სეულში, ჰელოუინის დღესასწაულის დროს მომხდარ ჭყლეტაში 120 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჰელოუინის დღესასწაულების დროს მომხდარი ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 120 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 100 დაშავდა. ამის შესახებ The Korea Herald-ი იტყობინება.
დაზარალებულები იტჰევონის რაიონში მდებარე სასტუმრო "ჰამილტონის" მახლობლად ვიწრო ქუჩაზე შეკრებილ ხალხის მასიდან იყვნენ.

როგორც Associated Press-ი წერს დაზარალებულთა დასახმარებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით 800-ზე მეტი მაშველია ჩართული. სეულის სახანძრო სამსახურის უფროსის თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან დაშავებულთა დაუზუსტებელი რაოდენობა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, იტჰევონის მიმდებარე ქუჩებში ჰელოუინის აღსანიშნავად 100 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. სეულის მაცხოვრებლებისთვის ეს არის COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ ჰელოუინის წინა პირველი უქმეებ , როდესაც აღარ არის საჭირო კორონავირუსის შეზღუდვების დაცვა.