ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვა სრულდება. დღეს, 24 ოქტომბერს, გაიმართა ბოლო სხდომა, რომელზეც რეპლიკებით გამოვიდნენ ადვოკატები და პროკურორი. საბოლოო სიტყვით ისარგებლა ნიკა გვარამიამაც. მან იმედი გამოთქვა, რომ ციხიდან გამოვა, თუმცა გამამტყუნებელი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლოზეც მიანიშნა.
"ჩემთვის მთავარია, რატომ ვარ აქ და არის თუ არა ეს ჩემი შეგნებული არჩევანი. ცხადია, რომ არის. მე ვისმენ ხოლმე ტელევიზიითაც, ჩემთან შემოსული ადამიანების საუბრებიდანაც. ზოგჯერ შთაბეჭდილება მაქვს, მოდიან ჩემს სანახავად, როგორც ზოოპარკში ეგზოტიკური ჟირაფის. მეუბნებიან, როგორ კარგად ვუძლებ, როგორ ზიხარ... მე ის მიკვირს, რომ ასე ფიქრობენ. მე არ ვუძლებ, მე ვიხდი სასჯელს, რომელიც არ მეკუთვნის. მაძლიერებს იმის გაცნობიერება, რომ არ მეკუთვნის. ის, რომ ამას ვუძლებ, ჩემი არჩევანია...
ამ დღეებში მე ბრძოლის სხვა შესაძლებლობები ნაკლებად მაქვს, ამიტომ ვიბრძვი ისე, როგორც შემიძლია, როგორც შეიძლება ადამიანი იბრძოდეს 4 კედელს შორის, უსამართლოდ დატყვევებული. მე ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებდი, ოღონდ სხვანაირად.
...მე არ ვოცნებობ თავისუფლებაზე, ეს მაქვს. იმედი მაქვს, რომ გამოვალ. მხოლოდ აქ არ წყდება ჩემი ბედი, არც მხოლოდ ქართული სასამართლოს წინაშე, იმიტომ რომ არსებობს წინ სტრასბურგის სასამართლო", - თქვა გვარამიამ სხდომაზე.
მან საზოგადოებას მოუწოდა მომავლისკენ იმოძრაოს, თქვას თავისი სიტყვა და შეეშვას კონსოლიდაციას წარსულის გარშემო.
"ჩვენ, როგორც ვხედავთ, შეგვიძლია კონსოლიდაცია მარტივად ერთადერთ საკითხზე - ესაა წარსული... წარსულის შინაარსზეც არ შეგვიძლია კონსოლიდაცია. ჩვენი მთავარი თემა განხილვების არის წარსული. ისტორია კარგია, როცა მასზე მსჯელობით დასკვნას აკეთებ, მაგრამ წარსულში ცხოვრება არის საზოგადოების სიკვდილი...
ჩემი აზრით, მომავალი მოვიდა, კართან მოგვადგა და უნდა მივიდეთ კარამდე და გავაღოთ. რამდენიმე ნაბიჯია სულ. არ დაყაროთ ფარ-ხმალი და არ ჩამოყაროთ ხელები. საზოგადოებას მოვუწოდებ, თავისი სიტყვა თქვას. საზოგადოება არ შედგება მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან...
უნდა შევეშვათ კონსოლიდაციას წარსულის გარშემო - ეს სირცხვილია და ჩამორჩენილობის ნიშანია. მომავალი აგერ არის, კართან გვიკაკუნებს... "ქართულ ოცნებას" არც უნდა, რომ [კარი] გააღოს. ჩვენ ხომ გვინდა, რომ გავაღოთ? შეგვიძლია ამ კართან მივიდეთ "ოცნების" გარეშე და გავაღოთ. "მხოლოდ წინ, საბოლოო გამარჯვებამდე".
ასევე ნახეთ "დღემდე არ ვიცი, ვინ მედავება რ2-ის მხრიდან" - გვარამია ასევე ნახეთ როგორ განმარტავს მოსამართლე ნიკა გვარამიას განაჩენს - დეტალები დასაბუთებიდანსააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გამოტანილ განაჩენზე სააპელაციო საჩივარს - ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.
ნიკა გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს.
ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.