გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ დეზინფორმაცია უწოდა დასავლეთის სახელმწიფოთა განცხადებებს, რომ რუსეთი ირანისგან იღებს უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.
გაეროს უშიშროების საბჭოში 19 ოქტომბერს გამართული დახურული სხდომის შემდეგ, პოლიანსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიზანია გამოგონილი საბაბით ზეწოლა მოახდინონ რუსეთსა და ირანზე და ყურადღება გადაიტანონ უკრაინის კონფლიქტში თავად მათი ჩართულობიდან. პოლიანსკის განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭოს არ მიუღია არანაირი მტკიცებულება, რომ ირანმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა. რუსი დიპლომატი ირწმუნება, რომ მისი ქვეყანა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების დრონებს იყენებს.
ასევე ნახეთ აშშ მზად არის ირანს სანქციები დაუწესოს რუსეთისთვის ე.წ. კამიკაძე-დრონების გადაცემისთვისრაც შეეხება გაეროსადმი უკრაინის მიმართვას, რომ ორგანიზაციის ექსპერტებმა გამოიძიონ რუსეთის მიერ ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება, პოლიანსკის თქმით, თუ გაეროს სამდივნო და გენერალური მდივანი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რუსეთი მათთან ურთიერთობებს გადააფასებს.
„ეს არავის ინტერესებს არ პასუხობს, ჩვენ ეს არ გვინდა, მაგრამ სხვა არჩევანი არ იქნება“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა. მან გამოძიებისთვის წინააღმდეგობის გაწევა იმით ახსნა, რომ გაეროს სამდივნოს შესაბამისი მანდატი არ გააჩნია.
ასევე ნახეთ უკრაინა გაეროს ექსპერტებს იწვევს უპილოტო საფრენი აპარატების გამოსაკვლევადუკრაინის და დასავლეთის სახელმწიფოთა დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე-დრონებს Shahed-136, რომლებსაც რუსეთმა სახელი შეუცვალა და „გერანი-2“ დაარქვა. რუსეთი და ირანი ამას უარყოფენ.
ბოლო დღეებში, რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით არაერთი შეტევა განახორციელეს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე. 17 ოქტომბერს, ე.წ. კამიკაძე-დრონით დარტყმის შედეგად, კიევის ცენტრში დაინგრა საცხოვრებელი სახლი. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი. 18 ოქტომბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა წინადადებით, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტონ რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდების გამო.