დღეს, 21 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ მან ვრცლად, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით განმარტა თავისი გადაწყვეტილება.
ფსიქოლოგიური ძალადობა
ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი ედებოდა ძალადობაში 2015 წლიდან 2020 წლის 21 მაისამდე მომხდარ სხვადასხვა ეპიზოდში.
მოსამართლემ თქვა, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით ფსიქოლოგიური ძალადობის სისტემატური ჯაჭვი უტყუარად დადასტურებული არ არის.
ბრალდების მიხედვით, ნელი დოროყაშვილზე ფსიქოლოგიური ძალადობა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფაში, დამცირებაში გამოიხატა, ადგილი ჰქონდა ეკონომიკურ ძალადობას და ასევე, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
მოსამართლის თქმით, ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერში ნამდვილად იყო გარკვეული ეპიზოდები, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილი არაეთიკური სიტყვებით მიმართავს ნელი დოროყაშვილს, ასევე არის ეპიზოდები, რომლებშიც ისმის ბილწსიტყვაობა, თუმცა "ამის საპირწონედ" ამავე ვიდეო-აუდიოჩანაწერებში იყო ნელი დოროყაშვილის ქმედებები:
"ამ ჩანაწერებით თავად ნელი დოროყაშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ნიკოლოზ ბასილაშვილს, იყო დამცირების შემთხვევები და სამწუხაროდ, უკიდურესად უხამსი სიტყვებით მოხსენიება".
ამას გარდა, გამოჩნდა, რომ მოსამართლემ გაითვალისწინა ბასილაშვილის ადვოკატების მიერ წარდგენილი ალტერნატიული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც ექსპერტი ასკვნიდა, რომ თავად ჩოგბურთელი განიცდიდა წლების განმავლობაში ფსიქოლოგიურ ტანჯვას ცოლის მხრიდან.
"ბრალდებას, ერთის მხრივ, უნდა დაედასტურებინა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნამდვილად ჩაიდინა ფსიქოლოგიური ძალადობა და, მეორეს მხრივ, უნდა გაებათილებინა ის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაცვამ სასამართლოს წარმოუდგინა. თუმცა მტკიცებულებებით, ეს ასე არ მოხდა".
მოსამართლემ განმარტა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება ბასილაშვილის მხრიდან დასჯად ქმედებად რომ შეეფასებინა, ეს უნდა ყოფილიყო სისტემატური ხასიათის:
"პირობითად, თუკი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პირმა პირს 2017 წელს, შემდეგ უკვე 2018 წლის ბოლოს, 2019 წლის დასაწყისში თუკი ისევ აქვს ადგილი სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეს არ არის დასჯადი ქმედება".
ეკონომიკური ძალადობა
ხათუნა ხარჩილავას თქმით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ეკონომიკური ძალადობის ფაქტი.
მოსამართლემ შეაფასა ნელი დოროყაშვილის ჩვენება, რომელშიც დაზარალებული აღნიშნავს, რომ თანაცხოვრების დროს ხშირად მისი მეუღლე მასზე ეკონომიკურად ძალადობდა, უბლოკავდა შესაბამის საბანკო ბარათს.
ხათუნა ხარჩილავამ აღნიშნა, რომ მან ამ ნაწილში ეჭვქვეშ დააყენა ნელი დოროყაშვილის მონათხრობის სანდოობა.
"დაზარალებული ბრძანებდა, რომ აშშ-ში ფიზიკური ძალადობის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მას დაუბლოკა ეს ბარათი, შესაბამისად იძულებული გახდა, დახმარება მიეღო მამის მეგობრის მხრიდან.
სასამართლოს ჰქონდა მოლოდინი, მოესმინა, ვინ იყო მამის მეგობარი. სასამართლოს გასაოცრად, არაერთი მოწოდების მიუხედავად, დაზარალებულმა არ დაასახელა ამ ადამიანის სახელი და გვარი, შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი დაზარალებულის სანდოობაში".
მოსამართლემ განმარტა, რომ ნელი დოროყაშვილის ჩვენების საპირწონედ, ადვოკატებმა წარადგინეს ამონაწერი ბანკიდან:
"დასტურდება, არამხოლოდ აშშ-ში, იქამდე, საქართველოშიც არ ფიქსირდება რომელიმე ეტაპზე ბარათის დაბლოკვის ფაქტი.
სასამართლოს გაუჩნდა მოლოდინი, ბრალდების მხარე წარმოადგენდა სხვა მტკიცებულებას, იგივე ბანკიდან გამოთხოვილ ინფორმაციას. ამგვარი ინფორმაცია ვერ მივიღეთ".
გარდა ამისა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ სასამართლოს ჰქონდა მოლოდინი, რომ ნელი დოროყაშვილს, რომელიც მიმოწერებს აარქივებდა, შეეძლო, მინიმუმ მობაილ ბანკიდან ამოეღო ეს ინფორმაცია:
"მინიმუმ ჩეკი უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, სადაც მითითებული იქნებოდა, რომ ვერ განხორციელდა ტრანზაქცია".
გენდერული დისკრიმინაცია
ამ ნაწილშიც, მოსამართლემ თქვა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა გენდერული დისკრიმინაცია.
ბრალდების მიხედვით, გენდერული დისკრიმინაცია გამოიხატა შევიწროებაში - ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს უკრძალავდა მუშაობას, ხელს უშლიდა თვითრეალიზებაში, სამოდელო კარიერის შექმნაში.
"თუმცა ამის საპირწონე მტკიცებულებები გამოვიკვლიეთ" , - აღნიშნა მოსამართლემ.
მან თავის განმარტებით ნაწილში თქვა, რომ გადაწყვეტილების მიღებაში გავლენა იქონია იმ წარდგენილმა მიმოწერებმა, რაც ბასილაშვილის დედამ სხდომაზე მიიტანა.
ეს მიმოწერა საქმეში არ იდო და ნატალია ნაჭყებიამ მხოლოდ მისი გამოკითხვისას წარადგინა სხდომაზე. დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტები მოსამართლემ მტკიცებულებად არ დაუშვა, თუმცა ზეპირი ჩვენების სახით მიიღო.
"შეიძლება, ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩნდეს ეჭვი, რატომ ვენდოთ ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას? ის ხომ შეიძლება იყოს სუბიექტური? ცხადია, სასამართლო მას არ დაეყრდნო, მაგრამ შეაფასა ის ინფორმაცია, რაც წერილობითი დოკუმენტის სახით მოწმემ მისი დაკითხვის დროს სასამართლოს წარმოუდგინა.
ცხადია, სასამართლომ ეს მიმოწერები დაათვალიერა, ისევე, როგორც თითოეულმა მხარემ. იქ დასტურდება, რომ სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი არაა გენდერული დისკრიმინაცია. ნელი დოროყაშვილი მოწმეს წერს, რომ სამსახური მას ხელს არ უწყობს, იგი სისტემატიურად მის მეუღლეს დაყვება ტურნირებზე და აქედან გამომდინარე, იძულებულია წამოვიდეს სამსახურიდან".
ასევე, მოსამართლე შეეხო დოროყაშვილის ჩვენების იმ ნაწილსაც, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მას, როგორც ქალს, არ აძლევდა სიგარეტის მოწევის უფლებას.
"აქაც გამოვიკვლიეთ ჩანაწერი, სადაც ვიგებთ, განა, ნიკოლოზ ბასილაშვილი მას უკრძალავს სიგარეტის მოწევას, არამედ ეუბნება, რომ მთელი დღე ისედაც ხომ ჩემ გარეშე ხარ..." - მოსამართლე აქვე იხსენებს ბასილაშვილის დასკვნით სიტყვას, რომელიც დახურულ სხდომაზე ითქვა: "აგვიხსნა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საბოლოო სიტყვაში: ვარ სპორტსმენი, მთელი ცხოვრება ვცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების წესით, არ მინდოდა, სიგარეტის კვამლში მემგზავრაო".
ხათუნა ხარჩილავას განმარტებით, ფსიქოლოგიური ძალადობის ნაწილში სასამართლომ ჩათვალა, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულებები.
ფიზიკური ძალადობა - აშშ-ის ეპიზოდი
მოსამართლემ ამ ნაწილის განმარტებისას თავშივე თქვა, რომ სასამართლოს საწყის ეტაპზე ჰქონდა მოლოდინი, ეს იქნებოდა ეპიზოდი ყველაზე მეტი მტკიცებულებით, თუმცა მან ამ ნაწილშიც გაამართლა ბრალდებული.
"ნელი დოროყაშვილი აცხადებს, რომ 2018 წლის 28 აგვისტოს ქმართან იყო შტატებში, სასტუმროში. გვიან ღამით მეუღლე მოდის სასტუმროს ნომერში, მასზე ფიზიკურად ძალადობს და ეს ხდება საათი-საათ-ნახევრის განმავლობაში. დაზარალებული ამბობს, რომ მეუღლემ თმით ითრია, ასევე ძალადობა ხორციელდება ხელებით და ფეხებით. დაზარალებულის თქმით, ამ ძალადობის შემდეგ მეტს ვერ ვუძლებდი და სიტუაციისგან განსარიდებლად, ჩავწექი საწოლშიო. თუმცა, პარალელურად, იქვე იღებს გადაწყვეტილებას, რომ ფარულად ჩაიწეროს.
ჩვენ, იურისტები ვთანხმდებით, რომ კერძო პირის მიერ ფარული ჩანაწერის გაკეთება სამართლებრივად არაა დასაშვები, გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ ეს ემსახურება თვითდახმარების მიზანს, განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის კატეგორიაში.
დაზარალებული როცა ამბობს, რომ მან გადაწყვიტა ფარული ვიდეოს ჩაწერა, ამ დროს გრძელდება ძალადობა, გაბრაზებული ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებს გადაწყვეტილებას, დატოვოს სასტუმროს ნომერი, თუმცა იქამდე, დაახლოებით 20 კილოგრამ ჩანთას, რომელშიც მოთავსებულია ჩოგნები, არტყამს მთელ სხეულზე", - განაცხადა ხათუნა ხარჩილავამ.
ხათუნა ხარჩილავამ თავის განმარტებაში ეჭვქვეშ დააყენა დაზარალებული ნელი დოროყაშვილის ქცევა, თუ რატომ არ იჩივლა მან ძალადობიდან მალევე და პოლიციაში წასვლის ნაცვლად რატომ წავიდა დაბადების დღეზე.
მოსამართლის თქმით, სასამართლოს გაუჩნდა "გონივრული მოლოდინი", რომ თვითდახმარების მიზნით, ფარული ვიდეოს გაკეთების შემდეგ, ნელი დოროყაშვილი წავიდოდა აშშ-ის პოლიციის განყოფილებაში. მოსამართლის აზრით, ძალადობის შემდეგ ნელი დოროყაშვილს დაბადების დღეზე წასვლის უნარი არ უნდა ჰქონოდა.
"ამ ჩანაწერს ის წარადგენს 2 წლის შემდეგ, საქართველოში. სახეზეა დაგვიანებული მიმართვა", - ამბობს მოსამართლე და აგრძელებს:
"ნელი დოროყაშვილი ბრძანებს, რომ მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასტუმროს ნომერი დატოვა, ის იყო უკიდურესად მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, მას ჰქონდა მცდელობა თვითმკვლელობის თუ არა, ამის აზრები, თუმცა ამის პარალელურად, ფარული ვიდეო ჩანაწერი არ მიაქვს პოლიციაში და მიდის დაბადების დღეზე".
ამასთან, ხათუნა ხარჩილავა საუბრობს იმაზეც, რომ ამ ეპიზოდს არ ახლავს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. მოსამართლეს იმ არგუმენტის გასამყარებლად, რომ ნელი დოროყაშვილს დაზიანება არ ჰქონდა, მაგალითად მოჰყავს ფოტოსურათი, რომელზეც, მისი სიტყვებით, ნელი დოროყაშვილის თითქმის მთელი სხეული ჩანს და არ ეტყობა დაზიანება: "ჩანს სახე, ყელი, ხელები, აცვია მოკლე ქვედაბოლო, ჩანს თითქმის მთელს რაკურსში მისი კიდურები, თუმცა არც ამ ფოტოზეა ძალადობის კვალი".
მოსამართლე აფასებს დაზარალებული ქალის მიერ სასტუმროში გადაღებულ ვიდეოსაც და ამბობს, რომ მასზე "ობიექტური დამკვირვებლის თვალში, აშკარად არ ჩანს ძალადობა".
2019 წლის ეპიზოდები
საქმის ამ ნაწილების განმარტებისას მოსამართლე ისევ იხსენებს ნიკოლოზ ბასილაშვილის დასკვნით სიტყვას დახურული სხდომიდან და ამბობს, რომ ჩოგბურთელის თქმით, ის თავად იყო მსხვერპლი.
"ეჭვიანობდა ნელი დოროყაშვილი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეჭვიანობდა ყველაზე... მიკონტროლებდა მიმოწერებს სოციალურ ქსელში, უნდა მემეგობრა იმ ადამიანებთან, რომელიც მას მოსწონდა", - ციტირებს მოსამართლე ბასილაშვილს.
პირველი აპრილისა და 30 აპრილის ეპიზოდებზე საუბრისას, რაზეც ბასილაშვილს პროკურატურა ცოლზე ფიზიკურ ძალადობას ედავებოდა, მოსამართლემ ნელი დოროყაშვილს მტკიცებულებები დაუწუნა.
იგი ამბობს, რომ დაზიანების ამსახველ ფოტოებში არ ჩანს, ვის ეკუთვნის სხეულის ესა თუ ის ნაწილი.
"გვაქვს ფოტო, სადაც ნამდვილად ჩანს ადამიანის კიდური და მასზე აღბეჭდილია სისხლნაჟღენთი, თუმცა არ ჩანს ადამიანის სახე. არცერთ ფოტოში არ ჩანს ადამიანის სახე. აქაც მტკიცებულების სიმცირის გამო სასამართლომ მიიღო გამამართლებელი განაჩენის გადაწყვეტილება".
2020 წლის 21 მაისის ეპიზოდი
ამ ნაწილშიც მოსამართლემ ბასილაშვილის ადვოკატების ვერსია სრულად გაიზიარა და ჩოგბურთელი გაამართლა ეპიზოდზე, რის გამოც ის ორი წლის წინ პოლიციამ დააკავა.
მოსამართლის თქმით, [მეზობლის] ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერში არ ჩანს ძალადობა: "არ ჩანს არა იმის გამო, რომ ლოკაცია იყო სხვა, ლოკაცია იგივეა, თუმცა არ ჩანს ძალადობა".
მოსამართლე, ასევე თავის გადაწყვეტილებაში აფასებს ნელი დოროყაშვილის ქცევას და ამბობს, რომ მან 112-ში დარეკვის დროს პოლიცია მოითხოვა და არა სასწრაფოს ექიმები:
"ოპერატორი ეუბნება, ხომ არ გჭირდებათ სასწრაფო დახმარება? ნელი დოროყაშვილი ამბობს, რომ მას არ სჭირდება, არადა იგი ბრძანებს, რომ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა".
მან მოიშველია სასწრაფო დამხმარების ექიმის ჩვენებაც, რომელიც ამბობს, რომ ნელი დოროყაშვილს ნამდვილად ჰქონდა მკლავის არეში დაზიანება, თუმცა ეს იყო ექსკორიაცია [კანის ზედაპირული დაზიანება].
მოსამართლისთვის საეჭვო აღმოჩნდა ის, რომ სამხარაულის ექსპერტმა სასწრაფოს ექიმის მიერ დაფიქსირებული დაზიანება ვერ აღმოაჩინა:
"ექსპერტი გვეუბნება, რომ ექსკორიაცია ვერ ნახეს და ნახეს სისხლნაჟღენთი, ხოლო ექსკორიაცია ვერცერთ შემთხვევაში ვერ გარდაიქმნებოდა სისხლნაჟღენთად".
მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ სარეზოლუციო ნაწილის წაკითხვისას თქვა, რომ გაუქმდება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 მაისის განჩინება, კერძოდ, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო, ხოლო გირაოს შემტანს ერთი თვის ვადაში დაუბრუნდება თანხა.
"ნიკოლოზ ბასილაშვილს უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი", - განაცხადა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ.
ასევე ნახეთ ნელი დოროყაშვილის ადვოკატი: ასეთი სამართლებრივად სამარცხვინო განაჩენი არ მომისმენია არასდროს ასევე ნახეთ პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს ასევე ნახეთ ყველაფერი, რაზეც ნიკოლოზ ბასილაშვილს ედავებიან - პროკურორის დასკვნითი სიტყვა