ხოშტარია, ჯაფარიძე და ვაშაძე: "ოცნებას" თქვენივე კონტროლირებად არხზე შეხვედრას გთავაზობთ

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, „გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე

სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერები ერთობლივ განცხადებაში მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას", სატელევიზიო ეთერებში შეხვედრასა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ხარვეზების განხილვას სთავაზობენ. "სტრატეგია აღმაშენებლიდან" გიორგი ვაშაძე, "დროადან" ელენე ხოშტარია და "გირჩი-მეტი თავისუფლებიდან" ზურა ჯაფარიძე მმართველი პარტიის პასუხს ელოდებიან.

"მივმართავთ "ქართულ ოცნებას", თუ ივანიშვილი ნებას დაგრთავთ, მზად ვართ თქვენთან ერთად ნებისმიერ თქვენს მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე დავსხდეთ, თქვენივე წამყვანით, პუნქტ-პუნქტ გავყვეთ ევროკომისიის მოთხოვნათა ჩამონათვალს და აგიხსნათ, რა პრობლემას ხედავენ ევროპელები თითოეულ პუნქტთან მიმართებაში თქვენ მიერ გადადგმულ თუ არ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით და რატომ არის უკვე უკიდურესად დაბალი ალბათობა იმისა, რომ მომავალი წლის ბოლოს საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუ ნებას დაგრთავთ, რა თქმა უნდა", - წერია ერთობლივ განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ 19-21 ოქტომბერს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვდნენ ევროპელ პოლიტიკოსებსა და ევროკომისიის იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც უშუალოდ საქართველოს საკითხებზე მუშაობენ და ჩართული არიან რეკომენდაციების შესრულების შეფასებაში. მათთან შეხვედრების შემდეგ ვაშაძე, ხოშტარია და ჯაფარიძე აღნიშნავენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ გამოიყენა შესაძლებლობა, 2022 წლის ივნისში, უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, ქვეყანას მიეღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

"ჩვენს ბრიფინგს მოჰყვა სრულიად უპასუხისმგებლო და სასაცილო კომენტარები "ქართული ოცნების" საპარლამენტო წარმომადგენლების მხრიდან ისევე, როგორც სიუჟეტები სამთავრობო სატელევიზიო არხებზე, გვიწოდეს "უსაქმურები", "ქვეყნის მტრები" და ა.შ.", - წერია განცხადებაში.

გუშინ, 26 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდა სამი ოპოზიციური პარტია: „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი-მეტი თავისუფლება" და „დროა".