რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ წარმოგიდგენთ ანტონ ჩეხოვის მოთხრობებს. მართალია, მსოფლიო ლიტერატურაში რომანისტები მეფობენ, მაგრამ მოთხრობების ისეთი დიდოსტატები, როგორებიც ჩეხოვი, აკუტაგავა და ბორხესი არიან, შეგვახსენებენ, რომ მცირე ჟანრსაც თავისი იმპერატორები ჰყავს. ჩეხოვი დასავლეთში ძალიან უყვართ პიესების გამო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩეხოვი-ბელეტრისტი ჩეხოვ-დრამატურგს მნიშვნელოვნად აღემატება. ამ მწერალს შეუძლია რამდენიმე გვერდში დახატოს სიყვარულის სურათი, რომელშიც მეტრფე და სატრფო ერთმანეთს ვერ უტყდებიან და მხოლოდ სამარადისო განშორების მომენტში აღმოხდებათ აღსარება; მას შეუძლია, ექვსიოდე ათეულ გვერდში დიდი თანამემამულის „იდიოტის“ მთავარი იდეა არანაკლები სიმძაფრით გაიმეოროს: თუკი ადამიანების მიმართ „ზედმეტ“ სითბოს გამოამჟღავნებ, აუცილებლად შეშლილად გამოგაცხადებენ; არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს რაღაც შალითაში, გარსში, ფუტლარში ათავსებენ: ქოლგას, დანას, იმედებს, ფიქრებს…