დაქირავებულთა და პატიმართა მთავარსარდალი

ევგენი პრიგოჟინი, კოლაჟი

„პუტინის მზარეულის“ მეტსახელით ცნობილმა რუსმა ბიზნესმენმა, ევგენი პრიგოჟინმა მხოლოდ 2022 წლის სექტემბერში აღიარა თავისი მონაწილეობა კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ შექმნაში. სწორედ ამ დროიდან მოყოლებული პრიგოჟინი იქცევა როგორც თავდაჯერებული და ამბიციური პოლიტიკური ფიგურა. „ვაგნერის“ - ფაქტობრივად უკანონო და პარალელური არმიის - ლეგალიზაციამ ხილული გახადა როგორც პრიგოჟინის მზარდი მონაწილეობა რუსეთის პოლიტიკაში, ასევე თანამედროვე რუსეთის ფეოდალური შინაარსი.

ჩრდილიდან გამოსვლა

„ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები უკრაინაში პირველად 2014 წელს გამოჩნდნენ, თუმცა არც რუსეთის ხელისუფლება, არც „ვაგნერის“ დამფუძნებლები და არც თვითონ მებრძოლები არ აღიარებდნენ კერძო სამხედრო კომპანიის არსებობას. „სრული ანონიმურობა და გაუთქმელობა მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ“ - ასეთი იყო „ვაგნერში“ გაწევრიანების აუცილებელი პირობა.

ყველაფერი შეიცვალა 2022 წლის 24 სექტემბერს, როცა ევგენი პრიგოჟინმა პირადად მიიღო მონაწილეობა ომში დაღუპული „ვაგნერელის“, ალექსეი ნაგინის დაკრძალვაში. პრიგოჟინთან ერთად გამოსამშვიდობებელ ცერემონიას, რომელიც სტალინგრადის ბრძოლის პანორამული მუზეუმის ტრიუმფალურ დარბაზში გაიმართა, ესწრებოდა ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ბოჩაროვიც. ორი დღის შემდეგ, 26 სექტემბერს, პრიგოჟინმა პირველად აღიარა, რომ სწორედ მისი შექმნილია „ვაგნერი“, რასაც მანამდე კატეგორიულად უარყოფდა (რამდენიმე ჟურნალისტს სასამართლოშიც კი უჩივლა იმის გამო, რომ „ვაგნერი“ მის სახელთან დააკავშირეს).

ევგენი პრიგოჟინი

„2014 წელს, როცა დაიწყო დონბასში რუსი მოსახლეობის გენოციდი, პირადად ჩავედი ერთ-ერთ პოლიგონზე, მოვიძიე შეიარაღება, აღჭურვილობა, სპეციალისტები და 2014 წლის 1 მაისს შევქმენი პატრიოტთა ჯგუფი, რომელსაც შემდეგ „ვაგნერი“ეწოდა. მხოლოდ „ვაგნერის“ გამბედაობის და მამაცობის წყალობით გახდა შესაძლებელი ლუგანსკის აეროპორტის და ბევრი სხვა ტერიტორიის გათავისუფლება, რამაც ძირეულად შეცვალა ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ბედი. დიდი ხნის განმავლობაში თავს ვარიდებდი მრავალი მოწინააღმდეგის თავდასხმას ერთი მთავარი მიზნის გამო - დარტყმის ქვეშ არ დამეყენებინა ბიჭები, რომლებიც რუსული პატრიოტიზმის საფუძველს წარმოადგენენ“, - თქვა ევგენი პრიგოჟინმა. არადა, ოფიციალურად რუსეთის კანონმდებლობით დღესაც აკრძალულია კერძო სამხედრო კომპანიის შექმნა და მოქალაქეების დაქირავება ომში მონაწილეობის მიზნით.

2022 წლის 23 თებერვლიდან 24 სექტემბრამდე „ვაგნერსა“ და მის მებრძოლებთან დაკავშირებული ამბები ძალიან იშვიათად ჩნდებოდა რუსეთის მედიაში. რაც ჟონავდა, როგორც წესი, ისიც არაოფიციალურად და მხოლოდ სოციალურ ქსელებში. პრიგოჟინის „ქამინგ აუთის“ შემდეგ რეგიონულმა და ფედერალურმა მედიამ ღიად დაიწყო წერა „ვაგნერის“ მებრძოლების უკრაინასთან ომში მონაწილეობისა და დაღუპვის შესახებ. სწორედ „ვაგნერის ჯგუფის საავიაციო რაზმის“ შემადგენლობაში ირიცხებოდა რუსეთის საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალ-მაიორი კანამატ ბოტაშევი, რომელიც უკრაინაში დაიღუპა და, რის შესახებაც საზოგადოებას აუწყა რუსულმა ტელეგრამარხმა Grey Zone-ამ.

რუსეთის მთავრობის კონტროლირებადმა მედიამ ასევე დაიწყო ინფორმაციის გამოქვეყნება „ვაგნერის“ მიერ გადაბირებული პატიმრების ფრონტზე დაღუპვის შესახებ.

9 ივნისს ციმბირულმა გამოცემა „კურიერ სრედამ“ დაწერა სნაიპერ ვლადიმირ ანდანოვის, მეტსახელად „ვახას“ დაღუპვის შესახებ.

„ბოლო დროს ვახა მუშაობდა „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიაში“, - ნათქვამია პუბლიკაციაში. „ვახა“ ჯერ კიდევ 2014 წელს იბრძოდა დონბასში მოხალისედ, მონაწილეობდა დებალცევოსათვის ბრძოლებში და, უკრაინელი ჟურნალისტების თქმით, გარეული იყო უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახვრეტაში ლოგვინოვოსთან.

„ვაგნერმა“ პატიმრების აქტიური გადაბირება 2022 წლის ზაფხულში დაიწყო. ზაფხულშივე გავრცელდა ინფორმაცია ფრონტზე ზოგიერთი მათგანის დაღუპვის შესახებ.

8 აგვისტოს, ცნობილმა რეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა თავის სატელევიზიო გადაცემაში ახსენა ყოფილი პატიმრისა და „ვაგნერის“ მებრძოლის, კონსტანტინ ტულინოვის დაღუპვის ამბავი.

26 აგვისტოს „მედიაზონამ“ პუბლიკას აუწყა 10 წლით მსჯავრდებული ევგენი ერემენკოს სიკვდილის შესახებაც.

22 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მოკლეს „ვაგნერელი“ ევგენი ხუდიაკოვი, რომელიც ფრონტზე გაგზავნამდე სასჯელს იხდიდა ჩეჩნეთის მეორე ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტისთვის.

იგორ კუსკი

23 სექტემბერს, „ვაგნერის“ მიერ გადაბირებული პატიმრის დაღუპვის შესახებ ღიად დაწერა მსხვილმა რუსულმა მედიაორგანიზაციამ, ყაზანის „ბიზნეს გაზეთმა“, რომლის მიხედვითაც, ბახმუტთან დაიღუპა ნიჟნეკამსკის ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების „კუსკოვსკიეს“ ლიდერი იგორ კუსკი.

Პარადიგმის შეცვლა

ევგენი პრიგოჟინმა არა მარტო ღიად მიიღო მონაწილეობა „ვაგნერელი“ ალექსეი ნაგინის დაკრძალვაში და საჯაროდ აღიარა „ვაგნერთან“ თავისი კავშირი, არამედ მან ასევე საჯაროდ დაიწყო რუსული არმიის სარდლობის კრიტიკა, რაც საინფორმაციო სივრცეში „ვაგნერის“ სრულფასოვან გამოჩენასთან ერთად, კრემლში პრიგოჟინის მზარდი გავლენის პირდაპირი მანიშნებელი უნდა იყოს.

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, პრიგოჟინი ცდილობს გავლენა და ავტორიტეტი მოიპოვოს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების დაძაბულ სისტემაში. ევგენი პრიგოჟინი საჯარო სივრცეში სამხედრო ფორმითა და გმირის ვარსკვლავებით მკერდდამშვენებულიც ჩნდება.

2014 წლიდან მოყოლებული მას მიღებული აქვს როგორც რუსეთის გმირის ვარსკვლავი, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების გმირის ვარსკვლავები. პრიგოჟინის პარადიგმის ცვლილებაზე მეტყველებს ისიც, რომ „ვაგნერის“ დამფუძნებელი ღიად აკრიტიკებს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას და სასამართლოში უჩივის პეტერბურგის გუბერნატორს.

გამოცემა Bellingcat-ის ხელმძღვანელის, ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტის ხრისტო გროზევის თქმით, ომის დაწყებიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში პრიგოჟინი ვერ ახერხებდა დაკავშირებოდა ცალკეულ რუს გენერლებსაც კი, 8 თვის შემდეგ კი იმგვარი მეტამორფოზა განიცადა, რომ ის ხან სარდლების გადადგომას მოითხოვს, ხან გუბერნატორების პასუხისგებაში მიცემას. იგივე ითქმის ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურ რამზან კადიროვზეც, რომელიც, პრიგოჟინის მსგავსად, ასევე კერძო არმიას ფლობს თავისი ე.წ. კადიროვის პოლკების სახით.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ერთ-ერთი ბოლო ანგარიშის მიხედვით, პუტინის გარემოცვაში ორი ჯგუფი ჩამოყალიბდა: ერთი დაინტერესებულია ომის გაგრძელებით, მეორეს კი სურს მოლაპარაკება დასავლეთთან, რათა შეინარჩუნოს საკუთარი ქონება საზღვარგარეთ და შეამსუბუქოს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. ISW-ის ანალიტიკოსების აზრით, სწორედ პრიგოჟინი და კადიროვი არიან უკრაინაში საომარი მოქმედებების გაგრძელების მთავარი მხარდამჭერები. სავარაუდოდ, ისინი ცდილობენ მიაღწიონ დონბასში გარკვეულ ტერიტორიულ წარმატებას, რათა შეინარჩუნონ საკუთარი პოპულარობა და რეპუტაცია ნაციონალისტურ ჯგუფებსა და საინფორმაციო სივრცეში.

ევგენი პრიგოჟინი და რამზან კადიროვი

რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინიც მიიჩნევს, რომ რუსეთში ჩამოყალიბდა კერძო არმიები პრიგოჟინის „ვაგნერისა“ და კადიროვის პოლკების სახით, თანაც ჩამოყალიბდა არა როგორც სახელმწიფო ინსტიტუტები, არამედ როგორც არაფორმალური, ფეოდალური გადმონაშთები.

პოლიტიკური მიმომხილველისა და ჟურნალისტის, იულია ლატინინას აზრით, შეუძლებელია იმის ვერდანახვა, რომ რუსეთში სახელმწიფოს აღარ აქვს მონოპოლია ძალადობაზე.

„თუ სახელმწიფო თმობს ძალადობაზე მონოპოლიას, ეს სახელმწიფო აუცილებლად დაემსგავსება ფეოდალურ სახელმწიფოს, ხოლო ის ადამიანი, ვისაც ჰყავს კერძო არმია, აუცილებლად მოიპოვებს დიდ გავლენას და აუცილებლად შეუქმნის პრობლემებს მმართველს“, - ამბობს იულია ლატინინა.

იულია ლატინინა

თუმცა, კარნეგის ცენტრის ექსპერტის ანდრეი კოლესნიკოვის თქმით, პრიგოჟინს ბევრი რამ გამოსდის სწორედ იმიტომ, რომ პუტინი მის საჭიროებას ხედავს.

„პუტინს ახლა ის სჭირდება, რადგან პუტინს ნებისმიერ ფასად სჭირდება სამხედრო ეფექტურობა... მომთაბარე ბანდიტი ჩვენ თვალწინ იქცა სტაციონარულ ბანდიტად. გახდება თუ არა ის პუტინის კონკურენტი? ვფიქრობ, რომ პუტინს ჯერ მართვის ყველა ბერკეტი უპყრია ხელთ. პუტინი იყენებს პრიგოჟინს და, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია თავიდან მოიშოროს იგი. სავარაუდოდ ასეც მოხდება, თუმცა ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დახვეწილად იმოქმედებს პრიგოჟინი პუტინთან მიმართებით, რამდენად წარმატებით დაამტკიცებს თავის ქმედითუნარიანობას და სამომავლო პოლიტიკური ამბიციების არქონას. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მას“, - ამბობს ანდრეი კოლესნიკოვი.

ანდრეი კოლესნიკოვი

რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კერძო სამხედრო კომპანიის შექმნასა და რუსეთის მოქალაქეების (მით უფრო პატიმრობაში მყოფი პირების) დაქირავებულ მებრძოლებად აყვანას, რასაც ევგენი პრიგოჟინი და მისი კომპანია „ვაგნერი“ თითქმის ათი წლის განმავლობაში აკეთებენ. როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ პრიგოჟინს არაფრად მიაჩნია რუსეთის კანონმდებლობის დარღვევა და, შესაბამისად, არც ადგილობრივი სასამართლოს წინაშე წარდგომის ეშინია.

Telegram-ში დასმულ კითხვას:დასაშვებად მიაჩნია თუ არა, რომ ის შესაძლოა პასუხისგებაში მისცენ „ვაგნერის“ კანონით აკრძალული საქმიანობისთვის, კერძო მინიარმიის მფლობელმა ბიზნესმენმა ევგენი პრიგოჟინმა 1 ნოემბერს ასე უპასუხა:

„სწორედ ეს ათობით ათასი დაქირავებული იბრძვის დედა რუსეთისთვის. როგორც კი ათიათასობით კრიტიკოსი ადგება და ხელში აიღებს მათ იარაღს, მე თვითონაც დავადებ მათ და საკუთარ თავსაც ხელბორკილებს. კიდევ არის კითხვები? არა? ჩაისვარეთ? მაშინ დახურეთ პირები! ყოველდღიურად ათობით ჩემი ბიჭი იღუპება იმის გამო, რომ დაქირავებული ჯარისკაცებით უკმაყოფილო არსებები სხედან თავიანთი ვარდისფერი უკანალებით თბილ დივნებზე და ტელევიზორის წინ ლაყბობენ. მიდით, გაბედეთ აბა! აიღეთ ტყვიამფრქვევები და „დახოცეთ“ მტრები!“

ევგენი პრიგოჟინი და ვლადიმირ პუტინი

თუმცა ევგენი პრიგოჟინის გასამართლებაზე მხოლოდ რუსეთში არ ფიქრობენ. ბრიტანულმა იურიდიულმა ფირმამ McCue Jury&Partners-მა ომით დაზარალებული უკრაინელების სახელით რუს ბიზნესმენს და მის მიერ დაარსებულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ სასამართლოში უჩივლა.

ბრიტანელი იურისტების შეფასებით, აშკარაა პრიგოჟინის, „ვაგნერისა“ და პუტინის სამხედრო მანქანის შეთქმულება უკრაინელი ხალხის დატერორების მიზნით. მოსარჩელეთა მოთხოვნაა პროგოჟინისა და „ვაგნერისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრება და ზარალის ანაზღაურება. ბრიტანული იურიდიული ფირმის განცხადებით, ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა კერძო სამხედრო კომპანიას სასამართლოში უჩივიან უკანონო ომის საწარმოებლად ტერორიზმის გამოყენებისა და სახელმწიფოსთან შეთქმულებისთვის.