საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „რეფორმების ჯგუფის" წევრმა ტარიელ ნაკაიძემ „ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა ადამიანის უფლებათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე სახალხო დამცველობის კანდიდატის, თინათინ ერქვანიას მიერ გაცემული პასუხის შესახებ. ნაკაიძის შეკითხვა ბათუმში მეჩეთის მშენებლობას ეხებოდა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ერქვანიას მიდგომა სერიოზული პრობლემის შემცველია ქართველი მუსლიმების კონტექსტში.
„ქალბატონმა ერქვანიამ ჩემ მიერ დასმულ კითხვაზე ბათუმის თავისუფლების მეჩეთის მშენებლობის შესახებ, თუ რას ფიქრობდა სასამართლოს მიერ დადგენილ დისკრიმინაციაზე სახელმწიფოს მხრიდან მუსლიმი თემის მიმართ და მოგვესმინა პასუხი, სახალხო დამცველის კანდიდატმა საკითხი განიხილა, როგორც აჭარაში პანთურქისტული მოძრაობების არსებობის კონტექსტში და სრულიად დაუსაბუთებელი დამოკიდებულებით და სტერეოტიპული რწმენით აჭარა პრობლემატურ ადგილად მონიშნა, რაც ისლამოფობიური განწყობების განმტკიცების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია. ქალბატონი ერქვანია, საკითხს სიღრმისეულად არ იცნობს და გარკვეულწილად ეს გასაგებია, მაგრამ სახალხო დამცველობის პრეტენზიის მქონე კანდიდატის მხრიდან ამდაგვარი მადისკრედიტებელი მიდგომა უაღრესად პრობლემურია, - აღნიშნავს ნაკაიძე და განაგრძობს, - ქალბატონმა ერქვანიამ აჭარის და ზოგადად ქართველი მუსლიმების უფლებრივ საკითხზე მსჯელობისას, პანთურქისტული განწყობის შესახებ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ცინიკურად იკითხა ჩემი თურქული და არაბული ენების ფლობასთან დაკავშირებით და თითქოს ჩემი თურქეთში მიღებული განათლება არის უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების შესაძლებლობა საქართველოში, რაც პერსონალურ შეურაცხყოფასთან ერთად სრულიად არასახელმწიფოებრივ მიდგომას უსვამს ხაზს. აშკარაა, რომ ქალბატონი თინათინის მიდგომა, სერიოზული პრობლემის შემცველია რელიგიური უმცირესობების და განსაკუთრებით ქართველი მუსლიმების კონტექსტში, ფსევდო უსაფრთხოების პოლიტიკის არგუმენტირებით".
კომიტეტის სხდომაზე ტარიელ ნაკაიძემ თინათინ ერქვანიას ჰკითხა: არის თუ არა ბათუმში ახალი მეჩეთის შეზღუდვა რელიგიური უმცირესობის უფლების დარღვევა? მას თინათინ ერქვანიამ უპასუხა: „ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ ბათუმში ახალი მეჩეთი აშენდეს. ერთადერთი რამ არის მნიშვნელოვანი, სად აშენდება. იმიტომ რომ არის ქალაქში რაღაც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები".
ნაკაიძემ შეკითხვა დააზუსტა: „ორი ინსტანციის სასამართლო ჩატარდა და ორივემ დაადგინა, რომ ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა მერიის მხრიდან და გააუქმა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მერიამ. სტრატეგიულ შენობებთან არ არის დაკავშირებული".
ერქვანიამ დეპუტატს უპასუხა: „ბათუმი, აჭარა ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია საქართველოსთვის და იქ ახლოს არის თურქეთი, იქ აზერბაიჯანი. აქტუალურია პანთურქისტული რაღაც ტენდენციები, სამწუხაროდ, თურქეთში. ეს აბსოლუტურად სხვა თემაა.
თუ სასამართლომ თქვა, რომ ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა, ვეთანხმები. იმიტომ რომ მეჩეთის მშენებლობა არ მგონია პრობლემატური იყოს, სადაც ბევრი მუსულმანია, მაგრამ გააჩნია სად შენდება“ [სტილი დაცულია].
თინათინ ერქვანია სახალხო დამცველობის კანდიდატად წარადგინა პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელმა სოციალისტებმა“. ის არის GIPA-ს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი.
26 ოქტომბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ლელა გაფრინდაშვილს, სოფიო დემეტრაშვილს, თინათინ ერქვანიასა და ევგენია თავაძეს მოუსმინეს.
ასევე ნახეთ ერქვანია ფემიციდზე: უნდა ვესაუბროთ მოქალაქეებს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში, სადაც ახლოს არის ისლამური სამყარო