დამკრძალავი ბიუროსთვის ჭირისუფლის პირადი ნომრის შეუთანხმებლად გადაცემის გამო სასწრაფო დახმარების ერთ-ერთი ექიმი სამსახურიდან დაითხოვეს. ხოლო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაავალა შემოიღოს ისეთი წესი, რომ ცენტრის დისპეტჩერებმა ექიმებს ტელეფონის ნომრები არ გადასცენ.
რადიო თავისუფლება ცოტა ხნის წინ წერდა, როგორ ურეკავდნენ შეუთანხმებლად ჭირისუფლებს მათი ოჯახის წევრის გარდაცვალებიდან დაახლოებით ნახევარ საათში, პირად ტელეფონზე, სარიტუალო მომსახურების ბიუროებიდან და სერვისს სთავაზობდნენ.
ასევე ნახეთ მეც დამირეკეს - ვინ აძლევს სარიტუალო ბიუროებს ჭირისუფლის ტელეფონის ნომერს?გარდაცვლილების ახლობლები ვერ ხვდებოდნენ, ვინ აძლევდა სარიტუალო ბიუროს მათი პირადი მობილურის ნომერს, რადგან მათ ჯერ არსად დაერეკათ, მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების ამბავი კი მხოლოდ პატრულმა და სასწრაფო დახმარების ექიმმა იცოდნენ.
ჩვენმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა, რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ანასტასია სლოვინსკაიამ, რომელსაც ასეთი სერვისიდან ბებიის გარდაცვალებიდან ერთ საათში დაურეკეს, პირადი ინფორმაციის გამჟღავნებაზე პასუხი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს 112-ს მოსთხოვა, რადგან, წესით, ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრი პირველად სწორედ 112-ს ატყობინებს მომხდარს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო სამსახურში, ამ ამბის მოკვლევა სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.
ანასტასია სლოვინსკაიამ რამდენიმე დღის წინ უწყებიდან პასუხი მიიღო: მას აცნობეს, რომ სარიტუალო მომსახურების ბიუროს მისი პირადი ტელეფონის ნომერი სასწრაფოს ექიმმა გადასცა.
ექიმს კი, მობილურის ნომერი მისამართზე გასვლის წინ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დისპეტჩერმა ჩააწერინა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამახურმა ასევე დაადგინა, რომ ცენტრს უკვე მიღებული აქვს გარკვეული ზომები მოქალაქეების სატელეფონო ნომრის კონფიდენციალობის დასაცავად - სასწრაფოს ექიმებს, ჭირისუფლის ტელეფონის ნომერი, როგორც წესი, პროგრამულად არ მიეწოდებათ.
მათ დისპეტჩერს შეუძლია, ექიმი, გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრს ზარის გადამისამართებით დააკავშიროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმმა არ იცის ზარის ინიციატორი პირის სატელეფონო ნომერი.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა ასევე განაცხადა, რომ ცენტრის ექიმები საგანგებოდ გაფრთხილებულებიც არიან, რომ კონფიდენციალური ინფორმაცია არ გაამჟღავნონ.
ცენტრი კატეგორიულად უარყოფს, თითქოს ექიმებს ვინმე ავალებდეს სარიტუალო მომსახურების სამსახურთან ჭირისუფლის დაკავშირებას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გამოიკვლია, რომ ანასტასია სლოვინსკაიას ბებიის გარდაცვალების დღეს, ექიმმა სარიტუალო სამსახურის წარმომადგენელთან დარეკვა თავად გადაწყვიტა - „ცენტრთან შეუთანხმებლად“.
როდესაც მიზეზი ჰკითხეს, სასწრაფოს ექიმმა უპასუხა, რომ ჭირისუფლის ტელეფონის ნომრის სარიტუალო ბიუროსთვის გადაცემას ერთადერთი მიზანი ჰქონდა - „დროულად დაეორგანიზებინათ მიცვალებულის სარიტუალო მომსახურება“.
მაგრამ მოკვლევით დადასტურდა, რომ ცენტრის ექიმმა ისე გაამჟღავნა სატელეფონო ნომერი, რომ მას ოჯახის წევრების თანხმობა არ მიუღია, არც მისთვის უთხოვია ვინმეს სარიტუალო ბიუროსთან დაკავშირებაში დახმარება.
ეს ნიშნავს, წერია დასკვნაში, რომ ექიმს არ ჰქონდა „მონაცემთა გამჟღავნების კანონიერი ინტერესი“.
და მიუხედავად იმისა, რომ მას ხელი მიუწვდებოდა კონკრეტულ ინფორმაციაზე, ის ვალდებული იყო დაეცვა კონფიდენციალობა.
სასწრაფოს ექიმმა პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონის 43-ე მუხლი დაარღვია, რისთვისაც მას დაეკისრა „შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი“ - (გაფრთხილება ან ჯარიმა 500 ლარი), თუმცა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ეს ექიმი სამსახურიდან გათავისუფლებულია.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ასევე მოიკვლია, რომ მიუხედავად დისპეტჩერების შესაძლებლობისა, ექიმი და გარდაცვლილის ოჯახის წევრი ერთმანეთს სპეციალური პროგრამით დააკავშიროს და არ გაამჟღავნოს სატელეფონო ნომერი, მაინც ხდება ისე, რომ ცენტრის თანამშრომელი ექიმს ჭირისუფლის ნომერს აძლევს.
ისინი ზეპირად არიან გაფრთხილებულები, რომ ეს არ გააკეთონ, თუმცა არ არსებობს რაიმე შიდა საორგანიზაციო დოკუმენტი, რომელიც მოაწესრიგებდა, რა სახის პერსონალური მონაცემი უნდა გადაეგზავნოს ექიმს 112-ისგან მიღებული გამოძახების გადამისამართების შემთხვევაში.
ცენტრს ასევე დაევალა, საგანგებოდ შეიმუშაოს და ცენტრის თანამშრომლებს გააცნოს 112-ისგან მიღებული გამოძახების - დისპეტჩერის მიერ ექიმისთვის გადამისამართების პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი.
ამ წესით უნდა განისაზღვროს, ცენტრის რომელი თანამშრომლისთვის რა მონაცემი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და, რაც მთავარია, რა მიზნით შეუძლიათ მათ ამ მონაცემების გამოყენება.