სომხეთის პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია „ჰაიასტანის“ წევრი იშხან საღათელიანი შიშობს, რომ სამშვიდობო შეთანხმების სარჩულით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ახალ კაპიტულაციას ამზადებს და ქვეყანას ახალი ომის საფრთხის წინაშე დააყენებს.
"მეზობელ მტრულ სახელმწიფოებს არ სურთ მშვიდობა, მათ სურთ სომხეთის განადგურება, სურთ, რომ არცახი [მთიანი ყარაბაღი-რედ] აზერბაიჯანის შემადგენლობაში დარჩეს. მაგრამ ეს არ არის მშვიდობა. ჩვენ ერთადერთი გამოსავალი გვაქვს: მოქმედი ხელისუფლება, რომელიც ხელმოცარულია და ქვეყანა ამ სიტუაციამდე მოიყვანა, უნდა გადადგეს. უნდა მივაღწიოთ გარდატეხას როგორც თავდაცვის სფეროში, ისე ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში", - აღნიშნა იშხან საღათელიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან ინტერვიუში.
ამ განცხადების ფონია ევროკავშირის შუამავლობით პრაღაში ოქტომბრის დასაწყისში გამართული ოთხმხრივი შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ აღინიშნა, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმება, შესაძლოა, წლის ბოლომდე გააფორმონ.
სომხეთის ოპოზიცია მიიჩნევს, რომ "ნიკოლ ფაშინიანს არ აქვს ხალხის მანდატი, რათა ქვეყანა ახალ კაპიტულაციამდე მიიყვანოს. განცხადება ბევრს არაფერს ნიშნავს. მისი მხრიდან ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება ძალადაკარგული და არალეგიტიმური იქნება", - განაცხადა იშხან საღათელიანმა.
ასევე ნახეთ
აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, წლის ბოლომდე გააფორმონაზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ სომხეთის მხრიდან „კეთილი ნების“ შემთხვევაში, ამ წლის ბოლომდე ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას. ამის შესახებ ალიევმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს განუცხადა პრაღაში, სადაც 6 ოქტომბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შუამავლობით შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. შეხვედრა ევროკავშირის მიერ ინიციირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში გაიმართა.
პრაღაში შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტვიტერზე დაწერა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაადასტურეს ერთგულება გაეროს წესდებისა და ალმა-ატის 1991 წლის დეკლარაციისადმი, რომლითაც აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
თუმცა, სომხეთის პრეზიდენტმა ისე დატოვა პრაღა, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.
2020 წლის ნოემბერში, ე.წ. 44-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი". 2022 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განახლდა შეიარაღებული დაპირისპირება, რომლის შედეგად, ორივე მხრიდან დაიღუპა 200-ზე მეტი სამხედრო.