„მთავარი არხის“ მედიაჯგუფი საპატრიარქოში ბრიფინგზე არ შეუშვეს

"მთავარი არხის" ჟურნალისტი, რომელიც საპატრიარქოში არ შეუშვეს

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი საპატრიარქოში 28 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე დასასწრებად არ შეუშვეს.

მოგვიანებით, მედიის კითხვაზე, თუ რა გახდა ამის მიზეზი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ მიზეზი წარსულში ამ ტელეკომპანიის სხვა გადამღები ჯგუფის საქციელია.

„მთავარი არხი“ საპატრიარქოში რატომ არ შემოდის ჩვენი გადაწყვეტილებით, გეტყვით. იმიტომ რომ ერთხელ, მსგავსი პრესკონფერენციის დროს, რომელიც ჩატარდა მეორე სართულზე, სადაც არის პატრიარქის კანცელარია, „მთავარი არხის“ ოპერატორი, თავის ჟურნალისტთან ერთად, უმართავად დარბოდნენ ყველა ოთახში. არაფერი არ შეისმინეს ჩვენი. ყველა ოთახში გააღეს კარი და შეიხედეს. უბრალოდ შეუძლებელი იყო იქ მათი გაკავება. ამიტომ ასეთი უსაქციელობის დარეგულირება მხოლოდ შეგვიძლია იმით, რომ უბრალოდ არ შემოვუშვათ ჩვენ აქ, უბრალოდ სხვა ძალები არ გვაქვს", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი თეო გილიგაშვილი ამბობს, რომ „შემთხვევა, რომელზეც ანდრია ჯაღმაიძემ ისაუბრა, არ ყოფილა, „მთავარი არხის“ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენება მუდმივად ხდება“.

ანდრია ჯაღმაიძე, "რუსთავი 2"-ის პირობებშიც და „მთავარ არხთან“ მიმართებითაც, პრინციპულად გვეუბნებოდა, რომ ჩვენთან არ თანამშრომლობს, მაგრამ ეს ეხებოდა სატელეფონო ზარებს, კომენტარებს და ახლა, უკვე მესამე ბრიფინგია, რომელზე დასწრების უფლებასაც არ გვაძლევენ. რაც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში გვაყენებს და გარდა ამისა, არ გვაქვს უფლება, წვდომა გვქონდეს ინფორმაციაზე, რომელსაც ავრცელებენ. რაც შეხება ვიდეოებს, რომელიც ჟურნალისტების უსაქციელობის დამადასტურებლად აჩვენა, იქ არც ერთ ვიდეოში „მთავარი არხის“ ჟურნალისტი არ ყოფილა“, - ამბობს თეო გილიგაშვილი.

„მთავარი არხი“ თავისი გადამღები ჯგუფისთვის საპატრიარქოში შეშვებაზე უარის გამო განცხადების გავრცელებასაც აპირებს.

დღეს, 28 ოქტომბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ საპატრიარქო სხვადასხვა ღონისძიების გასაშუქებლად მედიისთვის რეგულაციებს აწესებს, მათ შორის იგულისხმება წინასწარი აკრედიტება, რიგ შემთხვევებში კი საპატრიარქო თავად გადაწყვეტს ღონისძიებაზე მედიის დასწრების საკითხს.

კითხვაზე, იქნება თუ არა შერჩევითი მიდგომა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ "იქნება ზოგიერთ შემთხვევაში შერჩევითობაც" და გადაწყვეტილებას სპეციალური სამსახური მიიღებს.