აშშ-მა უკრაინას გამოუყო მორიგი დახმარების პაკეტი, რომლის ღირებულება 275 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ახალი დახმარების შესახებ პარასკევს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და თავდაცვის სამინისტრომ ერთობლივად განაცხადეს.
ოფიციალური ცნობის თანახმად, დახმარების ახალი პაკეტით უკრაინის არმია მიიღებს კიდევ 2 ერთეულ ზალპური ცეცხლის მობილურ სისტემა HIMARS-ს, 500 მართვად ჭურვს 155-მმ-იანი ჰაუბიცებისთვის, 1300-ზე მეტ გადასატან ანტისატანკო სისტემებს, 125 ერთეულ ჯავშანმანქანა Humvee-ს და 4 ანტენას სატელიტური კავშირგაბმულობისთვის. მთელი ეს საბრძოლო მასალა უკრაინას პენტაგონის რეზერვებიდან გადაეცემა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ეს 2021 წლის აგვისტოდან უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების 24-ე პაკეტია, რაც ჯამში თითქმის 18 მილიარდ დოლარს უტოლდება. "ზემოხსენებული სისტემები გავლენას ახდენს სამხედრო ოპერაციების მსვლელობაზე, რის გამოც, მაგალითად, ჩვენ უკრაინას HIMARS-ის სისტემებისთვის მეტ რაკეტას ვაწვდით", - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა საბრინა სინგჰმა. მისივე თქმით, სატელიტური საკომუნიკაციო სისტემები უკრაინის არმიისთვის უზრუნველყოფს კომუნიკაციების ხელმისაწვდომობას იმ პირობებში, როდესაც რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურას ანადგურებს.
27 ოქტომბერს, თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნოემბრის დასაწყისში, აშშ უკრაინას გადასცემს საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებსაც (NASAM). ლაპარაკია 2 ერთეულზე.
ასევე ნახეთ
აშშ-მა უკრაინას პირველად გადასცა NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ორი ერთეულიNASAMS-ის საშუალო რადიუსის მოქმედების მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემა განკუთვნილია საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად დაბალ და საშუალო სიმაღლეზე ნებისმიერი ამინდის პირობებში. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ადრე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აპირებს, უკრაინას მიაწოდოს ამ თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემის რვა ერთეული, როგორც უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ნაწილი.