ნელი დოროყაშვილი: ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას

ნელი დოროყაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელ განაჩენს „ფეისბუკის" პირად გვერდზე მისი ყოფილი ცოლი ნელი დოროყაშვილი გამოეხმაურა. ის წერს, რომ ყველა ინსტანციაში აპირებს სამართლებრივ დავას.

„სამწუხაროა, რომ პირდაპირ სტრასბურგში და გაეროში არ შეიძლება ამ საქმის წაღება, რადგან უმოკლეს ვადაში მოხდეს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და სამართლიანობის მიღწევა. ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას, სულ რომ ყველამ თვალი დახუჭოს მტკიცებულებებით სავსე საქმეზე სტატუსისა და გავლენების გამო, ჩვენ მაინც მივიღებთ სამართლიანობას. ამ „ქეისს" გავხდით მაგალითად, თუ როგორ მუშაობს საქართველოში სასამართლო სისტემა.

მოსამართლე, რომელიც უარყოფს თავის წინ დადებულ ფაქტებს, თვალს ხუჭავს ყველაფერზე, დაეყრდნო მხოლოდ ბრალდებულის 10-წუთიან რეპლიკას სიტყვა-სიტყვით იმეორებს მის სიტყვებს! 2 -წლიანი განხილვის შემდეგ მხოლოდ 10-წუთიან ბრალდებულის რეპლიკას იმეორებს. მას შეეძლო პირდაპირ 2 წლის წინ მოესმინა ბრალდებულისთვის, გაემეორებინა მისი სიტყვები და ეთქვა მაშინვე არ არის ეს ბიჭი დამნაშავეო. ამ ქალბატონმა დღეს განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს. ამით მან თქვა, რომ არაფერი გეშველებათ ძალადობაში ამოგხდებათ სული თუ ნეკა დოროყაშვილმა ვერ მოიგო სისხლის სამართლის დავა პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებებით სავსე, მაშინ, სხვა ძალადობის მსხვერპლ ქალებს რისი იმედი უნდა ჰქონდეთ?!" - აცხადებს ნელი დოროყაშვილი.

ის მადლობას უხდის მათ, ვინც მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნავს, რომ ბოლომდე აპირებს ბრძოლას.

„მე აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ და მივიღებ სამართლიანობას ჩემთვის, ყველა ჩემი მხარდამჭერისთვის და ყველა ძალადობა გამოვლილი ქალისთვის. დიახ, ყველა ქალისთვის, ვინც ახლაც იმყოფება ძალადობის ქვეშ. უამრავი შემთხვევაა, როცა თავდებით გამოშვებული ქმრები და ყოფილი ქმრები ცოლებს ხოცავენ, გამართლებულები ყელს ჭრიან ცოლებს, ეს რას ნიშნავს?! ეს არ მიანიშნებს ქართული, სტერეოტიპებით, ნაცნობობით და გავლენებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე?! ეს არ გვიჩენს განცდას, რომ საქართველოში სასამართლო კლავს ქალებს?!

მინდა დიდი მადლობა გითხრათ ყველა ჩემს მხარდამჭერს, ვინც სტერეოტიპების მიუხედავად, სტატუსის მიუხედავად თვალყურს ადევნებდა პროცესებს გულმხურვალედ მიჭერს მხარს და მგულშემატკივრობს და ვისთვისაც საქმეში არსებული საკმარისზე მეტი მტკიცებულებებით ყველაფერი ცხადია. მიყვარხართ მე თქვენ!!! მე ახლა ვიწყებ რეალურ ბრძოლას", - ნათქვამია დოროყაშვილის პოსტში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა.

ასევე ნახეთ სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა
ასევე ნახეთ პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს

საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ორ წელზე მეტხანს მიმდინარეობდა. მრავალთვიანი განხილვებისა და მოწმეთა დაკითხვის შემდეგ, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განაჩენი დღეს, 21 ოქტომბერს, გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებითვე გაუქმდა ჩოგბურთელის წინააღმდეგ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - 100-ათასლარიანი გირაო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ, ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით, 2020 წლის 22 მაისს დააკავა. 24 მაისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილის ბრალდება დააზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებოდა.