რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის სხვა მოქალაქეებთან ერთად, საქართველოში ქართული დიასპორის ათასობით წარმომადგენელი დაბრუნდა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემებით, წელს, 844 ადამიანს აღუდგა მოქალაქეობა, კიდევ – 710 ადამიანს საქართველოს მოქალაქეობა გამონაკლისის სახით მისცეს.
- უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველო „საგამონაკლისო წესით“ იმ შემთხვევაში ანიჭებს მოქალაქეობას, თუკი მას საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან სახელმწიფოა განსაკუთრებით დაინტერესებული. სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას სხვადასხვა ფაქტორი ფასდება, მათ შორის: მოქალაქეობის მაძიებელს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და მისი წინაპარი არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან იძულებით გადაადგილებული პირი, სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან ეკონომიკური მდგომარეობის გამო წავიდა ემიგრაციაში. გამონაკლისის სახით მოქალაქეობის მიღება შეუძლია მასაც, ვისაც საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ინვესტიცია აქვს, ან მაგალითად გამორჩეულად წარმატებულ სპორტსმენს, მეცნიერს ან ხელოვანს სურს საქართველოს სახელმწიფოს წარმოადგენდეს.
- „აღდგენის წესით“ მოქალაქეობა უბრუნდებათ მათ, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა არამართლზომიერად, საქართველოს მოქალაქეობის დათმობით, მშობლის არჩევანის შედეგად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო.
რადიო თავისუფლება ელაპარაკა სამ ქართველს, რომელთაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თავი საქართველოს შეაფარეს.
ელიზბარი
გურიაში, ოზურგეთის სოფელ ბოხვაურში ელიზბარ ოქროპირიძე აშენებს სახლს და სუბტროპიკულ ბაღს, მანდარინებითა და პალმებით. ტურისტული ცენტრებისგან მოშორებით, ნახევარ ჰექტარ მიწაზე მას სახელოვნებო სივრცის მოწყობა უნდა.
საქართველოს მოქალაქეობა 32 წლის ელიზბარმა რამდენიმე თვის წინ მიიღო. სახლის მშენებლობის დასრულებამდე ოზურგეთში ქირაობს სახლს და ყოველ დღე ბოხვაურამდე 3 კმ-ს ველოსიპედით გადის. ამბობს, მუშებთან ურთიერთობა მიჭირსო. აქ დროისა და შრომის კულტურა სხვანაირია, ვიდრე მოსკოვში, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა.
ელიზბარ ოქროპირიძე საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე, მარტში ჩამოვიდა.
„აუტანელი იყო იქ ყოფნა. მაინც მაქვს შეგრძნება, რომ [მოსკოვი] ჩემი სახლია, მაგრამ გულნატკენი ვარ ძალიან“, - მეუბნება ელიზბარი გურული დიალექტით.
ელიზბარმა რუსეთში უცხოდ, პირველად, 2006 წელს, იგრძნო თავი, როცა სახლში ერთ ბიჭს, პაატას მალავდნენ. უყიდეს სათვალე და შეუღებეს თმა, იმისთვის, რომ დაეცვათ რუსეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციისგან.
„[რუსეთში] ამბობდნენ, რომ ქართველები ჩამორჩენილი ხალხია, არაფერი შეუძლიათ. ეს შოვინიზმი ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებდა“, - ამბობს ის და ამატებს: „სამსახურში ან სასწავლებელში გვეხუმრებოდნენ, როგორც მეორეხარისხოვან ადამიანებს. ვისაც უყვარხარ, ისიც კი გეხუმრება, თითქოს შენ უფრო პატარა ხარ“.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მან რუსულენოვან ინტერნეტში საქართველოს პოპულარიზაცია დაიწყო.
„არ მომწონდა ის, რასაც აკეთებდა დიასპორა – შეკრებები, ხაჭაპური, ხინკალი, ერთი და იგივე მუსიკოსები და ერთმანეთს უკრავენ ტაშს. ყველამ იცის, რომ საქართველოში აკეთებენ ხაჭაპურს, ყველამ იცის მიმინო. ეს არის რუსული ნარატივი“, - ამბობს ელიზბარი.
საპირწონედ, ცდილობდა ელაპარაკა ისტორიულ ფიგურებზე საქართველოდან, ქართულ მხატვრობასა და ხელოვნებაზე.
2019 წელს, ელიზბარმა მოსკოვის სახელმწიფო ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში (МГГУ) ღონისძიებაზე მისულ მარია ზახაროვას საქართველოზე თავდასხმა შეახსენა. ორ დღეში, ის უნივერსიტეტიდან გარიცხეს.
საქართველოსთან კავშირების გამყარება ელიზბარმა უფრო ადრე, 2014 წლიდან დაიწყო. ყირიმის ანექსიის შემდეგ, მისთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთის იზოლაცია ახლოვდებოდა.
„ხან საზღვარს ჩაკეტავენ, ხანაც ვალუტა უფასურდება, სანქციები ეკისრება, ინსტაგრამი იბლოკება. ესეც ამომივიდა ყელში“, - ამბობს ის.
საქართველოში ვერც ერთ ქალაქში ვერ იცხოვრებდა - ზედმეტად ხმაურიანი და ბინძურია, არ არის პერსონალური სივრცე დაცული და მანქანებსაც ძალიან ცუდად მართავენო.
„აი, რომ დავწერო, მაგალითად, ბათუმის არქიტექტურა არ ვარგა. შეიძლება მითხრან, შენ მოსკოვიდან ჩამოსული რუსი [ხარ], არ მოგწონს ჩვენი ქალაქი. იშვიათად, მაგრამ ასეთი მომენტები მქონია“, - ამბობს ის.
ბოხვაურში სახლის მშენებლობას ალბათ, ერთ თვეში დაასრულებს. შემდეგ რემონტი უნდა დაიწყოს. ერთი ოთახი სრულად დაეთმობა გალერეას ნახატებისთვის. პირველ სართულზე ბუხარიც იქნება. თუმცა ერთი „მისია“ კიდევ აქვს დასახული:
„როდესაც რუსეთში მთავრობა შეიცვლება, 5-10 წელში, რამდენიმე წელი მინდა წავიდე მოსკოვში და ვიმუშაო ლიტერატურის მასწავლებლად. იქნებ რამდენიმე ბავშვი მაინც ვიხსნა“, - ამბობს ელიზბარი.
გიორგი
გიორგი რუსეთის დატოვებას არ აპირებდა, სანამ საკუთარ სადარბაზოში სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლებს არ გადაეყარა. ქალი, პოლიციელის თანხლებით, კარდაკარ დადიოდა და სამხედრო გაწვევის ცნობებს აბარებდა ადრესატებს.
გიორგი საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა, თუმცა ცხოვრების უდიდეს ნაწილი მოსკოვში გაატარა. ჯარში არ უმსახურია და იმედი ჰქონდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის „ნაწილობრივი მობილიზაცია“ მას არ შეეხებოდა, თუმცა, როგორც გაირკვა, იძახებენ ყველას.
მოსკოვში დატოვა დიასახლისი ცოლი და სკოლის მოსწავლე შვილი, თავად კი საქართველოს შეაფარა თავი.
„ჯარისკაცი რომ ვიყო, წავიდოდი [ომში]. ვიბრძოლებდი იმისთვის, რომ ნატო არ იყოს უკრაინაში და უკრაინა გახდეს ნეიტრალური სახელმწიფო“, - მეუბნება გიორგი მსუბუქი რუსული აქცენტით და მთხოვს, მისი გვარი მასალაში არ გამოვიყენო.
გიორგი მე-8 კლასამდე თბილისში სწავლობდა. სკოლა რუსეთში დაამთავრა, უნივერსიტეტი - ირლანდიაში. შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა, დაოჯახდა და ბოლო დრომდე ერთ-ერთი რუსულ ბანკში მუშაობდა.
„სახლი უფრო რუსეთია, მაგრამ საქართველოც მიყვარს. აქაც ბევრი ახლობელი მყავს“, - ამბობს ის.
გიორგის ქართველი ნათესავები რუსეთს აღიქვამენ როგორც აგრესორსა და ოკუპანტ სახელმწიფოს, რის გამოც მათთან არაერთხელ უკამათია.
„[უკრაინის] ხელისუფლებაში ვინც არის, ფაშისტები არა, მაგრამ რადიკალური ნაციონალისტები არიან“, - ამბობს და ამატებს: „არ უნდათ, უკრაინაში იყოს რუსული ენა გავრცელებული და იყოს რუსული კულტურის კვალი. როგორც ჩვენთან იყო [მიხეილ] სააკაშვილი, ეგეთი ტიპის პოლიტიკოსები არიან იქაც“.
გიორგი დარწმუნებულია, რომ საქართველომ თავისი ორი რეგიონის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარების გასაღები კრემლში უნდა ეძებოს. ამისთვის კი პირველი ნაბიჯი კონსტიტუციიდან ნატოში გაწევრიანების მისწრაფების ამოღება იქნება.
ნატო და ამერიკა, გიორგის აზრით, არიან ისინი, ვისაც რუსეთი ებრძვის უკრაინაში. მიუხედავად არაერთი მტკიცებულებისა, გიორგის არ სჯერა, რომ კიევთან ახლოს, ქალაქ ბუჩაში, რუსმა სამხედროებმა უდანაშაულო მოქალაქეები დახოცეს.
„ინგლისურად „ბუჩერ“ (Butcher) ნიშნავს ყასაბს. სპეციალურად მედიისთვის არჩეული სახელია. რუსეთი რომ გავიდა ბუჩადან, იმ დღეს, მერი თუ ვიღაცა… ნუ, გადაიღეს ვიდეო და არ იყო გვამები. მერე გაჩნდა ეს გვამები. სადღაც ტელეგრამარხებში ვნახე“, - ამბობს ის.
გიორგი ახლა ნათესავთან ცხოვრობს. დანაზოგი კიდევ რამდენიმე თვე ეყოფა. თუ დიდი ხნით მოუწია დარჩენა, სამსახურის ძებნასაც დაიწყებს. თუმცა მანამდე თბილისის ბინაში რემონტი აქვს დაგეგმილი.
„როგორც კი მორჩება ყველაფერი, ალბათ, გაზაფხულზე, რუსეთში დავბრუნდები და ჩვეულებრივ გავაგრძელებ ცხოვრებას“, - ამბობს გიორგი.
ნინო
ნინო ნაკოფია ბრაზობს, რომ მშობლებმა ქართულად ლაპარაკი არ ასწავლეს და წუხს, რომ მოსკოვისგან განსხვავებით, თბილისში ვეგანური ადგილები ცოტაა.
ნინომ 27 სექტემბერს გადმოკვეთა საქართველო-რუსეთის საზღვარი. ის, უფრო მეტად კი მისი რუსი შეყვარებული, პუტინის მობილიზაციას გამოექცა.
24 წლის ნინო მოსკოვში დაიბადა, აფხაზეთიდან დევნილების ოჯახში. მშობლები ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში რუსეთს ადანაშაულებდნენ. თუმცა თავის დროზე სოხუმელ ოჯახს რუსეთში უფრო ჰქონდა ბინის მიღების, ყიდვის შესაძლებლობა, ვიდრე საქართველოში.
„ბავშვობაში ჩემი ოთახი რომ არ მქონდა, ამაშიც რუსეთს ვადანაშაულებდი“, - ამბობს ნინო და ხსნის, რომ ერთოთახიან ბინაში, წლების განმავლობაში, მასთან ერთად კიდევ ოჯახის შვიდი წევრი ცხოვრობდა.
ოჯახში ყველა რუსეთის მოქალაქეა, თუმცა რუსული პასპორტით აფხაზეთში არ ჩადიან.
„პრინციპულად არ მინდა წავიდე იქ, სადაც მამაჩემი იბრძოდა, სიცოცხლეს რისკავდა და დამარცხდა“, - ამბობს ნინო.
ნინო ჰყვება, რომ მამამ რუსეთის უკრაინაში შეჭრა ისე განიცადა, რომ ცუდად გახდა, რადგან „გაახსენდა საკუთარი თავი აფხაზეთში“.
24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების დღეს ნინო მოსკოვში აქციაზე წავიდა. პუშკინის სკვერიდან ხალხი პარკისკენ დაიძრა ყვირილით - არა ომს! მშვიდობა! უცებ ყველა შემოტრიალდა და უკან გაიქცა. ნინო მარტო დარჩა. უყურებდა, მისგან რამდენიმე სანტიმეტრში როგორ დააწვინეს ბიჭი სახით ასფალტზე და ბორკილები დაადეს. ნინომ გამოცლა მოასწრო. აქცია წუთებში მიმოიფანტა.
უკრაინაში შეჭრა და რუსეთში შეზღუდვები ნინოს მშობლებს საცხოვრებლის შეცვლისკენ კიდევ ერთხელ, უფრო მძაფრად უბიძგებს. დედას ოცნებად აქვს, ბათუმში ყვავილების ბიზნესი დაიწყოს, მაგრამ ბინის რემონტისთვის სახსრები არ ჰყოფნის. მამას ღვინის კეთება უნდა, მაგრამ ახლა ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს. ფიქრობენ, მოსკოვში სახლი გაყიდონ და იმ ფულით საქართველოში გადმოვიდნენ საცხოვრებლად.
თავად ნინო პირველად 2017 წელს დაფიქრდა თბილისში გადმოსვლაზე, რადგან აქ „გაცილებით მეტი ადამიანია, რომელიც თანაგიგრძნობს, რომელიც დაგეხმარება, უანგაროდ. მხოლოდ იმის გამო, რომ შენც ადამიანი ხარ და მეც“.
მაგრამ იმედი აქვს, რომ მოსკოვში მაინც მოახერხებს დაბრუნებას.
„აფხაზეთიდან დევნილ ნათესავებთან ვთქვი, მაინც იმედი მაქვს, დავბრუნდები მოსკოვში, ჩემს სახლში, სადაც დავიბადე და გავიზარდე-მეთქი. მათ მიპასუხეს, უკვე 30 წელია, იმედი გვაქვს, რომ დავბრუნდებით სოხუმშიო“, - ამბობს ის.
ახლა ნინო გეგმავს ქართული გაიუმჯობესოს და იქნებ, ახალი ვეგანური კაფეც გახსნას თბილისში.
„მინდა, რომ თბილისიც ჩემი სახლი გახდეს“, - ამბობს ის.