„სამხედრო თვითმფრინავი დაეცა ირკუტსკში საცხოვრებელ სახლს“, - განაცხადა ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა იგორ კობზევმა.
„წინასწარი მონაცემებით, „Су“-ს კატეგორიის თვითმფრინავი ირკუტსკში ორსართულიან სახლს დაეცა. გავდივარ ადგილზე", - დაწერა კობზევმა სოციალურ ქსელში.
Telegram-არხებზე ქვეყნდება ჩანაწერები, რომლებშიც, სავარაუდოდ, ჩანს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ გაჩენილი ხანძარი.
რუსეთის მედიის ცნობით, სავარაუდოდ, კატასტროფა განიცადა Су-30-მა, რომელიც ავიაქარხნიდან აფრინდა, შემთხვევა კი ირკუტსკის ნოვო-ლენინოს მიკრორაიონში მოხდა.
დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ერთი კვირის წინ, კრასნოდარის მხარის ქალაქ იეისკში Су-34 გამანადგურებელ-ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 15 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ვარდნისას სამხედრო თვითმფრინავი ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეხო.