აშშ მზად არის ირანს სანქციები დაუწესოს რუსეთისთვის ე.წ. კამიკაძე-დრონების გადაცემისთვის

უპილოტო საფრენი აპარატი კიევში. 2022 წლის 17 ოქტომბერი

აშშ მზად არის ირანის წინააღმდეგ სანქციები გამოიყენოს რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემის გამო. 19 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა რუსეთის მიერ ირანისგან უპილოტო საფრენი აპარატების შეძენა შეაფასეს საბჭოს 2231-ე რეზოლუციის დარღვევად. ამ რეზოლუციით აკრძალულია ირანიდან შეიარაღების იმპორტი.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აშშ-ისგან ჯერ კიდევ ივლისში იყო გაფრთხილება, რომ ირანი გეგმავდა რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემას, დღეს კი, უკვე აქვთ ბევრი მტკიცებულება, რომ ეს აპარატები გამოიყენება უკრაინაში სამოქალაქო მოსახლეობასა და კრიტიკულად მნიშვნელოვან სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისთვის.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, იმის გამო, რომ ირანი ისევ ცრუობს და უარყოფს რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდებას, აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იმუშაოს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, რათა აღკვეთოს საშიში შეიარაღების რუსეთისთვის გადაცემა და უყოყმანოდ გამოიყენებს სანქციებს და სხვა საშუალებებს ყველას მიმართ, ვისაც კავშირი აქვს იარაღის გადაცემასთან. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, აშშ გააგრძელებს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის უპრეცედენტო დახმარებას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის საშუალებებით.

რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების გამო ირანს სანქციებს დაუწესებს ევროკავშირიც.

ასევე ნახეთ ევროპის კავშირი ირანს სანქციებს დაუწესებს რუსეთისთვის მოიერიშე დრონების მიწოდების გამო

უკრაინის და დასავლეთის სახელმწიფოთა დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე-დრონებს Shahed-136, რომლებსაც რუსეთმა სახელი შეუცვალა და „გერანი-2“ დაარქვა. რუსეთი და ირანი ამას უარყოფენ.

ბოლო დღეებში, რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით არაერთი შეტევა განახორციელეს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე. 17 ოქტომბერს, ე.წ. კამიკაძე-დრონით დარტყმის შედეგად, კიევის ცენტრში დაინგრა საცხოვრებელი სახლი. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი. 18 ოქტომბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა წინადადებით, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტონ რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდების გამო.