დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, საქართველოს თასის ფინალში მეოთხე ლიგაში მოთამაშე გუნდი გავიდა - თბილისის „ლოკომოტივი-2“-მა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალში ტიტულოვან კლუბს - „საბურთალოს“ აჯობა. თამაშის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა და „ლოკომოტივი-2“-მა პენალტების სერიაში მოიგო, ანგარიშით 7:6.
„ლოკომოტივის“ მეორე გუნდი ლიგა 4-ში გამოდის და საქართველოს უძლიერეს კლუბებთან კონკურენციაში ასე წინ წასვლას მისგან ცოტა თუ ელოდა. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ „ლოკომოტივისთვის“ მიმდინარე სეზონი ძალიან წარუმატებელია - მთავარი გუნდი ლიგიდანაც გავარდა და თასის გათამაშებასაც საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა.
საქართველოს თასის ფინალი 7 დეკემბერს, ბათუმში გაიმართება და „ლოკომოტივი-2“ ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში „დინამო თბილისი“ დაამარცხა - 2:0.