„გვიბრძანეს, დაგხოცოთ“ - 30 წელი პრიგოროდნის კონფლიქტიდან 

რუსული ჯარი პრიგოროდნის რაიონში, 1992 წლის 26 ნოემბერი.

30 ოქტომბერს 30 წელი სრულდება პრიგოროდნის კონფლიქტიდან, რომელიც ინგუშეთსა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის მოხდა და ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

სადავო მიწა, იგივე პრიგოროდნი, ვლადიკავკაზსა და მისი გარშემო 40 დასახლებულ პუნქტს - სოფლებსა და დაბებს მოიცავს. 1992 წელს ეს ტერიტორია ბრძოლის ველად გადაიქცა.

ინგუშეთის კოშკები

„30-31 ოქტომბერს ღამე დაიწყო სროლა. არავინ იცოდა, საით ისროდნენ და რატომ. ბავშვები ტიროდნენ, მაშინ სადღაც 36 წლის ვიყავი, უკვე ხუთი შვილი მყავდა, - იხსენებს სამოქალაქო აქტივისტი მაკშარიპ ტიბოევი, რომელიც მაშინ პრიგოროდნის რაიონში, დაბა ოქტომბერში ცხოვრობდა.

კაცი არ არის ინგუშეთში, ვისაც ამ კონფლიქტის დროს ახლობელი არ დაეღუპა. ჩემს ნათესავს თავი მოაჭრეს. 200 ადამიანზე მეტი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, 400-მდე გარდაიცვალა. ძალიან ბევრი ქალი და ბავშვი დაიღუპა. ქალებმა, რომლებიც მაშინ სამშობიაროებში იწვნენ, ბავშვების გამოყვანა ვერ მოახერხეს. არ ვიცით, დახოცეს ეს ბავშვები, გააშვილეს, თუ რა ქნეს. დედები დღემდე ეძებენ“, - ჰყვება სულტიგოვ სარაჟდინი, „მეხკ კხელის“ (ხალხის საბჭო) თანათავმჯდომარე.

1944 წელი - ინგუშების დეპორტაცია

1992 წლის მოვლენებზე საუბრისას ინგუშები აუცილებლად ახსენებენ პროცესებს, რომელიც საუკუნის წინ მოხდა და დროთა განმავლობაში პრიგოროდნის კონფლიქტს დაუდო სათავე.

ინგუშოლოგი მარიამ ბეჟიტაშვილი ჰყვება, რომ ტერიტორია, რომელსაც ახლა პრიგოროდნი ეწოდება და ინგუშეთის მთელი ტერიტორიის 40 პროცენტს შეადგენს, ინგუშური სახელმწიფოებრიობის აკვანია. 1924 წელს, სწორედ აქ წარმოიშვა ინგუშეთის ავტონომიური ოლქი, დედაქალაქით - ვლადიკავკაზში (მოგვიანებით მას ორჯონიკიძეც ერქვა). ამ რაიონში 40-ზე მეტი ძირძველი ინგუშური დასახლება მდებარეობს. დეპორტაციამდე აქ ინგუშური მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობდა.

ვლადიკავკაზი

1933 წელს ვლადიკავკაზი, სტალინის ინიციატივით, ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს მიაკუთვნეს. ინგუშეთი პოლიტიკურ-კულტურული ცენტრის გარეშე დარჩა.

დედაქალაქის გარეშე დარჩენილი ავტონომია მეზობელ ჩეჩნეთს შეუერთეს. ინგუშებს და ჩეჩნებს მონათესავე ენები და წარმომავლობა აქვთ, მაგრამ ერთი და იგივე ერი ნამდვილად არ არის. 1944 წლამდე და 1956-1991 წლებში ინგუშეთის ცენტრიც გროზნო იყო. საკუთრივ ინგუშეთის რაიონებში არც პროფესიული და არც უმაღლესი სასწავლებლები არ შენდებოდა, არც ფაბრიკა-ქარხნები, არც კულტურული დაწესებულებები, - ჰყვება მარიამ ბეჟიტაშვილი, - „1944 წელს ინგუშებმა ერად წოდების უფლება დაკარგეს. საბჭოთა ხელმძღვანელობამ შეიმუშავა ფსევდობრალდება, რომ ინგუშები, ჩეჩნები, ყარაჩაელები და ბალყარელები არაკეთისაიმედო ხალხებია, ჰიტლერთან თანამშრომლობენ და ფაშისტებს კავკასიონზე გზებს უკვალავენ. ამავე წლის 23 თებერვალს ჩეჩნები და ინგუშები ერთ ღამეში აჰყარეს და შუა აზიაში გადაასახლეს. სამშობლოდან გააძევეს დაახლოებით 800 ათასი ინგუში, რომელთა ნახევარიც გზაში ან გადასახლებაში დაიღუპა. გვამებს გაქანებული მატარებლიდან ჰყრიდნენ ტრამალებში“.

დეპორტაციის მსხვერპლთა მემორიალი ინგუშეთში

1992 წლის ოქტომბერი

ვალერი ძუცატი, ანალიტიკოსი ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში ჯეიმსთაუნის ფონდიდან, ამბობს, რომ 1992 წლის კონფლიქტის მიზეზი, ერთი მხრივ, სადავო ტერიტორიები იყო, მეორე მხრივ კი, მოსკოვის ჩანაფიქრი.

„ინგუშებს ამ ტერიტორიების უკან დაბრუნება სურდათ, თუმცა ის უკვე ოსებით იყო დასახლებული. რაც შეეხება მოსკოვს, ეს ის დროა, როდესაც ჩეჩნეთის კვაზიდამოუკიდებული სახელმწიფო ყალიბდება. რუსეთი ვარაუდობდა, რომ ჩეჩნეთის პრობლემას პრიგოროდნის კონფლიქტის ხარჯზე მოაგვარებდა“.

კრემლის გათვლებით, ჩეჩნები ინგუშების დასახმარებლად წამოვიდოდნენ, მაგრამ დუდაევი ასე არ მოქცეულა, რამაც ამ კონფლიქტს ცოტა სხვა მიმართულება მისცა. მანამდე კი მოსკოვი, ერთი მხრივ, ინგუშებს ჰპირდებოდა ტერიტორების დაბრუნებას, მეორე მხრივ კი, იქ დასახლებულ ოსებს ეუბნებოდა, მშვიდად ყოფილიყვნენ და სახლები არ დაეტოვებინათ.

თავადაც პრიგოროდნის რაიონიდან ვარ, მახსოვს ხალხში ხმები დადიოდა, რომ ინგუშები იარაღისთვის ფულს აგროვებდნენ. ინგუშები ომს არ ელოდნენ. ფიქრობდნენ, სადავო ტერიტორიებს აიღებდნენ, მოსკოვი მშვიდობისმყოფელებს შემოიყვანდა და საზღვრები მათ სასარგებლოდ შეიცვლებოდა. საბოლოოდ კი ყველაფერი სასაკლაოდ იქცა“, - ამბობს ვალერი ძუცატი და ჰყვება, რომ სროლა პირველად ინგუშებმა დაიწყეს, - ამას მგონი არც არავინ უარყოფს. 31 ოქტომბერს ყანაში სიმინდის ასაღებად გამოვედი და სროლა დაიწყო. ვიფიქრე, ალბათ ყაჩაღები არიან-მეთქი. სროლის ხმას გავყევი. მილიციის შენობა იწვოდა, ირგვლივ ინგუშები იდგნენ. შეიარაღებულები არ იყვნენ. ვინ ისროდა და ვის ესროდნენ, არ დამინახავს. ისევ გაისმა სროლის ხმა და ხალხი გაიფანტა, მეც გამოვიქეცი. მოკლედ, ასე დაიწყო... მერე კი ნამდვილად ეთნიკური წმენდა იყო, ინგუშები გაყარეს, ზოგი სოფლიდან თავისითაც წავიდნენ. ინგუში მეტი დაიხოცა, ვიდრე ოსი, თუმცა, ოსებიც დაიღუპნენ, ჩემი ნაცნობებიც მათ შორის“.

29, 30, 31 ოქტომბერი - ყველაფერი ამ სამ დღეში გადაწყდა, თუმცა ინგუშ მაკშარიპ ტიბოევს სამუდამოდ დაამახსოვდა ამბავი, რომელიც კონფლიქტამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.

„სოფელში ვიდექით, ოსები სატვირთო მანქანებით შემოვიდნენ და ბლოკები სად დავაყენოთო, გვკითხეს. ანუ ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებამ ბლოკები გამოგზავნა. რად გვინდა-მეთქი და სოფელი რომ დაიცვათო. გაოგნებული ვიყავი. დააყენეს ეს ბლოკები და წავედით. მერე ტელევიზიები მოვიდნენ. რუსეთის ცენტრალურმა ტელევიზიამვესტიმგადმოსცა, სოფელში სახლი აღარ დარჩა მთელიო. არადა, ჯერ ერთი ტყვიაც არ გაესროლა არავის“, - ჰყვება ტიბოევი და იმ დღეებსაც იხსენებს, როდესაც სროლა მართლა დაიწყო, - ბავშვები სარდაფებში ჩავიყვანეთ. ძალიან ძნელია, როდესაც რუსული ტანკი მოდის და პირდაპირ გესვრის. ეკითხები: „რა დაგიშავეთ?”, „არ ვიცით, ბრძანება გვაქვს, დაგხოცოთ!“. ზოგი ოფიცერი თავად გვეუბნებოდა: „ბიჭებო, გვიბრძანეს, დაგხოცოთ, დაიმალეთ“. სერგეი შოიგუ ჩამოვიდა, დღევანდელი თავდაცვის მინისტრი (მაშინ შოიგუ რუსეთის სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის კომიტეტის ხელმძღვანელი იყო - ..) და რუსეთის მთავრობას მიმართა,საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლადჩრდილოეთ ოსეთისთვის შეიარაღება გამოეყო. გამოყვეს, როგორც ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე ტანკებიც“.

ინგუშების აქცია ევროპაში, 2019 წელი.

მარიამ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ მართალია ამ პროცესებს კონფლიქტი ჰქვია, მაგრამ სინამდვილეში ნამდვილი ეთნიკური წმენდა იყო.

წინა ღამით ინგუშთა სახლები დანიშნეს და მეორე დღეს დაიწყო თავდასხმა, გატაცებები, ადგილზე დახრეტა, წამება... ქალების და ბავშვების ათეულობით გვამი იპოვეს თავმოკვეთილი, დანაწევრებული, დამწვარი. აღმოაჩინეს მასობრივი საფლავები... 18 ინგუშური სოფელი გაასწორეს მიწასთან. 35 ათასზე მეტი ინგუში დევნილად იქცა. იმ ხალხისთვის, რომელთა რაოდენობაც სულ ნახევარი მილიონია, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია“.

1992 წელს დაღუპულთა მემორიალი ინგუშეთში.

ორგანიზაცია „მემორიალის“ ანგარიშში წერია, რომ მომხდარის შედეგად პრიგოროდნის რაიონი 9 ათასამდე ოსმა დატოვა, თუმცა მოგვიანებით 6 ათასზე მეტი ისევ უკან დაბრუნდა. დაინგრა ათასამდე ეთნიკური ოსის და სამი ათასამდე ეთნიკური ინგუშის სახლი. ნგრევაში ბრალი დიდწილად რუსეთის ხელმძღვანელობას მიუძღვის, მათ, ვინც საგანგებო სიტუაცია შემოიღეს. ისინი ვალდებულები იყვნენ, მშვიდობიანი მოქალაქეები ძალადობისგან დაეცვათ, მათი ქონება კი - განადგურებისგან...“, - წერს „მემორიალი“ და იქვე აღნიშნავს, რომ ინგუშების სახლებს მიზანმიმართულად ანადგურებდნენ, - ამას განსაკუთრებით ცხადყოფს დაბა ტარკოე, სადაც საბრძოლო მოქმედებები საერთოდ არ მიმდინარეობდა, მაგრამ დაბის ის ნაწილი, სადაც ინგუშები ცხოვრობდნენ, მთლიანად დაანგრიეს, ოსების სახლებისთვის კი ხელი არ უხლიათ“.

მაშინ მოსკოვიდან გენპროკურატურის საგამოძიებო ჯგუფი ჩამოვიდა. ჩამოთვალეს ყველა დანაშაული, მაგრამ საქმის აღძვრაზე უარი თქვეს, დანაშაულის ნიშნები არ არსებობსო. ეს მხოლოდ რუსეთში თუ მოხდებოდა“, - ჰყვება სულტიგოვ სარაჟდინი.

ინგუშები ამბობენ, რომ დღეს კონფლიქტი გაყინულია, ინგუშებს კი არანაირი ძალა არ შესწევთ თავიანთი უფლებებისთვის იბრძოლონ.

მაგრამ როგორ გადანაწილდება მსოფლიო, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა უკრაინასთან ომისა და სანქციების გამო კავკასიის კონტროლი ვეღარ შეძლო? ზურაბ ბენდიანაშვილი, თავმჯდომარე კოალიციისა „დევნილთა უფლებებისათვის“ ამბობს, რომ ჩრდილოეთ ოსეთისა და ინგუშეთის კონფლიქტის განახლების საფრთხე არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს იქ სიმშვიდეა.

თან ჩრდილოეთ ოსეთმა ყაბარდოელების ტერიტორიების ხარჯზეც შექმნა სახელმწიფო და შეიძლება აქაც შეიქმნას პრობლემა. ამიტომ შიში იმისა, რომ თუ რუსეთი დასუსტდა - და ეს აუცილებლად მოხდება, თვეების ამბავია - კონფლიქტი შეიძლება განახლდეს, რეალურია“, - ამბობს ზურაბ ბენდიანაშვილი და აღნიშნავს, რომ პრიგოროდნის რაიონში კონფლიქტის შემდეგ ხალხი ერთმანეთს არ შერიგებია.

ჩემი სახლი დაიწვა. ჩემს ეზოში ახლა სხვა ცხოვრობს და მე იქ არ მიშვებენ, - ამბობს მაკშარიპ ტიბოევი, - როდესაც მივედი, რომ მენახა, რა დარჩა ჩემი სახლისგან, პოლიციამ დამაპატიმრა. გამომიცხადა, ამის უფლება არ გაქვსო. რატომ, საკუთარ სახლს რომ ვუყურებ? კვლავაც შევხედავ და საშუალება მომეცემა თუ არა, დავიბრუნებ“.