კობახიძე სანქცირებულთა სიაში ივანიშვილის ნათესავების შეყვანას „მეორე ფრონტის" საკითხს უკავშირებს

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებულებას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ძმა და ახლო ნათესავები სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს, ეხმაურება მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი აზრით, ცდილობენ, საქართველო შანტაჟით დაითანხმონ „მეორე ფრონტის" გახსნაზე.

„უკრაინის უშიშროების საბჭო, კონკრეტულად მისი მდივანი მოგვიწოდებს მეორე ფრონტის გახსნისკენ. გახსოვთ, უშიშროების საბჭოს მდივნის, დანილოვის პირდაპირი მოწოდება მეორე ფრონტთან დაკავშირებით და იგივე უწყება ქვეყანას აშანტაჟებს სანქციებით. სანქციებში მოხსენიებულია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის რამდენიმე წევრი, მაგრამ იცით ამას რა რიტორიკაც უძღოდა წინ და რა არის ამ ყველაფრის კონტექსტი, რომ ქვეყანა შანტაჟით ჩაითრიონ ომში და აქ გახსნან მეორე ფრონტი. ეს არის სასოწარკვეთილი მცდელობა. მგონია, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არცერთ შემთხვევაში არ გაიხსნება, როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს. ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. ისინი ვერანაირი შანტაჟით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში. ეს არის გამორიცხული, ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს.

უშიშროების საბჭოს ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობს და, რა თქმა უნდა, მის მიერ არის გამოცემული ეს ბრძანება, ისევე როგორც თავის დროზე ელჩის გაწვევის ბრძანება. ლოგიკა არის ის, რომ ეს არის შანტაჟი. მათ სჭირდებათ ბერკეტი, იმისათვის, რომ საქართველო ჩართონ მეორე ფრონტში, ამისათვის სჭირდებათ არა დასჯა, არამედ შანტაჟი. სწორედ ამ ლოგიკით მოხვდა ამ სიაში არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ მისი ოჯახის წევრების შეყვანა“, - განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, ხომ არ ფიქრობს ხელისუფლება უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევაზე, კობახიძემ უპასუხა, რომ უკრაინის ხელისუფლებასთან „ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში" დარჩენის მომხრეა.

„ბუნებრივია, ასეთ ნაბიჯებს სჭირდება რეაგირება, მაგრამ რა ტიპის უნდა იყოს ეს რეაგირება მე არ ვიცი. აღმასრულებელი ხელისუფლების ამოცანაა, რომ ასეთ საკითხებზე იმსჯელოს. მე არ ვიჩქარებდი. მე მაინც დავრჩებოდი ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები უკრაინელ ხალხთან, მეორეს, მხრივ ქვეყანა არის მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ, რომ არის ომი, აქედან გამომდინარე მე ემოციებს არ ავყვებოდი და შევინარჩუნებდი ცალმხრივ მეგობრობას, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლებასთან. ეს არის ჩემი პოზიცია. თუმცა, დიპლომატიური რეაგირება როგორი იქნება, ეს არის სწორედ, დიპლომატიური უწყების, მთავრობის, პრემიერის, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა“, - თქვა კობახიძემ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 19 ოქტომბრის ბრძანებულებით, სანქციები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

სანქცირებულთა შორის არიან:

  • ბიძინა ივანიშვილის ძმა - ალექსანდრე ივანიშვილი;
  • ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი - უჩა მამაცაშვილი;
  • ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის შვილი - ტატე (ტიტე) მამაცაშვილი;
  • ბიძინა ივანიშვილის ძმის ცოლი - ქეთევან ხარაიძე.

სანქციების დაწესების შემდეგ მათ უკრაინის ტერიტორიაზე ეზღუდებათ:

  • ქონების უფლება;
  • სავაჭრო ოპერაციები;
  • რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტი;
  • უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანა;
  • ლიცენზიებითა და სხვა ნებართვებით სარგებლობა.

განახლებული სია 256 ადამიანისგან შედგება.