საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატმა თინათინ ერქვანიამ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ფემიციდის შესამცირებლად გასატარებელ ზომებს.
„ფემიციდი, ცხადია, ძალიან დიდი პრობლემაა. მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. აღმოსავლეთ ევროპაში და საერთოდ ჩვენს რეგიონში, პრობლემატურია. არის სოციალური პრაქტიკის პრობლემა. რაღაცნაირად გაუნათლებლობის პრობლემაც არის ეს. ძალიან მიხარია, რომ ამ ბოლო დროს, მათ შორის არასამთავრობო სექტორმა და თვითონ სახელმწიფომ დაიწყო აქტიური კამპანია იმასთან დაკავშირებით, როგორ აღმოფხვრას ეს პრობლემები. საკანონმდებლო ჩარჩოს ასე დაწვრილებით რეგლამენტაციას რაც შეეხება, აქ ბოლო წლებია ვაკვირდები ამ პროცესს და საკმაოდ შეივსო ეს მიმართულება. საკმარისად არსებობს კანონმდებლობა ამ მიმართულებით. ჩვენ შეიძლება უსასრულოდ დავხვეწოთ ეს სამართლებრივი სივრცე და ამ შემთხვევაში შეიძლება იმაზე საუბარი, კიდევ უფრო რა ცვლილება შეიძლება შევიდეს კანონმდებლობაში, მაგალითად, დამამძიმებელი გარემოება მიზოგენია იყოს თუ არა“, - თქვა ერქვანიამ.
კანდიდატი აღნიშნავს, რომ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, აქტიურ სოციალურ კამპანიას აწარმოებს - რეგიონების უნივერსიტეტებში წააკითხებს და წაიკითხავს ლექციებს.
სახალხო დამცველის აპარატს რაც შეეხება, ერქვანია ამბობს, რომ იქ არის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი და მიიჩნევს, რომ მასში სისხლის სამართლის მიმართულება უნდა გაძლიერდეს. „იქ რაღაც მონიტორინგი არის საწარმოებელი გახმაურებულ სისხლის სამართლის „კეისებზე“ და ა.შ. ამ მიმართულებით ხედვებიც მაქვს“, - დაამატა მან.
თინათინ ერქვანიამ ფემიციდის შესახებ საუბრისას საქართველოს ზოგიერთი მხარე გამოყო.
„ფემიციდს რაც შეეხება, ყველაზე მთავარი არის სოციალური ეთიკის პრობლემა და ამ თვალსაზრისით, უნდა ვესაუბროთ მოქალაქეებს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში, სადაც ახლოს არის ისლამური სამყარო, მათ შორის, დასავლეთით აჭარისკენ, მაგრამ, ძირითადად, მთელი პრობლემები აქეთ არის ხოლმე რატომღაც, როგორც ვაკვირდები. თუმცა პრობლემურია ისევ პანკისის ხეობა და ის ნაწილი საქართველოსი, სადაც უფრო.... აი, რელიგიას არ ვაბრალებ ამ ყველაფერს, ეს გამორიცხულია. ეს არის, უბრალოდ, აი, რაღაც მენტალობის პრობლემა. ამ თვალსაზრისით, რაღაცნაირად უნდა მოხერხდეს მოსახლეობასთან კომუნიკაცია“, - თქვა ერქვანიამ.
სახალხო დამცველობის კანდიდატის განცხადებით, საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც ბოლო წლებია იხვეწება ამ მიმართულებით, უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ეს არ არის ასი პროცენტი. მისი თქმით, რაღაც პროცენტული ნიშნული გადადის სოციალური ეთიკის სტანდარტზე.
თინათინ ერქვანია სახალხო დამცველობის კანდიდატად წარადგინა პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელმა სოციალისტებმა“. ის არის GIPA-ს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი.
26 ოქტომბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ლელა გაფრინდაშვილს, სოფიო დემეტრაშვილს, თინათინ ერქვანიასა და ევგენია თავაძეს მოუსმინეს.