ვლადიმირ პუტინი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას XX საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას უწოდებს და ყოფილ ე.წ. მოკავშირე რესპუბლიკებს რუსეთის „ინტერესების ზონად“ მიიჩნევს, საბჭოთა იმპერიის აღდგენის მცდელობამ, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი კატასტროფის წინაშე დააყენოს. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, რეგიონში გავლენის გაზრდის ნაცვლად, საპირისპირო შედეგი გამოიღო. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ამ რეგიონების ლიდერთა დამოკიდებულება იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი, ერთი შეხედვით, კარგავს კონტროლს პოსტსაბჭოთა სივრცეზეც, სადაც ახალი მოთამაშეები იძლიერებენ პოზიციებს.
რუსეთს უკრაინასთან ომში ფაქტობრივად ერთი მოკავშირეც კი არ ჰყავს ე.წ. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან. გამონაკლისი მხოლოდ ბელარუსია. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა პუტინის თანდასწრებით განაცხადა, რომ არც ომს დაუჭერდა მხარს და არც უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებს აღიარებდა.
პოლიტიკის ექსპერტებმა რუსეთის გავლენისა და მისი ლიდერის პოლიტიკური წონის შემცირების ნიშნად აღიქვეს ტაჯიკეთის აქამდე მუდამ მდუმარე პრეზიდენტის, ემომალი რაჰმონის მიერ არადიპლომატიური ტონით გამოთქმული ერთგვარი საყვედური ასტანაში გამართულ "ცენტრალური აზია-რუსეთის" სამიტზე.
"ჩვენ გვინდა, რომ გვაფასებდნენ", - ასე უსაყვედურა რაჰმონმა ვლადიმირ პუტინს ტაჯიკეთისადმი დამოკიდებულების გამო.
ვიტალი პორტნიკოვი, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის რედაქტორი, რომელიც აქტიურად მუშაობს რუსეთისა და მისი მეზობელი ქვეყნების ურთიერთობების საკითხებზე, ამბობს, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, სამარყანდში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (Shanghai Cooperation Organisation) სამიტზე გამოჩნდა, რომ პუტინი აღარ არის რეგიონის მეფე, ასტანის სამიტზე რაჰმონის მიმართვამ კი თვალსაჩინო გახადა ის გარემოება, რომ პუტინს არ შეუძლია მომავლის რამე სახის პერსპექტივა შესთავაზოს ისეთ პოლიტიკურ ფიგურასაც კი, როგორიც ტაჯიკეთის პრეზიდენტია.
უკრაინელი დიპლომატის, აშშ-ში უკრაინის ყოფილი ელჩის, ვალერი ჩალის თქმით, იმას, რაც რაჰმონმა რამდენიმე დღის წინ ასტანაში თქვა, ერთი ან ორი წლის წინ ვერ იტყოდა.
„რატომ არ გააკეთა მან უფრო ადრე? ვფიქრობ, ყველაფერი მარტივადაა: ცვლილებები ფაქტობრივად ბოლო თვეებში მოხდა, - ამბობს უკრაინელი დიპლომატი, - რუსეთის მთელი ძალები უკრაინაშია გადასროლილი, მათ შორის ცენტრალური აზიიდანაც, სადაც უკვე ეძებენ სხვა პარტნიორებს. ცხადია, ეს ყველაფერი ბოლო ექვს თვეში ვითარების ცვლილებით არის განპირობებული“.
რუსეთის როლისა და გავლენის შემცირებაზე მეტყველებს შეიარაღებული კონფლიქტის განახლება როგორც ცენტრალურ აზიაში (ყირგიზეთი-ტაჯიკეთი), ასევე კავკასიაში (სომხეთი-აზერბაიჯანი), სადაც რუსეთის პოზიცია და ჩართულობა ყოველთვის მნიშნელოვანი და გადამწყვეტი იყო.
„იცლება რა სისხლისგან უკრაინაში, რუსეთი კარგავს სხვა პოსტიმპერიულ კონფლიქტებზე მანიპულირების უნარს. რუსეთი იძულებული გახდა გაეყვანა თავისი ჯარები ამ რეგიონებიდან, რათა შეევსო დანაკარგები უკრაინაში, ამან კი აქტიური მოქმედების საშუალება მისცა სხვა რეგიონულ ძალებს, რომლებმაც, ბუნებრივია, ისარგებლეს რუსეთის პრობლემებით და თავიანთი პოლიტიკის გატარება დაიწყეს მოსკოვის მიერ გამოცხადებულ ე.წ. განსაკუთრებული ინტერესების ზონაში“, - ამბობს ჯეფრი მანკოფი, აშშ-ის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) თანამშრომელი.
ფიქციად ქცეული კუხო (ОДКБ)
რუსეთის, როგორც რეგიონული ჰეგემონის, რეპუტაცია განსაკუთრებით შელახა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ), სინამდვილეში კი თავად რუსეთის უძლურებამ და უმოქმედობამ, რომელმაც მთელი სიმძაფრით იჩინა თავი სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შეტაკების დროს 2022 წლის სექტემბერში.
ОДКБ-ს წესდება პირდაპირ ავალდებულებსს ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს ერთმანეთისათვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას, თუმცა, როგორც გამოჩნდა, ОДКБ-მ საერთოდ ვერაფერი გააკეთა სომხეთის დასაცავად, არადა ერევანმა ოფიციალურად მოუწოდა მოსკოვს, როგორც ОДКБ-ს ლიდერს, დახმარებოდა აზერბაიჯანის იერიშების მოგერიებაში.
სომხეთის მსგავსად, ОДКБ-ს წევრები არიან ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, თუმცა ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია ამ ქვეყნებისთვის, 2022 წლის სექტემბერში კვლავ განეახლებინათ წლების წინ ჩამცხრალი კონფლიქტი. ვერც ამჯერად შეძლო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ და, შესაბამისად, რუსეთმა კონფლიქტში ჩართულ ქვეყნებზე ზემოქმედების მოხდენა. ყირგიზეთმა საერთოდაც გააუქმა 2022 წლის ოქტომბრისთვის დანიშნული ОДКБ-ს სამხედრო წვრთნები.
„თუ აზერბაიჯანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შეუძლია იმოქმედოს რუსეთის აზრის გაუთვალისწინებლად, მაშინ სომხეთმაც უნდა გააცნობიეროს, რომ უსაფრთხოების გარანტიას, რომლითაც ის ნომინალურად სარგებლობს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებით, არანაირი ფასი და ძალა არ აქვს. ამასობაში, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა თავის თავზე აიღეს მოლაპარაკების დაწყება ბაქოსა და ერევანს შორის, გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით“, - ამბობს ჯეფრი მანკოფი.
ჩინეთი და თურქეთი
რუსეთის როლის დაკნინების კვალად რეგიონში გააქტიურდნენ ჩინეთი და თურქეთი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოანმა ომის პირველივე დღეებში განაცხადა, რომ თურქეთი არ აღიარებს არანაირ ტერიტორიულ ცვლილებებს და მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს ომი. ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა კი მხოლოდ ფორმალურად დაუჭირა მხარი რუსეთს და არც რეალური სამხედრო დახმარება გაუწია მოსკოვს და არც დასავლურ სანქციებს აუარა გვერდი.
ჩინეთმა და თურქეთმა მართლაც მნიშვნელოვნად გააფართოვეს თავიანთი ყოფნა ე.წ. პოსტსაბჭოთა სივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი აგრძელებს აზერბაიჯანის მხარდაჭერას, ანკარა პარალელურად ცდილობს საზღვრის გახსნას სომხეთთან და ურთიერთობების ნორმალიზებას ერევანთან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ანკარა რეგიონის ეკონომიკური გეოგრაფიის შეცვლის შესაძლებლობას ხედავს. ჯეფრი მანკოფის თქმით, სომხეთის ჩართვა ტრანზიტულ დერეფნებში (აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ კავკასიის გავლით) ხელს შეუწყობს კავშირების გაფართოებას ცენტრალურ აზიასთან და, ამავე დროს, შეამცირებს ერევნის დამოკიდებულებას რუსეთსა და ირანზე.
კიდევ უფრო სწრაფად იზრდება ჩინეთის გავლენა ცენტრალურ აზიაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ვაჭრობა და ინვესტიციები, განსაკუთრებით ცენტრალურ აზიაში, იზრდებოდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე დიდი ხნით ადრეც, სანქციებმა და რუსული ეკონომიკის მუდმივმა ვარდნამ, დააჩქარა რეგიონის ქვეყნების შებრუნება ჩინეთის ეკონომიკისკენ. იმის გამო, რომ უცხოური კომპანიები სანქციების გამო ტოვებენ რუსეთს, ჩინეთი სულ უფრო ხშირად იყენებს ცენტრალური აზიისა და კავკასიის სატრანზიტო მარშრუტებს ევროპის ბაზრებზე გასასვლელად. უხეში გათვლებით, 2022 წელს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაზე გატარებული ტრანზიტის მოცულობა 2021 წლის მაჩვენებელზე 6-ჯერ მეტი იქნება.
რას სთავაზობს რუსეთი
რეგიონის ქვეყნების მომავლის ხედვა დიამეტრულადაა აცდენილი რუსეთის გეგმებთან. ნათქვამის დასტურად, არკადი დუბნოვი, რუსი პოლიტოლოგი და ცენტრალური აზიის ქვეყნების ექსპერტი, იხსენებს მოსკოვის ინიციატივით ბოლო დროს მოწყობილ ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მეთაურთა გახშირებულ შეხვედრებს.
„გაიმართა, სულ ცოტა, ოთხი სამიტი, რომელთა მიზანი აშკარაა: რუსეთს სურს რეგიონიდან შექმნას საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო პოლიტიკის გარკვეული სუბიექტი. ეს არის ის, რაც დღეს ძალიან აწუხებს კრემლს, რის გამოც სპეციალური სამხედრო ოპერაციის ცხელ ფაზაში მოსკოვმა გადაწყვიტა გაემართა ცენტრალური აზიის ლიდერების შეკრება ფორმატით: „რუსეთი - შუა აზია“. ასეთი შეხვედრები ადრეც იმართებოდა, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. დროა კრემლმა გაიგოს, რომ ეს რეგიონი ხელიდან ეცლება, რადგან არავის სურს ჩაერთოს იმაში, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს. საუბარი იმაზე, რომ კონფლიქტის ზონაში შეიძლება გაიგზავნონ დამკვირვებლები ОДКБ-დან, სასწრაფოდ იქნა აღკვეთილი ასტანიდან, სადაც ნათლად განაცხადეს, რომ ასეთი რამ არ მოხდებოდა. უფრო რბილი, მაგრამ მსგავსი რეაქცია ჰქონდათ ტაშკენტშიც“, - ამბობს არკადი დუბნოვი, რომლის თქმით, კრემლის მომავლის ხედვა აბსოლუტურად არ შეესაბამება ცენტრალური აზიის ქვეყნების ინტერესებს, რომლებსაც სურთ ღია იყვნენ მთელი მსოფლიოსთვის:
„რუსეთი ხურავს ამ სამყაროს. ბუნებრივია, რომ ეცემა იმ ქვეყნის ავტორიტეტი, რომელიც პარტნიორებს ავტარქიის გზას სთავაზობს: ეს არანაირად არ შეესაბამება იმას, რაც დღეს ხდება ასტანაში, სადაც ცდილობენ ახალი სახელმწიფოს, მეორე რესპუბლიკის აშენებას“.
თუმცა, რუსეთის დასუსტების მიუხედავად, როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონების მომავალი მაინც სავსე იქნება სირთულეებით, რასაც, ძირითადად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩენილი და რუსეთის მიერ გაღვივებული კონფლიქტების ფაქტორი განაპირობებს.
„კონფლიქტები სომხეთსა და აზერბაიჯანს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის, აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია რუსეთის გავლენის ეროზიას, კიდევ უფრო მეტი ძალადობა და ტანჯვა მოუტანოს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთის გავლენის შემცირება შეიძლება გახდეს ამ რეგიონებში უფრო ძლიერი და სტაბილური სახელმწიფოების გაჩენის საფუძველი, რადგან რეგიონულ ელიტებს მოუწევთ მეტი პასუხისმგებლობის აღება საკუთარი პრობლემების გადაჭრაზე“, - ამბობს ჯეფრი მანკოფი, რომლის თქმით, „ახლაც კი, როდესაც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ორიენტირებულნი არიან უკრაინის დახმარებაზე, დროა მათ დაიწყონ ფიქრი იმაზე, თუ როგორ გამოიყვანონ პატარა ევრაზიული სახელმწიფოები რუსეთის ჩრდილიდან, - ინვესტიციების ნაკადი, სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობა და რეგიონული თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ცენტრალური აზიის უფრო დემოკრატიულ და უსაფრთხო რეგიონად გადაქცევის საქმეში, რუსეთის დამარცხების შემდეგ“.
რა ელის რუსეთსა და პუტინს?
ირანთან თანამშრომლობა და იმპერიის დაშლა - ასეთ მომავალს უწინასწარმეტყველებენ ანალიტიკოსები რუსეთს. არკადი დუბნოვის თქმით, ირანი ის ქვეყანაა, რომელსაც კარგად ესმის რუსეთის, თუმცა, ამის მიუხედავად, ოფიციალურად თეირანი პოზიციონირებს როგორც ნეიტრალური სახელმწიფო, რომელსაც მიაჩნია, რომ აუცილებელია ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის შენარჩუნება.
„მაგრამ ბიზნესი ბიზნესია, - ამბობს დუბნოვი, - ვგულისხმობ დრონების რუსეთისთვის მიწოდებას, რაც ოფიციალურად ჯერ არცერთ დედაქალაქში არ დაუდასტურებიათ. გარდა ამისა, ეს თანამშრომლობა ერთგვარი დემონსტრირებაა ერთ სანგარში ყოფნისა. ირანისთვის ხელსაყრელია აღმოსავლეთისკენ შეტრიალებულ რუსეთთან თანამშრომლობა. აღმოსავლეთში ირანს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ის ნაწილობრივ რუსეთის მოკავშირეა სირიის საკითხში. ირანი ასევე მნიშვნელოვანი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსის თვალსაზრისითაც. ირანი გარკვეულწილად უფრო სომხეთის მოკავშირე და ერთგვარი გეოპოლიტიკური სპონსორია. აქ რუსეთსა და ირანს ბევრი საერთო ინტერესი აქვთ“.
რუსეთი არც ჩრდილოეთ კორეასთან და არც სხვა მსგავს ქვეყნებთან თანამშრომლობაზე იტყვის უარს. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ანდრეი ზორინი ვარაუდობს, რომ რუსეთის მომავალი სწორედ იმ ავტორიტარული ქვეყნების ავანგარდშია, რომლებმაც, მათი მესიანისტური აკვიატებით, უნდა გაათავისუფლონ კაცობრიობა „ლიბერალური ინფექციისგან“:
„ეკონომიკურად, ჩინეთი უდავოდ პირველი ვიოლინოა ამ ალიანსში, მაგრამ რუსეთის წმინდა მხედრობამ უნდა უზრუნველყოს სამხედრო გამარჯვების ტრიუმფი, ამისთვის კი საჭირო იქნება ხალხის მოთმინება და მზადყოფნა, გაუძლოს მრავალ გაჭირვებას“.
ანდრეი ზორინი დარწმუნებულია, რომ რუსეთი იმ ფორმით, როგორც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, როგორც ევროპული ტიპის უზარმაზარი იმპერიული წარმონაქმნი, აღარ იარსებებს.
უკრაინელი დიპლომატის ვალერი ჩალის თქმით, პუტინმა დაუშვა უზარმაზარი შეცდომა, რასაც ყველა ხედავს და, რომლის პატიებას არავინ აპირებს.
„მან ჩაიდინა არა მხოლოდ ომის დანაშაული, არამედ დაუშვა კატასტროფული შეცდომა. არასწორი მიმართულებით წავიდა. ეს მისთვის დამღუპველი გადაწყვეტილებაა და ასეთივე შედეგი ექნება რუსეთისთვისაც. მკვლელს ნორმალურად არავინ მოექცევა. როგორიც უნდა იყოს ემომალი რაჰმონი, მის წინ ზის მკვლელი, რომელიც ორსულებს ხოცავს. ჩვენ ყველა ვნახავთ, რა იქნება მომავალ გაზაფხულზე: რაჰმონი აღარ მივა პუტინთან“, - ამბობს ვალერი ჩალი, უკრაინის ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში.