.

მენიაილომ დასძინა, რომ ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის სხვა სუბიექტებში, წვევამდელთა საშემოდგომო გაწვევა დაიწყო.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულმა ნაწილობრივმა სამხედრო მობილიზაცია კი შეშფოთებას იწვევდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილი რუსეთის მოქალაქეა. რუსეთის ხელისუფლებამ სამობილიზაციო პუნქტები საზღვრებთანაც გახსნა, მათ შორის, ლარსის გამშვებ პუნქტთან. როკის გვირაბთან, ზარამაგის გამშვებ პუნქტთან გახსნილ პუნქტში კი ცხინვალში მცხოვრებლებს გადასცეს სამობილიზაციო უწყებები. ოსური მედიის ცნობით, მობილიზებულთა შორის დე ფაქტო „კა-გე-ბე"-ს თანამშრომელიც აღმოჩნდა. ამის შემდეგ დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება გამართა. ადგილობრივ მოსახლეობას კი მოუწოდეს, რომ რუსეთთან საზღვარი სამხრეთ ოსური „პასპორტებით" გადაკვეთონ და არ გამოიყენონ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის საბუთები.

უკმაყოფილო ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებდნენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მხარეს საბრძოლველად უამრავი მოხალისე და კონტრაქტით მოსამსახურე წავიდა ცხინვალიდან და დამატებითი მობილიზაცია მათ აღარ უნდა შეხებოდათ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია მიმდინარე წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული იყო 300 ათასი ადამიანის გაწვევა.