კადიროვმა გამოაქვეყნა უკრაინაში თავისი არასრულწლოვანი შვილების "ბრძოლის ამსახველი“ ვიდეო

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც კადიროვის მტკიცებით, ასახავს უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებებში მისი სამი შვილის მონაწილეობას.

კადიროვი ტელეგრამზე წერს, რომ მისი ვაჟები ახმატი, ელი და ადამი იმყოფებოდნენ „ურთიერთშეხების ხაზზე, სადაც ამ მომენტში მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლები უკრაინელ ნაციონალისტებთან“. კადიროვის თანახმად, მისმა შვილებმა, „როგორც ეს ჩეჩენ მეომრებს შეეფერება, მაშინვე საქმეს მოჰკიდეს ხელი“, პოლიციის სპეციალური პოლკის მეთაურ ზამიდ ჩალაევთან ერთად შეაღწიეს მოწინააღმდეგის პოზიციებზე და „უზრუნველყვეს შეტევაზე მყოფი მებრძოლების საცეცხლე დაფარვა“.

კადიროვის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ მოზარდები ისვრიან და ისმის სროლის ხმაც. ამასთან, ოპოზიციური ტელეგრამ-არხი Niyso ყურადღებას ამახვილებს, რომ ვიდეოზე აღბეჭდილი ადგილი ემთხვევა იმ ადგილს, სადაც მანამდე ძმებთან ერთად იმყოფებოდა კადიროვის ქალიშვილი, ჩეჩნეთის კულტურის მინისტრი აიშატ კადიროვა.

ასევე ნახეთ უმაღლესმა რადამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია რუსეთის მიერ ოკუპირებულად ცნო

რამზან კადიროვმა, რომლის ვაჟები 14, 15 და 16 წლის არიან, რამდენიმე ხნის წინ გამოაცხადა, რომ ისინი უკრაინაში საომრად გაგზავნა. რუსეთის ოფიციალურ პირებს, რომლებსაც ბავშვთა უფლებების დაცვა ევალებათ, კადიროვის ამ განცხადებაზე არაფერი უთქვამთ.

გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციით, რომელიც რუსეთს რატიფიცირებული აქვს, იზღუდება საომარ მოქმედებებში მოზარდების მონაწილეობა.