ევროპის კავშირი ირანს სანქციებს დაუწესებს რუსეთისთვის მოიერიშე დრონების მიწოდების გამო

ევროპის კავშირი ირანს სანქციებს დაუწესებს რუსეთისთვის მოიერიშე დრონების მიწოდებისთვის, რომლებსაც რუსეთის არმია უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ შეტევებში იყენებს.

ევროკავშირის წარმომადგენლებმა ოთხშაბათს მიაღწიეს ამის შესახებ შეთანხმებას. ფორმალურად სანქციები უნდა მოიწონონ ევროკავშირის სამიტზე, რომელიც ხუთშაბათს იწყება ბრიუსელში.

როგორც Reuters-ი იტყობინება, სანქციების სიაში მოხვდება ირანის სამი გენერალი, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბრიგადის გენერალი საიდ აღაჯანი, რომელსაც ადრე სანქციები დაუწესა აშშ-მა. როგორც იტყობინებიან, ის პასუხისმგებელია ირანის უპილოტო საბრძოლო ავიაციის განვითარებისთვის. ასევე სანქციები დაუწესდა დრონების მწარმოებელ კორპორაციას "Shahed Aviation Industries".

თეირანი და მოსკოვი ოფიციალურად უარყოფენ რუსეთისთვის ირანის დრონების მიწოდებას. უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც უკრაინაში ახორციელებენ იერიშებს, აქვთ რუსული სახელწოდება „გერან-2“. მაგრამ სპეციალისტების თანახმად, ისინი ირანული და არა რუსული წარმოებისაა.

უპილოტო საფრენი აპარატები აქტიურად გამოიყენებოდა უკანასკნელი კვირების განმავლობაში, ძირითადად უკრაინის ზურგში განლაგებული ობიექტების, მათ შორის ენერგეტიკასთან დაკავშირებული ობიექტების წინააღმდეგ. ახლახან კიევში საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული იერიშის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა ახერხებს დრონების ნაწილის ჩამოგდებას, მაგრამ ზოგიერთი მიზანს აღწევს და მნიშვნელოვან ზიანს იწვევს.

კიევმა ოფიციალურად დაადანაშაულა ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებაში. ირანის ელჩს უკრაინაში აკრედიტაცია შეუწყვიტეს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ხელისუფლებას შესთავაზა, ურთიერთობები გაწყვიტოს ირანთან.

სამშაბათს Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ირანი მზადაა, რუსეთს მიაწოდოს ახალი უპილოტო საფრენი აპარატები, ასევე ბალისტიკური რაკეტები.