“ხელშეუხებლობა დასრულდა” - რატომ გაიქცა ქსენია სობჩაკი რუსეთიდან?

ქსენია სობჩაკს (მარცხნივ) არ ესმის, რატომ ითხოვს ერთ-ერთი თბილისური ბარი რუსეთის მოქალაქეებისგან ოკუპაციის დაგმობას. თბილისი, 2022 წლის სექტემბერი.

ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა, რომელსაც რუსეთში ბევრი “ჯიბის ოპოზიციას” უწოდებს, ქვეყანა დატოვა. კრემლის მართული მედია ამტკიცებს, რომ პოლიცია დაჭერას უპირებდა და მის ინდულგენციას ვადა გაუვიდა.

ოპოზიციონერმა ქვეყანა დატოვა 26 ოქტომბერს და ახლა ლიეტუვაში იმყოფება. იქამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიციამ ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავა მისი ფინანსური დირექტორი, კირილ სუხანოვი, სობჩაკის სახლი კი გაჩხრიკა.

ქსენია სობჩაკი მედიაჰოლდინგ “ასტაროჟნო მედიას” მფლობელია. ამ ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის ტელეგრამის არხი “ტუშიტე სვეტ”, რომელიც ჰყვება გავლენიან რუსებსა და მათ ცხოვრებაზე. გამოძიების მტკიცებით, სუხანოვი სძალავდა 11 მილიონ რუბლს სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ტექნოლოგიური კომპანიის, “როსტეხის” ხელმძღვანელს და სანაცვლოდ ჰპირდებოდა, რომ არხი მის შესახებ კრიტიკულ მასალას არ გამოაქვეყნებდა.

ხელისუფლების მხარდამჭერი ტელეგრამარხი “112” ამტკიცებს, რომ დაზარალებული ვასილი ბროვკოა, პროდიუსერ თინა კანდელაკის ქმარი. კრემლის მიერ კონტროლირებადი “ტასი“ კი წერს, რომ გამოძალვაში ბრალი თავად ქსენია სობჩაკსაც ედება და იგი ლიეტუვაში სწორედ ამიტომ გაიქცა.

ქსენია სობჩაკს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. მხოლოდ ის დაწერა, იმედია, სუხანოვის დაპატიმრება უბრალოდ გაუგებრობააო, შემდეგ კი უარყო კავშირი “ტუშიტე სვეტთან“.

“არც წვდომა მაქვს და არც რაიმენაირად ვერევი მათ რედაქციაში”, - დაწერა მან საკუთარ ტელეგრამში.

ვინ არის ქსენია სობჩაკი?

დიდი ამბავი, თუ რუს ოპოზიციონერს დაჭერას უპირებენ? არაფერიც! რუსეთში ქსენია სობჩაკი რიგით ოპოზიციონერად ცოტას თუ მიაჩნია.

ის ცნობილი რუსი პოლიტიკოსის, სანქტ-პეტერბურგის ყოფილი მერის, ანატოლი სობჩაკის შვილია. იმ ანატოლი სობჩაკის, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ვლადიმირ პუტინს ეხმარებოდა პოლიტიკურ აღმასვლაში.

2000-იანებში ქსენია სობჩაკმა არაერთ რუსულ ტელევიზიაში წამყვანად იმუშავა, მათ შორის ოპოზიციურ “დოჟდშიც”. პოლიტიკაში 2011 წლის ბოლოს ჩაერთო. ის მონაწილეობდა 2-წლიან საპროტესტო მოძრაობაში და ათასობით რუსეთის მოქალაქესთან ერთად ამტკიცებდა, რომ ჯერ 2011 წლის საპარლამენტო, შემდეგ კი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო.

თუმცა კრემლის სხვა მოწინააღმდეგეებისგან, მაგალითად, ბორის ნემცოვისა და ალექსეი ნავალნისგან განსხვავებით, მას უფრო თავშეკავებული პოზიცია ეკავა - ითხოვდა რეფორმებს, თუმცა არა ვლადიმირ პუტინის გადადგომას.

2018 წელს იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა. თუმცა კრემლის კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ იგი ფასადური ოპოზიციაა. პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ალექსეი ნავალნიმ მაშინ სობჩაკს “ხელისუფლების მაქინაციის ნაწილი” უწოდა.

ამ მოსაზრებას იზიარებს მისი საარჩევნო შტაბის ყოფილი წევრიც, რომელიც “რადიო თავისუფლებას” ანონიმურობის პირობით ესაუბრა. “ყველამ ყველაფერი კარგად ვიცოდით”, - თქვა მან. თავად ქსენია სობჩაკი კრემლთან კავშირს დღემდე უარყოფს.

რატომ ახლა?

უკრაინაში ომის დაწყებიდან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, სობჩაკსა და მის თანამშრომლებზე არ ვრცელდებოდა ის დევნა, რომელიც კრემლმა ოპოზიციურ მედიას მოუწყო. ომის ომად მოხსენიება აიკრძალა, “ჯარის დისკრედიტაციისა” და “სამხედრო ფეიკების” გავრცელების ბრალდებებს კი რუსეთიდან ასობით ჟურნალისტი გაექცა. თითქმის ყველა ოპოზიციური მედიის ვებგვერდი უბრალოდ დაიბლოკა.

სამართალდამცველები სობჩაკსა და მის თანამშრომლებს არ ეხებოდნენ, სამაგიეროდ ხშირად ინტერესდებოდნენ მისი სიუჟეტების გმირებით. მაგალითად, 7 სექტემბერს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა დოკუმენტალისტ ვიტალი მანსკის წინააღმდეგ, რომელიც მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებს თანხის მიტაცებაში ადანაშაულებდა.

აი უკვე სობჩაკის თანამშრომლებით კი პოლიცია პირველად წინა კვირას დაინტერესდა. ქალაქ ტვერში დააკავეს ორი ჟურნალისტი. ისინი ჰყვებოდნენ იმ რთულ პირობებზე, რომელიც "მობილიზებულ" წვევამდელებს ყაზარმებში ხვდებათ.

რატომ ახლა? კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, ვლადიმირ სოლოვიოვი აცხადებს, რომ ქსენია სობჩაკის “ხელშეუხებლობა დასრულდა”, რადგან დაკავებულმა თანამშრომელმა რაღაცაში ამხილა.

“აქამდე მას ყველაფერი გასდიოდა”, - თქვა სოლოვიოვმა საკუთარი საავტორო გადაცემის ეთერში. “ეს ნიშნავს, რომ მოხდა ისეთი რანგის ღალატი, რომლის პატიებაც უკვე შეუძლებელია”.

ქსენია სობჩაკის იუთუბარხს ჰყავს 3 მილიონზე მეტი გამომწერი. საქართველოში ბევრმა გაიცნო ოქტომბრის დასაწყისში. 3 ოქტომბერს ატვირთულ ვიდეოში, სობჩაკი აკრიტიკებს ერთ-ერთ თბილისურ ბარს იმის გამო, რომ იქ შესასვლელად რუსეთის მოქალაქეებს ანკეტის შევსება და რუსული ოკუპაციის დაგმობა უწევთ.

“გერმანიაში თუ გახსნით ბარს და გააკეთებთ ფორმას, რომლის შევსებაც ყველა ებრაელს მოუწევს, დარწმუნებული ვარ, თქვენს ბარს მომდევნო დღესვე დაკეტავენ”, - ეუბნება სობჩაკი ვიდეოში ბარის მფლობელს. ლიეტუვის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ქვეყნის საზღვარი მან ისრაელის პასპორტით გადაკვეთა.