სოხუმი და ცხინვალი ძალადაკარგული რუსული პასპორტებით

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, აკრძალოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული სამგზავრო დოკუმენტებით ევროკავშირში შესვლა/გადაადგილება, ნეგატიურად გამოეხმაურნენ სოხუმსა და ცხინვალში. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას მუქარანარევი განცხადებით, აკრძალვა გავლენას მოახდენს აფხაზეთში როგორც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე, ასევე ბრიუსელის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებაზე. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა, რომელიც ნეგატიურად უყურებს საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას აფხაზეთში, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებასაც ამ ორგანიზაციების შეზღუდვისა და განდევნისთვის იყენებს.

ევროპარლამენტამდე, ევროსაბჭო და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები ჯერ კიდევ 12 ოქტომბერს შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში (ასევე უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებსა და ყირიმში) რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელებისათვის არ მიეცათ შენგენის ვიზა და, შესაბამისად, ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთის უფლება. ევროკავშირის საბჭოს განმარტებით, ეს ნაბიჯი პასუხია რუსეთის „გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე“ უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც პასუხია „ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტების გაცემის რუსულ პრაქტიკაზე“.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა უდიდეს ნაწილს ადგილობრივი ე.წ. მოქალაქეობის გარდა, რუსეთის მოქალაქეობა და რუსული პასპორტები აქვს. შესაბამისად, ევროკავშირის გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ადამიანების ყოფაზე, რის დასტურადაც გამოდგება რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ მიერ სოხუმისა და ცხინვალის ქუჩებში ჩატარებული გამოკითხვა.

ემა შატ-იპა, სოხუმი: „დიახ, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს ეს გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ შეზღუდული ვიქნებით მოგზაურობაში. ეს ერთი. მეორე ის, რომ ჩემი ქალიშვილი საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობს და დასახული მიზნის მიღწევაში შეეშლება ხელი. გარდა ამისა, ევროპაში ცხოვრობენ ჩემი ძმისშვილები: შვედეთის, გერმანიისა და ბელგიის მოქალაქეები, რომლებთანაც ვერ შევძლებ შეხვედრას. ბუნებრივია, ეს არღვევს ყველა უფლებას და ეხება თითოეულ მოქალაქეს. უბრალოდ გაუგებარია, რატომ არის ასეთი დამოკიდებულება ჩვენსა და ოსების მიმართ, ხომ არსებობს კოსოვოსა და კვიპროსის მაგალითები, მათ არავინ არაფერში ზღუდავს. მაინცდამაინც ჩვენზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ვრცელდება ეს“.

ლაშა ზუხბა, სოხუმი: „პირადად, ჩემზე არ იმოქმედებს, მაგრამ გავლენას მოახდენს ჩემს შვილებსა და მეუღლეზე, ჩემს ძმებზე, დებზე, ქვეყნის ყველა მოქალაქეზე. ევროპული ქვეყნები აფხაზეთს არ ცნობენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსული პასპორტების დახმარებით ხალხს შეეძლო ევროპაში გამგზავრება, ნათესავებთან შეხვედრა. ჩვენი სტუდენტები სწავლობდნენ ევროპაში, ხალხს შეეძლო ემოგზაურა ევროპაში, ბიზესკავშირების გასაბმელად ჩასულიყვნენ და ა.შ. ახლა კი გამოდის, რომ აფხაზეთი მოწყვეტილია ევროპას და პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოს. ცხადია, გარდა მცირე რაოდენობის იმ ქვეყნებისა, რომლებიც აღიარებენ ჩვენს პასპორტებს“.

სოხუმი

მილენა, ცხინვალი: „ამ წუთებში არსად წასვლას არ ვაპირებ, მაგრამ ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ბევრ უხერხულობას შეუქმნის იმათ, ვინც მოგზაურობას გეგმავს. ჩემი პასპორტი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეა გაცემული, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ აკრძალვამ ჩემზე იმოქმედოს“.

ემა, ცხინვალი: „ძალიან ცუდია. ჩვენ რა, ადამიანები არ ვართ? პასპორტი აქ ავიღე, რუსეთის საელჩოში. ეს არის ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც მაძლევს საშუალებას ვიმოგზაურო სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფარგლებს გარეთ. ბუნებრივია, ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმართ უარყოფითად ვარ განწყობილი. უბრალოდ ვერსად გავალ ისევე, როგორც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მცხოვრებლების უმეტესობა. ეს არის ჩვენი უფლებების, ზოგადად ადამიანის უფლებების პირდაპირი დარღვევა“.

ცხინვალი

აფხაზეთში დაფუძნებული ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი, ლიანა კვარჩელია მიიჩნევს, რომ ევროკავშირის გადაწვეტილება განპირობებულია აფხაზეთისა და რუსეთის მოკავშირეობით:

„რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ რეალურად ჩვენ გვსჯიან რუსეთის მოკავშირეობისთვის. მაგრამ რეალობა ისეთია, რომ რუსეთი არის ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი. რა, განა არსებობს სხვა გარანტორი? ევროკავშირი არ არის მზად მოგვცეს უსაფრთხოების გარანტია, რადგან არ შეუძლია დაიკავოს მიუკერძოებელი პოზიცია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ამას გამორიცხავს. მეტიც, ხანგრძლივი მოლაპარაკებების მანძილზე ევროპელებმა ვერც კი დაარწმუნეს ქართული მხარე აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობაში “.

ლიანა კვარჩელიას თქმით, აფხაზეთის მდგომარეობას ერთიორად ართულებს ის გარემოება, რომ ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა ნეგატიური დამოკიდებულება საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ და, რომ არაფერი კეთდება დასავლეთთან კონსტრუქციული დიალოგის ასაგებად.

ლიანა კვარჩელია

„გასაგებია, რომ დღეს საერთაშორისო კონტექსტი ძალიან რთულია და, რა თქმა უნდა, სრულიად მოულოდნელიც არ ყოფილა ევროკავშირის მიერ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება აბსოლუტურად გარდაუვალიც არ იყო. აფხაზეთი არ იყენებს ყველა შესაძლებლობას გააღრმაოს დიალოგი ევროკავშირის ქვეყნებთან და გარე სამყაროსთან, ძალიან ცოტას აკეთებს თავისი არგუმენტების საერთაშორისო ასპარეზზე გახმოვანებისთვის. აქამდე, ასე თუ ისე, გარკვეული დიალოგი წარმოებდა, მაგრამ, თუ გადავხედავთ, რა ხდება დღეს, დავინახავთ მხოლოდ ულტიმატუმის ტონით გაკეთებულ განცხადებებსა და უდიერ დამოკიდებულებას აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიქმება, როგორც გარესამყაროსათვის კარის მიჯახუნების სურვილი“, - ამბობს ლიანა კვარჩელია, რომლის აზრითაც, აუცილებელია დასავლეთისათვის სულ სხვა შინაარსის მესიჯების გაგზავნა სოხუმიდან, საჭიროა აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხის დაყენება, თუმცა, როგორც თვითონ შენიშნავს, აშკარაა, რომ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სულ სხვა ამოცანები აქვს. ლიანა კვარჩელია აკარიტიკებს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ევროკავშირის გადაწყვეტილების პასუხად გადაწყვიტა ჩაეტარებინა მოსახლეობის გამოკითხვა თავის Telegram-არხზე და „შეესწავლა“ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების დამოკიდებულება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების შეზღუდვის თაობაზე.

დე ფაქტო საგარეო უწყებამ იკითხა:

„თქვენი აზრით, როგორ უნდა ვუპასუხოთ ევროკავშირის ინიციატივას აფხაზეთში გაცემული რუსული პასპორტების ბათილად ცნობის შესახებ?

პასუხის ვარიანტები:

  • ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე კონტროლის გაძლიერება;
  • ასეთი პროექტების ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვა/შეზღუდვა
  • დავტოვოთ რეაგირების გარეშე
  • მიჭირს პასუხის გაცემა

ნიშანდობლივია, რომ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთოდ არ განიხილავს ერთ-ერთ ვარიანტად დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერებას დასავლეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ან აფხაზეთის პოზიციების უკეთ მიწოდებას საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, რომლებიც სამი ათეულია წელია ახორციელებენ აფხაზეთის მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერ პროექტებს.

  • 2022 წლის მაისში აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დახურა საერთაშორისო ორგანიზაციის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ პროექტი სახელწოდებით „ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება ინკლუზიური განვითარების მიდგომებით“. აფხაზეთის ხელისუფლება უკმაყოფილო იყო პროექტის იმ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებდა აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების წარმომადგენლების ჩართვას კულტურათაშორის დიალოგში ერთობლივი ტრენინგებისა და სემინარების გზით მოლდოვაში, ავსტრიასა და სომხეთში.
  • 2022 წლის სექტემბერში აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთის მოქალაქე ტიფენ ლუკასი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსული ბაზის მახლობლად „სადაზვერვო მონაცემების შეგროვებისთვის“. ლუკასი ხელმძღვანელობდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტს, რომლის მიზანი იყო ადგილობრივი ყურძნის ჯიშების მხარდაჭერა.
  • დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს რისხვა დაიმსახურა გერმანულმა „ბერგჰოფის ფონდმა“. უწყებამ მოუწოდა აფხაზეთის მცხოვრებლებს, არ გამართონ დიალოგი ფონდის თანამშრომლებთან, არ მიიღონ მონაწილეობა მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და ონლაინდისკუსიებში.

რუსეთის მოქალაქის პასპორტი

ევროპარლამენტის გადაწყვეტილების პასუხად აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრმა მართლაც გაავრცელა მინისტრის, ინალ არძინბას მკაცრი და არადიპლომატიური განცხადება:

„ევროკავშირს არ მოსწონს მოკავშირული ურთიერთობა აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის და ამიტომ ყველანაირად ცდილობს შეცვალოს ეს ისტორიულად ჩამოყალიბებული ვითარება. მსგავსი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის პოლიტიკის ნამდვილ მიზანს, რომელიც აფხაზი ხალხის იზოლირება, მისი კუთხეში მომწყვდევა და მისთვის საკუთარი ნების თავზე მოხვევაა“.

ინალ არძინბას თქმით, იმ პროგრამებისა და პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც ამჟამად ხორციელდება აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ფინანსდება სწორედ ევროკავშირის მიერ ოფიციალური და არაოფიციალურ სტრუქტურების საშუალებით.

ინალ არძინბა

„ერთი მხრივ, ისინი ახორციელებენ ვითომ ჰუმანიტარულ პროექტებს, მეორე მხრივ, არ ცნობენ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაცემულ პასპორტებს, - ამბობს ის, - ეს, რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაა, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს. აშკარაა, რომ ყველა ამ ჰუმანიტარული პროექტისა და პროგრამის საბოლოო მიზანია საშინაო პოლიტიკაზე, ჩვენი მოქალაქეების ცნობიერებაზე გავლენის მოხდენა და აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო-პოლიტიკური ვექტორის შეცვლა. მეორეც, მინდა ხაზგასმით

აღვნიშნო, რომ ასეთი გადაწყვეტილებები აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაცემული პასპორტების არაღიარების შესახებ, გავლენას მოახდენს აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაზე, რომლებიც დაფინანსებას ევროკავშირიდან იღებენ“, - განაცხადა ინალ არძინბამ.

საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ არაფერი გასაკვირი და მოულოდნელი ინალ არძინბას განცხადებაში არ არის, რადგან, მისი თქმით, არძინბა, სხვა აფხაზი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, უბრალოდ რუსული ორიენტაციის კი არა, პირდაპირ რუსი პოლიტიკოსია.

„როგორც რუსი პოლიტიკოსი, ბუნებრივია, რომ ამ გადაწყვეტილებას იყენებს ევროკავშირის დისკრედიტაციისათვის, დასავლეთისგან აფხაზეთის იზოლირებისათვის“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი, რომლის თქმითაც, ევროკავშირის მიერ მიღებულ სწორ და ლოგიკურ გადაწყვეტილებას თბილისმა უნდა მოაყოლოს მნიშვნელოვანი ძალისხმევა, რათა ხელიდან არ გაუშვას თავის მოქალაქეებზე ზრუნვის გამოვლენის შესაძლებლობა.

„ეს არის ევროკავშირის რეაქცია რუსეთის აგრესიასა და რუსულ ოკუპაციაზე. ევროკავშირი ცდილობს მაქსიმალურ იზოლაციაში ჰყავდეს რუსეთი და არ დაუშვას რუსეთის ის ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის კონცეფციას. ევროკავშირის პოზიცია გასაგებია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება შეეხო. რა ქნას ამ ხალხმა? აქ საჭიროა საქართველოს ხელისუფლების ჩართვა. ერთი მხრივ, მიესალმოს ევროკავშირს და თქვას, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა და, მეორე მხრივ, უნდა მიმართოს ევროკავშირს, მოდი ვილაპარაკოთ, რა ვუყოთ ამ ხალხს, რომელიც ჩარჩენილია ამ ტერიტორიაზე. ვიპოვოთ გამოსავალი, თუნდაც დროებითი“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც არასაკმარის ძალისხმევად მიიჩნევს თბილისის მიერ მხოლოდ საქართველოს და ნეიტრალური პასპორტების შეთავაზებას.

პაატა ზაქარეიშვილი

„სოხუმსა და ცხინვალში, ვისაც უნდა უცხოეთში მოგზაურობა, მას ცხადია შეუძლია ამ პასპორტების აღება და წასვლა, მაგრამ აქ შემოდის პოლიტიკური საკითხი. კონფლიქტი მოუგვარებელია და საქართველო მტრად მიაჩნიათ, ამიტომ ბევრი არ იღებს ამ პასპორტებს. ასე ვართ გაჭედილი 30 წელია, კონფლიქტს ვერ ვაგვარებთ. ახლა კი კარგი მომენტი დადგა გამოსავლის მოსაძებნად. შეიძლება შევთავაზოთ სხვა ვარიანტები, საჭიროა მუდმივი, 24-საათიანი მუშაობა ამ ხალხის ბედზე. თბილისმა უნდა იპოვოს გამოსავალი, უნდა ელაპარაკოს აფხაზურ მხარეს. უნდა ელაპარაკოს როგორც აფხაზურ და ოსურ მხარეს, ასევე ევროკავშირს: რა შეიძლება შესთავაზოს ევროკავშირმა აფხაზეთსა და ცხინვალში ჩარჩენილ მოსახლეობას? უნდა მოიძებნოს გამოსავალი, თუნდაც დროებითი. მაგალითად: პასპორტი კი არ მისცენ, მისცენ სამოგზაურო დოკუმენტი. ევროკავშირმა და ჩვენ ისეთი პროდუქტი უნდა შევთავაზოთ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ პირებს, რომელიც მისაღები იქნება მათთვის. ამაზე უნდა დაიწყოს მუშაობა, თუნდაც იმის გამო, რომ დაინახონ ამ რეგიონებში ადამიანებმა, რომ თბილისი წუხს მათ გამო. კი არ უხარია, არამედ წუხს და გამოსავალს ეძებს“, - უთხრა პაატა ზაქარეიშვილმა რადიო თავისუფლებას.