საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ გაგრძელდება ის პროგრამები, რომლებიც საქართველოს მოსამართლეების მუშაობას წაადგება. ელჩმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსამართლეთა მოსაზრებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართულ შეხვედრებზე მოისმინა.
"ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, რომ შევხვედროდი უამრავ მოსამართლეს საქართველოს მასშტაბით. ძალიან ბევრ მათგანს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული გაცვლით პროგრამებში, სასწავლო ტრენინგებში, ასევე, როდესაც ამერიკელი მოსამართლეები ჩამოდიან საქართველოში და სხვადასხვა ტიპის შეხვედრები იმართება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასთან დაკავშირებით.
მე რაც მოვისმინე, ყველა მათგანი დაინტერესებულია, რომ ასეთი შესაძლებლობები იყოს კიდევ უფრო მეტი, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს არის ძალიან ღირებული, როდესაც შეუძლიათ საკუთარი აზრები გაუზიარონ ამერიკელ მოსამართლეებს, მათგან მოისმინონ, რა გამოწვევები არსებობს და როგორ შეიძლება გადალახვა. როგორც წესი, ეს არის ნაყოფიერი აზრთა გაცვლა-გამოცვლა და ემსახურება იმ ძალისხმევას, რაც მიმართულია სასამართლო სისტემის მოდერნიზებაზე... ჩვენ გავაგრძელებთ მოსამართლეთა მხარდაჭერას, რომ შეძლონ იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც დამყარებული იქნება მტკიცებულებებზე", - თქვა ელჩმა.
საქართველოდან აშშ-ში მოსამართლეების ვიზიტების საკითხი მას შემდეგაა აქტუალური, რაც 20 მაისს ცნობილი გახდა, რომ „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან მოიხსნა.
ამერიკის მთავრობის დაფინანსებით ქართველ მოსამართლეებს აქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდნენ ამერიკული სასამართლოს ხელმძღვანელ პირებს, ადმინისტრატორებს და ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს, გაეცნონ ამერიკულ სასამართლოებს, საქმის წარმოების წესსა და ეთიკას.
აშშ-ს საელჩოს პროგრამა, რომლითაც მოსამართლეები ამერიკელი მოსამართლეების გამოცდილებას ეცნობიან, ჟურნალისტებთან კომენტარში დააკნინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალარჩეულმა წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ.
ასევე ნახეთ „ხუთი დღით წავლენ, დაათვალიერებენ შენობებს" - მურუსიძე აკრიტიკებს აშშ-ში მოსამართლეების ვიზიტებს"ის კი არ გვჭირდება, რომ მოსამართლეები ექსკურსიაზე დაჰყავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხუთი დღე რა უნდა ისწავლოს მოსამართლემ იქ? რომელი კვალიფიკაციის ასამაღლებლად? მაგიტომ მინდა, რომ შევხვდე [საერთაშორისო პარტნიორებს]. ის თანხა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ცოტა ჭკვიანურად, კარგად, მოხდეს ისე, რომ ეფექტური იყოს. ვთქვათ, სამოქალაქოს მოსამართლეები მიდიან ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოცდილების გასაზიარებლად. ამერიკული სამოქალაქო სამართალი და ჩვენი ისე არის ერთმანეთთან, როგორც ამერიკული და ევროპული ფეხბურთი - ისინი ხელით თამაშობენ, ჩვენ - ფეხით", - თქვა მურუსიძემ.