ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის შემდეგ, ჟურნალისტებს საკუთარი პოზიცია გააცნო ბრალდების მხარემ. როგორც პროკურორი ნათია გურული აცხადებს, განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებენ ზემდგომ ინსტანციაში.
„ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ადასტურებდა ბრალდებულის დამნაშავეობის საკითხს, გარკვეულწილად ბრალდების მხარეს დარჩა განცდა, რომ სასამართლომ არ შეაფასა ის მტკიცებულებები, რაც ამხელდა ნიკოლოზ ბასილაშვილს დანაშაულში. [სასამართლომ] ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეაფასა და ამასთან, ბრალდებულის და მისი ოჯახის პოზიცია გაიზიარა. ბრალდების მხარე, როგორც აღვნიშნე, კატეგორიულად არ ეთანხმება გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, ჩვენ ჩავიბარებთ განაჩენს, წერილობით არგუმენტაციას. სანახევროდ, მოსამართლის მოკლე არგუმენტაცია მოვისმინეთ, რასაც ასევე არ ვიზიარებთ. ბრალდების მხარე აუცილებლად გაასაჩივრებს განაჩენს.
როგორც აღვნიშნე, ბრალდების მხარე არც იმ გარემოებას არ ეთანხმება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის ქმედებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. აღნიშნულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით ჩვენ სასამართლოს არგუმენტირებული პოზიცია მოვახსენეთ, თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლომ ობიექტურ მტკიცებულებებს გარკვეულწილად სუბიექტური შეფასება მისცა", - თქვა პროკურორმა ნათია გურულმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა.
ასევე ნახეთ სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლასაქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ორ წელზე მეტხანს მიმდინარეობდა. მრავალთვიანი განხილვებისა და მოწმეთა დაკითხვის შემდეგ, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განაჩენი დღეს, 21 ოქტომბერს, გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებითვე გაუქმდა ჩოგბურთელის წინააღმდეგ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - 100-ათასლარიანი გირაო.
ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ, ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით, 2020 წლის 22 მაისს დააკავა. 24 მაისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილის ბრალდება დააზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებოდა.