პაპუაშვილი: სააკაშვილის შესახებ უსაფუძვლო ჩანაწერი აზიანებს PACE-ს სანდოობას ქართულ საზოგადოებაში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია. სტრასბურგი, 2022 წლის 13 ოქტომბერი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ უკრაინის შესახებ რეზოლუციის მიღებიდან ათი დღის შემდეგ, 24 ოქტომბერს, გამოქვეყნდა მიმართვა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გაუგზავნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ტინი კოქსს. მიმართვაში პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირეს მხარი რეზოლუციას, სახელწოდებით „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“.

შალვა პაპუაშვილის თანახმად, რუსული აგრესიის გამო უკრაინისადმი სრული სოლიდარობის მიუხედავად, საქართველოს დელეგაციის წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერის შესაძლებლობა არ მისცა დამტკიცებულმა ცვლილებამ: ასამბლეა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს ვლადიმირ ყარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. ასამბლეა ასევე მოუწოდებს პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვას და მათ გათავისუფლებას რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში (მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის)“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამ დამატებაში მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება "ცვლის რეზოლუციის არსსა და სულისკვეთებას და ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში".

ასევე ნახეთ რუსეთი "ტერორისტული სახელმწიფოა", მიხეილ სააკაშვილი "პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმარი" - PACE-ს რეზოლუცია მოკლედ

შალვა პაპუაშვილი საუბრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ასზე მეტ განაჩენზე, რომლებიც ეხება სააკაშვილის მმართველობისას ადამიანის უფლებების დარღვევას, მათ შორის წამებას და სიცოცხლის უფლების ხელყოფას და 2004-2012 წლებში, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშზე, რომელიც ევროსაბჭოს ყოფილმა კომისარმა და ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა თომას ჰამარბერგმა 2013 წელს მოამზადა და პაპუაშვილის შეფასებით, წარმოადგენს სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში უფლებების სისტემატური დარღვევების მტკიცებულებას.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი სისხლის სამართლის ორ საქმეზე, ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია სამი საქმე და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარი განაცხადა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის მიერ სააკაშვილისადმი მოპყრობის საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე. შალვა პაპუაშვილი საუბრობს "სასამართლო სისტემაში არსებულ პროგრესზეც", რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც აღნიშნა 2022 წლის სესიაზე მიღებული რეზოლუციით:

„აღნიშნულის გათვალისწინებით, გვჯერა, რომ ბ-ნი სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებში არ არსებობს პოლიტიკური მოტივაციის არანაირი მტკიცებულება, გარდა პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი სპეკულაციებისა. შესაბამისად, რეზოლუციის მეოთხე დამატებაში გამოყენებული ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს სამართლის სისტემის დაუსაბუთებელ კრიტიკას, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის წინააღმდეგ იწვევს გაუმართლებელ ეჭვს და ძირს უთხრის საქართველოს მიერ 2012 წლიდან მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებებით განხორციელებულ რეფორმებში".

შალვა პაპუაშვილის შეფასებითვე, მიხეილ სააკაშვილის შესახებ „უსაფუძვლო ჩანაწერი აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ქართულ საზოგადოებაში“ და აფერხებს მცდელობებს, რომ კიდევ უფრო განამტკიცონ ასამბლეის რეკომენდაციების შესაბამისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგისადმი მხარდაჭერა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ "ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მომავალში იხელმძღვანელებენ მხოლოდ ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესებითა და ფუნდამენტური ღირებულებებით".

ასევე ნახეთ დეკანოიძის თქმით, სააკაშვილის ხსენება PACE-ს რეზოლუციაში ხელისუფლებამ მიზეზად გამოიყენა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია 13 ოქტომბერს მიიღო. მას "ქართულმა ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა. ოპოზიციის ნაწილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ რეზოლუციაში სააკაშვილის ხსენება გამოიყენა საბაბად, რათა მხარი არ დაეჭირა ტერორისტულ სახელმწიფოდ რუსეთის გამოცხადებისთვის.