40-მდე ადამიანი დაიღუპა უკრაინაში, კადიროველთა შტაბზე იერიშის შედეგად

კადიროველები გროზნოში (ილუსტრირებული ფოტო)

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად სკოლაში, სადაც კადიროველები იყვნენ განლაგებული, დაიღუპა 40 და დაიჭრა 10 ადამიანი. ამის შესახებ უკრაინული და ჩეჩნეთის ოპოზიციური ტელეგრამის არხები იტყობინებიან. აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით არ იძებნება უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ ცნობებში.

ტელეგრამის არხმა "უნიანმა" გამოაქვეყნა იერიშის შემდეგ გადარჩენილი მებრძოლების ვიდეოკადრები, რომლებზეც დაჭრილი ჩეჩენი მებრძოლები გაჭირვებით წარმოთქვამენ ორიოდ სიტყვას რუსულად და ჩეჩნურად და სკანდირებენ "ალაჰ აკბარ".

კიდევ ერთი უკრაინული ტელეგრამის არხი "იშჩი სვოიხ" (ეძიე შენები) იუწყება, რომ დაიღუპა 40 და დაიჭრა 60 ადამიანი. მოგვიანებით ოპოზიციური ჩეჩნური ტელეგრამის არხი Niyso იტყობინებოდა, რომ დაჭრილი უნდა იყოს 100 ადამიანი.

ჩეჩნური ოპოზიციური მოძრაობა 1ADAT-ის ტელეგრამის არხის ცნობით, ეს დაჭრილები არიან რუსეთის გვარდიის ჩეჩნეთის სამმართველოს ნავთობ-გაზის ობიექტების დაცვის პოლიციის პოლკ "ნეფტოპოლკის" მებრძოლები. ამავე რესურსზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩამონტაჟებულია რამდენიმე, სავარაუდოდ, დაღუპული მებრძოლის სურათი და აუდიოჩანაწერი, რომელშიც ერთ-ერთი გადარჩენილი ამბობს, რომ მათ შტაბზე დარტყმა HIMARS-ის რაკეტით განხორციელდა.

ამ ცნობების ნამდვილობისა და უტყუარობის გადამოწმება ომის პირობებში ვერ ხერხდება.